შინაარსზე გადასვლა

ოზაანის მონეტების განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ოზაანის მონეტების განძი — არქეოლოგიური ძეგლი აღმოჩნდა სოფელ ოზაანის სავარგულებში. ყველაზე ადრინდელი მონეტის თარიღი 531-532 წლებია. ჩამარხული უნდა იყოს VII საუკუნის მეორე ნახევარში. განძში თავმოყრილია სასანელთა ორმოცდაორ ზარაფხანაში მოჭრილი ფული. თავდაპირველად იგი შეაგროვა და კახეთის არქეოლოგიურ ექსპედიციას გადასცა (552 მონეტა) მხარეთმცოდნე და პედაგოგმა ი. მენთეშაშვილმა. მოგვიანებით, განძის აღმოჩენის ადგილის მახლობლად, არქეოლოგიური კვლევის ცენრტრის და კხეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური) დაზვერვითი სამუშაოების დროს აღმოაჩინა განძის დარჩენილი ნაწილი (1278 ვერცხლის მონეტა). აქედან 1268 სასანურია, 10 კი — ბიზანტიური. სასანური მონეტებიდან სამი შაჰინ-შაჰის სახელით არის მოჭრილი, დანარჩენი — ხოსრო I-ის ანუშირვანის, ჰორმიზდ IV-ის და ხოსრო II ფარვიზისა. ბიზანტიური მონეტები ერთობლივია — იმპერატორ ირაკლის და მისი ვაჟების ირაკლი-კონსტანტინესა და ირაკლიონის. მონეტაგან ზოგი უცნობია, გამოუქვეყნებელი. განძი ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში.