ნაზარლების ნამოსახლარები და სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ნაზარლების ნამოსახლარები და სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დიდი შირაქის ველის სამხრეთ განაპირას, ნაზარლების მთიანეთის აღმოსავლეთ მონაკვეთის სამხრეთ კალთის ძირში. თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის II ნახევრით და ძვ. წ. I ათასწლეულის საწყისი საუკუნეებით.

ძეგლი აღმოჩენილია 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ წარმოებული დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური) ერთ-ერთი ნამოსახლარი გამოვლინდა თავმრგვალი გორის თხემზე. წრიულ ციტადელს (დიამეტრი — 80 მეტრი) გარშემოუყვება ორმაგი სათავდაცვო ზღუდე (ტერასა). მეორე ტერასის სიგრძე – 10-დან 30 მეტრამდეა. სიმაღლე – 2-3 მეტრი. ორივე ზღუდეზე, ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანს კარიბჭე. მეორე კარიბჭესთან აღმოჩნდა 4-5 მეტრის სიგანის შესასვლელი, რომლის ორივე მხარეს გაიწმინდა რიყის ქვის მშრალი წყობით ნაშენი, ოთხკუთხა კოშკის ფრაგმენტები.

მცირე შესასვლელი დასტურდება მეორე სათავდაცვო ზღუდის ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთშიც. ციტადელის ჩრდილოეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ფერდობს ესაზღვრება ქვედა ქალაქი (სიგრძე - 400 მეტრი, სიგანე - 300 მეტრი), რომელიც ნამოსახლარის მსგავსი სათავდაცვო ზღუდით ყოფილა გამაგრებული. ზღუდის ნაშთი განსაკუთრებით კარგად შეიმჩნევა ქალაქის დასავლეთ ნაწილში, სადაც კიდევ ერთი შესასვლელი ფიქსირდება. ამ დასახლებიდან სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 2 კილომეტრზე, მეორე ნამოსახლარია, რომლის ზედა კულტურული ფენა ტრაქტორებითაა მოსწორებული და ზედ სხვადასხვა დანიშნულების სათავსებია აშენებული. შემორჩენილია სათავდაცვო ზღუდის ნაწილი (აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის მხარეს) და ოვალური ფორმის ქვედა ქალაქი (სიგრძე — 270 მ, სიგანე, ზოგ ადგილას — 200 მეტრი).

სათავდაცვო ზღუდიანი დანარჩენი ორი ოვალური ნამოსახლარი (ერთის სიგრძე – 120 მეტრი, სიგანე – 80 მეტრი, მეორეს სიგრძე – 150 მეტრი, სიგანე – 80 მეტრი), უფრო აღმოსავლეთით, თითო კილომეტრის დაცილებითაა განლაგებული.

ოვალურია აგრეთვე ნაზარლების სერის უკიდურეს დასავლეთ ნაწილში აღმოჩენილი ნამოსახლარი (სიგრძე - 100 მეტრი, სიგანე - 70 მეტრი), რომელსაც დასავლეთ მხრიდან დამრეცი ფერდობი აქვს. აღმოსავლეთ, ჩრდილოეთ და სამხრეთ მხრიდან კი 4-5 მეტრი სიმაღლის ხელოვნური ზღუდე, რომლის ცენტრში შეინიშნება ორი შემაღლება. ასეთივე შემაღლება სამხრეთ-დასავლეთ ნაწილშიცაა. ნაზარლების მთიანეთის სამხრეთ კალთაზე გამოვლენილი ნამოსახლარი ელიფსურია, დაგრძელებულია სამხრეთ-აღმოსავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთით (ციტადელის სიგრძე - 50 მეტრი, სიგანე - 35 მეტრი). ნამოსახლარს სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ღრმა ხეობები აკრავს. დანარჩენ მხარეს ციტადელს შემოსდევს გარე. დიდი დასახლება და სათავდაცვო ზღუდე.

ნამოსახლარებიდან 0.2 კილომეტრზე, ჩრდილოეთით, ველზე. გაფენილია თავისებური აგებულების მქონე სამაროვანი, რომელიც გამორჩეულია ძვ. წ. I ათასწლეულის ყველა სამაროვნიდან კავკასიაში. თავდაპირველად უშუალოდ ველის ზედაპირზე გაუმართავთ შუა ბრინჯაოს ხანის მცირემიწაყრილიანი, ორმოიანი სამარხი, რომელიც ქვის ჯავშნით იყო დაფარული. უკვე ძველი წელთაღრიცხვით XII საუკუნიდან აქ მასიურად იმართებოდა მცირე გორასამარხული და მათ ყრილში ჩაშვებული სამარხები. ერთ-ერთ მათგანში მიცვალებულების ჩონჩხი (დაკრძალულია მარჯვენა გვერდზე. კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილოეთით) და მის ირგვლივ მდებარე ინვენტარი ხის სარეცელზე უნდა ყოფილიყო განლაგებული. ზოგიერთი სამარხი კირნარევი ქვის ზვინულისა და კირხსნარით გადალესილი ფენის ქვეშაა განთავსებული. სამარხები გაძარცულია.

დაცვის მიზნით ისინი ადგილობრივ მოსახლეობას მიწის დიდი, საერთო ზვინულით დაუფარავს, ამან სამაროვნის ტერიტორიაზე რამდენიმე მოზრდილი ბორცვი შექმნა. ტერიტორიამ კი წმინდა ადგილის მნიშვნელობა შეიძინა. აქ რამდენიმა საუკუნის განმავლობაში ნაზარლების დასახლების მკვიდრთ მიჰქონდათ წინაპრების მოსახსენიებელი შესაწირავი. სამაროვანზე მოძიებულია სამასეულამდე თიხის ჭურჭელი. შესაწირავ ინვენტარში დადასტურებულია ადამიანის მოკვეთილი ხელის სხივის ძვალი და მტევანი, ბრინჯაოს სამაჯურები, ბეჭდები, კახური ტიპის, შედგენილტარიანი სატევარი, ნალისებრი გულსაკიდი ძეწკვით, ნემსები, სარდიონის მძივები, წვრილფეხა საქონლის ძვლები და ასე შემდეგ.

შენაწირ კომპექსებში ყველაზე გვიანდელია ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისის არტეფაქტები. სავარაუდოდ, ამ დროიდან წყდება ნაზარლების სამოსახლოს არსებობაც.

აკრეფილი მასალა ინახება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]