მწარეწყლის სამაროვანი
ზემო მაჩხაანის მწარეწყლის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს მდინარე ივრის მარცხენა ნაპირას, მშრალი ხევების, მწარეწყლის, კოდისხევის და ბაზარხევის შესაყარზე. თარიღდება ძველი წელთაღრიცხვით II ათასწლეულის I ნახევრით.
გაითხარა 1997 წელს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის, კახეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ექსპედიციის ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური, რაზმის ხელმძღვანელი შ. დედაბრიშვილი). ხუთი გორასამარხიდან პირველი სამი გაძარცული იყო. დანარჩენი გორასამარხების ოთხკუთხა, კუთხეებმომრგვალებული, ორმოიანი სამარხები ჩაჭრილი იყო ღორღნარევ მიწაში. მათგან ერთი გორასამარხის (№ 4) ორმო (სიგრძე — 3 მეტრი, სიგანე — 2,5 მეტრი, სიღრმე — 2,5 მეტრი) დამხრობილი იყო აღმოსავლეთიდან დასავლეთით. იგი ჭილოფგადაფარებული ძელებით ყოფილა გადახურული, ჭილოფზე დადასტურდა წითელი ოქროს კვალი. სამარხში აღმოჩნდა მსხვილფეხა საქონლის ძვლები და თიხის ხელით ნაძერწი შვიდი ჭურჭელი: ქვიშანარევი თიხის კარგად გამომწვარი, შავპრიალა, კოპლებით და ამოღარული ხაზებით შემკული დერგი; ქვიშანარევი, კარგად გამომწვარი, მოწითალო ჯამი; მოვარდისფრო-მონაცრისფრო სამარილე და სამი ქილა. სამარხეული ჭურჭლიდან ზოგი ფრაგმენტებითაა შემორჩენილი.
მსგავსი ჭურჭელი გამოვლინდა მეორე (№5) გორასამრხის ორმოშიც (სიგრძე — 2 მეტრი, სიგანე — 1,4 მეტრი, სიღრმე — 2,3 მეტრი). გორასამარხებში მიცვალებულის ჩონჩხი არ აღმოჩენილა. სავარაუდოდ, აქ დაკრძალვის წესი შუა ბრინჯაოს ხანაში გავრცელებული კრემაცია უნდა ყოფილიყო.
მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 281.