ტახტიფერდას ნამოსახლარი
ტახტიფერდას ნამოსახლარი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ თავწყაროდან სამხრეთით, დაახლოებით 2 კილომეტრზე. ძეგლზე წარმოდგენილია სხვადასხვა პერიოდის კულტურული ფენები. უძველესი ფენა თარიღდება ძვ .წ. XVII საუკუნით. უახლოესი ძვ. წ. X–VII საუკუნეებით.
ნამოსახლარი ბუნებრივი ბორცვია, რომლის ჩრდილოეთ ფერდობზე ხელოვნური ტერასაა შექმნილი. ნამოსახლარი აღმოაჩინეს 1989 წელს. ბორცვის თხემზე მცირე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შირაქის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. 1989 წელს გაკეთდა 10 მეტრის კვადრატები და ორი სადაზვერვო თხრილი. 1990 წელს თხრილებზე განახლებული სამუშაოების დროს, მრავლად აღმოჩნდა თიხის სხვადასხვა ჭურჭლის ფრაგმენტები. ბრინჯაოს ბრტყელი ცული, მახათი და და სამეურნეო დანიშნულების ორმოები. იმავე დანიშნულების ორმოები გაითხარა 1991 წელსაც. 2002 წლიდან ძეგლით დაინტერესდა ქალაქ ჰალეს მარტინ ლუთერის არქეოლოგთა ჯგუფი, მაგრამ მათ სამუშაოები პრაქტიკულად არ ჩაუტარებიათ. 2002-2006 წლებში გათხრები არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან ერთად გაგრძელდა გერმანიის არქეოლოგიურ ჯგუფთან ერთად, რომელთან ერთადაც სამი წელი იმუშავა. ნამოსახლარზე 2004 წელსვე გაითხარა შუა ბრინჯაოს ხანის კულტულური ფენის მქონე ნაციხარი სავარაუდოდ, აქ ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისში თავდაპირველად აუგიათ მძლავრი დასახლებული პუნქტი, რომელიც დაცული იყო თიხის გალავნით. დასახლება რამდენჯერმე განადგურებულა. შუა ბრინჯაოს ხანის საკმაოდ განვითარებულ საფეხურზე მისთვის შემოუვლიათ მძლავრი თავდაცვითი ზღუდე-გალავანი, რომლის შიდა ნაწილი ხის გადაჯვარედინებული მორების ბადითაა ნაგები, ბადის შიდა ღიობები ქვა-ღორღით ყოფილა შევსებული. გალავანს ორივე მხრიდან ქვის სქელი პერანგი აქვს. ბორცვის ზედაპირზე შემორჩენილი ქვის საძირკვლის მიხედვით, ციხეში შესასვლელი დასავლეთის კედელში იყო დატანებული, რომელსაც ორივე მხრიდან იცავდა გალავანში ჩაშენებული ოთხკუთხა კოშკები. ერთ-ერთი კოშკის წინ კედლის სიგრძე 9 მეტრია.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 294.