შინაარსზე გადასვლა

ჩალიანხევის გორასამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩალიანხევის გორასამარხიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს დიდი შირაქის ველზე, ჩალიანხევის მარჯვენა მხარეს. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის I ნახევრის ბოლო საუკუნეებით. 2000 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა აკც-ის კაე-მ (რაზმის ხელმძღვანელი ვ. ვარაზიშვილი).

გორასამარხი კატაკომბურია (დიამეტრი — 20 მ. სიმაღლე — 1 მ). განძის მაძიებლებს იგი დაუზიანებიათ ორი შურფით, რადგანაც ერთს ჩაუჭრია დრომოსი, ხოლო მეორეს დასაკრძალავი კამერა. დასაკრძალავი კამერა ოვალურია, გუმბათოვანი (სიმაღლე — 1 მ. სიგრძე — 2,65 მ. სიგანე — 2 მ.), დამხრობილია აღმოსავლეთიდან დასავლეთით; გამოჭრილია ყვითელ თიხნარში — 3 მ სიღრმეზე. კამერაში აღმოჩნდა ოთხი სხვადასხვა გვერდზე მწოლარე, კიდურებმოხრილი ჩონჩხი, თავით ჩრდილო-აღმოსავლით ან ჩრდილო-დასავლეთით. სამარხის იატაკზე იდო ერთი ბრტყელი ქვა, რომლის გარშემოც (სამარხის დამზიანებელთა ცნობით) შემოწყობილი ყოფილა ექვსი თავის ქალა. სამარხში გამოვლინდა თიხის ექვსი ჭურჭელი: ჯამი, ორი ბადია, ორი თუნგულა და ტოლჩა. ხუთი მათგანი დამზადებულია სილანარევი, ერთი ბადია კი — განლექილი თიხისაგან. ჭურჭელი მოწაბლისფრო-მოწითალოა ან მონაცისფრო, ნაპრიალები. ზოგი პირვიწროა, შიგნით შეზნექილი. ჯამს ერთ მხარეს მიძერწილი აქვს მცირე, გამჭოლი ხვრელის მქონე, ჰორიზონტალური შვერილი. ბადიას, პირს ოდნავ ქვემოთ წვერით ქვევით მიმართული, მცირე გამჭოლხვრელიანი, კონუსური კოპი აქვს. როგორც ტოლჩისა და თუნგულებს ყელსა და მხარზე მიძერწილი აქვსთითო ყური, ორი მცირე ყური მიძერწილი აქვს ბადიასაც.

დასაკრძალავ კამერას აღმოსავლეთ მხრიდან უკავშირდებოდა დრომოსი (სიგრძე — 3 მ.), რომელიც იწყებოდა ველის დონეზე და ირიბად ჩადიოდა დასაკრძალავი კამერის შესასვლელ ხვრელთან (სიმაღლე — 0,5 მ.), სადაც იგი მთავრდებოდა საფეხურით (სიმაღლე — 0,7 მ. სიგანე —0,8 მ.). დრომოსი მიწითა და რიყის ქვით იყო ამოვსებული. იგი ველის დონეზე გადახურული იყო დიდი, ბრტყელი ქვებით. დრომოსში დადასტურდა ხუთი მიცვალებული. მხოლოდ ერთ ჩონჩხზე შეიმჩნეოდა, რომ მიცვალებული დაკრძალული იყო მარჯვენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით ჩრდილო-აღმოსავლეთით.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.