ქვემო ქედის მეტალურგიული სახელოსნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქვემო ქედის მეტალურგიული სახელოსნო — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ქვემო ქედის ტერიტორიაზე, დიდი შირაქის ველის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის VI საუკუნით. აღმოჩენილი იქნა 1963 წელს სკოლის ახალი კორპუსის მშენებლობის დროს. შეისწავლა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ.

სახელოსნოს 50-მდე ჰექტარი უკავია და ოდნავ დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთით. სახელოსნოს სახელურები გამართულია კირნარევ თიხნარში, მოქცეულია 0,7 მეტრი სიმძლავრის, თიხნარევი ნაცრისა და ნახშირისგან შემდგარ, ნაძრავ კულტურული ფენის ქვეშ. ძეგლი შეიცავს ცალკეულ ორმოებსა და კომლექსურ სათავსებს. თითოეული მათგანი გეგმით მომრგვალებულია, თაღოვანი. სათავსების ზომები განსხვავებულია. სიღრმე მერყეობს 0,2 მეტრიდან 2,3 მეტრამდე, დიამეტრი 1-2 მეტრამდე. გამოყენების შემდეგ ორმოებსა და სათავსებს იმთავითვე ავსებდნენ წარმოების გადანაყარით, ნაცრითა და ნახშირით. როგორც ჩანს, ქურა სწრაფად გამოდიოდა წყობიდან და მისთვის ახალ კომპლექს აგებდნენ საიდანც გადანაყარს ძველ კომპლექსში ყრიდნენ. ამის გამო კარგად არის დაცული თიხაში ამოჭრილი კარი, საფეხური, თახნა და სხვა. ზოგიერთი ორმო თიხითაა ამოვსებული. სავარაუდოდ ისინი თიხის დასაძველებელ ორმოებს წარმოადგენენ. სახელოსნო შედგება სხვადასხვა რაოდენობის ერთმანეთთან დაკავშირებული ნაგებობისგან. ყველა დამხმარე სათავსი უკავშირდება ცენტრალურს, სადაც მოთავსებულია ქურა, რომლის ნახევარწრიული ფსკერი, შუაში, მაგიდასავითაა შემაღლებული, ამ შემაღლებისა და ქურის კედლების შელესილობის პირვეელი ფენა ნაცრისა და თიხის ნარევია. ქუდის კედლები და ფსკერი შელესილია ბზენარევი თიხით. სახელოსნოს ტერიტორიაზე გამოვლინდა თიხის დიდ ჭურჭელში ჩაწყობილი ბრინჯაოს ორმოცი, ეგრეთ წოდებული კახური ტიპის მთლიანადსხმული მახვილი, კირქვის ტუფოგენური ქვიშაქვის მარცვლოვანი პორფორიტის მადნის გასაფხვიერებელი, სხვადასხვა ზომის მრგვალი ქვები. სპილენძისა და დანალექებიანი ტიგელები, ქვისა და ხის ყალიბები, ამოხვრეტილი ქვები, რომელშიც ლითონია ჩასხმული, სხავდასხვა ზომის ნახვრეტებიანი თიხის საცრები, განსხვავებული ფორმის სადგრები, ძვლის კოვზი, თიხის მაღალფეხიანი და ღარების მქონე, რქებიანი სადგრის მსგავსი თიხის დიდი ნივთები, მუფელის ფრაგმენტები; შეკაზმული ცხენის ქანდაკების ფრაგმენტი, თიხის ნაპრიალზედაპირიანი ჭურჭელი; ქვევრები, ბორბლის იმიტაცია და სხვა.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]