ოლეს სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ოლეს სამაროვანიარქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფელ ზემო მაჩხაანის სამხრეთით, ოლეს მინდორზე. 1961 წელს აღმოაჩინეს გორასამარხების ველი, დაახლოებით 100-მდე სამარხით. ზედაპირულად აკრეფილი მასალის მიხედვით, სამარხები დათარიღდა შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიჯნით. 1970 წელს ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები ჩაატარა ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ექსპედიციის ხელმძღვანელი კონსტანტინე ფიცხელაური). შესწავლილ სამარხთა შორის დიდი გორასამარხები თითო-ოროლა იყო, მცირე ზომისა კი მრავლად. დიდ გორასამარხთაგან ერთი მათგანი ქვაყრილიანია, ღრმა, ფართო, ოთხკუთხა ორმოთი. სამარხი გაძარცული აღმოჩნდა, მაგრამ მოპოვებული თიხის ჭურჭლის ნატეხების მიხედვით იგი შუა ბრინჯაოს ხანის თრიალეთური კულტურის ძეგლია. მცირე გორასამარხების ქვაყრილის დიამეტრი მერყეობს 6-დან 12 მეტრამდე, სიმაღლე საშუალოდ, 1 მეტრამდეა. ქვაყრილების ქვეშ, ცენტრალურ ნაწილში, ოთხკუთხა, მოგრძო ორმოა (სიღრმრე 0,85-1,1 მეტრი, სიგანე 1,4-1,7 მეტრი, სიგრძე 1,7-2,5 მეტრი). სამარხები ინჰუმაციურია. მიცვალებული წევს მარჯვენა ან მარცხენა გვერდზე, კიდურებმოხრილი, თავით დასავლეთისკენ ან ჩრდილოეთ-დასავლეთისკენ მიმართული. ძეგლზე მცირე რაოდენობით აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, მათი დამუშავებისა და შემკულობის მიხედვით, ეს სამარხებიც შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის მიჯნით თარიღდება. სავარაუდოდ, ამ სამაროვნებზე პირველი სამარხები გაუმართავთ შუა ბრინჯაოს ხანის მიწურულში. სამარხთა უმეტესობა კი მომდევნო ხანის დასაწყისით თარიღდება.

მოპოვებული არქეოლოგიური მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის გურჯაანის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]