ტარიბნის გორასამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტარიბნის გორასამარხი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს ტარიბანად წოდებულ ადგილზე (საერთო სიმაღლე - 3 მ, ქვამიწაყრილის სიმაღლე - 2 მ, დიამეტრი - 40 მ). თარიღდება ძვ. წ. IV – III ათასწლეულების მიჯნით.

2002 წელს შეისწავლა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის არქეოლოგიური კვლევის ცენტრის და ქალაქ პალეს (გერმანია) მარტინ ლუთერის სახელობის უნივერსიტეტის ერთობლივმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელები : კ. ფიცხელაური, ა. ფურტვენგლერი). ძეგლი დაზიანებული იყო განძთმაძიებლების მიერ. ყრილის ქვეშ აღმოჩნდა დასაკრძალავი კუთხეებმომრგვალებული ორმო (სიგრძე - 3,3 მ, სიგანე - 2,2 მ, სიღრმე - 12მ. ) რომელიც დამხრობილია სამხრეთ - აღმოსავლეთიდან ჩრდილო - დასავლეთით. სამარხში აღმოჩნდა ერთმანეთზე დალაგებული ადამიანის 63 ჩონჩხი. მიცვალებულები (ასაკი 4-5 წლიდან 60 წლამდე) ესვენა კიდურებმოხრილი, მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე თავით სხვადასხვა მიმართულებით, სამარხში გამოვლინდა თიხის 29 ჭურჭელი - ფრაგმენტულად, აფსიდიანის ფუძემომრგვალებული ისრის პირი და ძვლის ორი კვირისთავი. სამარხეული კერამიკა დამზადებულია ხელით, თიხა წვრილ ან მსხვილ მარცვლოვანია. რამდენიმე შემთხვევაში დადასტურდა კენჭის მინარევიანი და წმინდა, განლექილ თიხაზე დამზადებული ჭურჭელიც მასალა უმეტეს შემთხვევაში კარგადაა გამომწვარი. ბადიების კეცი მკვრივია მოყვითალო - მოწაბლისფრო, ან ლეგა - მონაცრისფრო. ზოგიერთის ზედაპირი ხელითაა მოგლუვებული, ხშირად გვხვდება სუსტად ნაპრიალებიც. კეცებს ორივე პირზე (სიმეტრიულად) ან ერთ მხარეს მიძერწილი აქვს შვერილები. გამორჩეულია ერთი ჭურჭელი, რომელსაც პირთან, ერთ მხარეს, მიძერწილი აქვს ერთმანეთთან მიჯრილი ორი (,,ტყუპი’’) შვერილი. ტოლჩებისთვის დამახასიეთებელია ცალ ან ორივე მხარეს მიძერწილი ყურები. მათ, ქოთნებთან ერთად, კარგად ეტყობათ მხარზე გარდატეხის ხაზი (წიბო). ერთი ჭურჭლის დაზიანებულ შიდა პირზე ჩანს ქსოვილის ანაბეჭდი. საყურადღებოა ჯამი, რომელიც სავარაუდოდ, სწორკედლიანია, პირთან სიმეტრიულად მიძერწილი ორი პატარა ყურით. სამარხს სამხრეთ - აღმოსავლეთიდან უერთდება დრომოსი (სიგრძე - 1 მ.), რომლის სიგანე ველის დონეზე 0,5 მ-ია, კამერასთან- 1მ. და მთავრდება საფეხურით (სიმაღლე - 0,25 მ.). დრომოსის ორივე გვერდი ამოშენებული იყო მცირე ზომის რიყის ქვის ერთი რიგით. დრომოსსა და კამერის შეშასვლელში ჩნონჩხების უმეტესობა მცირეწლოვანი ბავშვებისა იყო. კამერის ჩრდილოეთის კედელთან აღმოჩდა ცხოველის (თხა თუ ცხვარი) თავის ქალა. სამარხის ცენტრში რამდენიმე მიცვალებულია, სავარაუდოდ, ცხოველის ტყავშია გახვეული. ბორცვზე აღმართული ყოფილა რიყის და ქვიშაქვის ორ ათეულებამდე მრგვალი ან კონუსური სტელა (სიმაღლე - 0,4 მ-დან 1,2 მ-მდე, სიგანე - 0,4-0,5 მ). მსგავსი სტელის ფრაგმენტები მიმოფანტულია სამარხის მიმდებარე ტერიტორიაზე. მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]