სამრეკლოს ენამთის გორასამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

სამრეკლოს ენამთის გორასამარხიარქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში. მდებარეობს სოფლის სავარგულებში, ალაზნის ველზე, წნორი-სამთაწყაროს გზის მარჯვენა მხარეს, ენამთად წოდებულ ადგილზე. თარიღდება ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრით. აღმოჩნდა 1984 წელს მიწის დამუშავების დროს. ძეგლი, რომელსაც ქვამიწაყრილი უკვე გადაცლილი ჰქონდა, გაითხარა 1985 წელს, არქეოლოგიური კვლევის ცენტრის შირაქის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღვანელი ბ. მაისურაძე). მიწის ზედაპირიდან 0,85 მ სიღრმეზე გამოვლინდა უსწორმასწორო კედლების მქონე კოლექტიური სამარხი ორმო (4x4 მ). ძეგლის იატაკის დონე მდებარეობდა 1,9 მ სიღრმეზე სამარხის ცენტრალურ ნაწილში. აღმოჩნდა ძირითადი მიცვალებულის ჩონჩხი, რომელიც დაკრძალული იყო მარცხენა გვერდზე, თავით დასავლეთით. ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში კი მიხვეტილი იყო ხუთი მიცვალებულის თავის ქალა და ძვლები. სამარხში გამოვლინდა ოქროს ხვია, პასტის მრგვალი რვა მძივი, ცრემლისებრი სამი მძივსაკიდი, ძვლის სამკუთხა გულსაკიდი, ბრინჯაოს ოთხწახნაგა ბიპირამიდული ისპირი და ოთხწახნაგა სადგისი (ისპირი); ხელით ნაძერწი 16 თიხის ჭურჭელი, დერგი, ხელადა, ორი ტოლჩა, სამ-სამი ჯამი და ქოთანი, ხუთი ბადია და თიხის ჭურჭლის პირ-გვერდის მცირე ფრაგმენტები. ხელადა მკვრივი, წვრილი თეთრმინარევიანი თიხით არის ნაძერწი. დანარჩენი ჭურჭლები — უხეში, ქვიშის ან ქვიშის და წვრილი თეთრმინარევიანი თიხით. კერამიკა არათანაბრადაა გამომწვარი. უმრავლესობა მოყავისფრო-მონაცრისფროა. ჭურჭელს ალაგ-ალაგ შავი, რუხი და ყვითელი ფერის ლაქები აქვს. ზოგიერთი ჭურჭლის ზედაპირი პრიალაა, ზოგიერთი - სუსტადაა ნაპრიალები. სამარხეული დერგის მხარზე, ერთმანეთის საპირისპიროდ, ორი მცირე შვერილია დაძერწილი. მსგავსი შვერილები მიძერწილია ჯამისა და ბადიის პირზეც, უყუროა ორი ჯამი და ბადია. იმ ჭურჭლებს სამარხის სხვა ფართოპირიანი ჭურჭლებისგან განსხვავებით ოდნავ შიგნით გადახრილი პირი აქვს. სამ ბადიას, პირზე და მხარზე, ერთმანეთის მოპირდაპირედ, ზემოდან მომრგვალებული და შიგნიდან ბრტყელი, მცირე ზომის ორი ყური აქვს მიძერწილი. ასეთივე ოღონდა ცოტა მოზრდილი ყურები აქვს სამარხის ქოთნებსაც. ტოლჩებსა და ხელაზე ყური ძირს ქვემოთ და მხარზე დაძერწილი ორ ჭურჭელზე (ქოთანზე და ტოლჩაზე) შეინიშნება შედრეკილი ძირი. სამარხში გამოვლინდა აგრეთვე მსხვილფეხა საქონლის ძვლები და ხარის მთლიანი თავის ქალა.

მასალა ინახება ქალაქ დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]