შინაარსზე გადასვლა

ზილჩის ველის გორასამარხები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ზილიჩის ველის გორასამარხები)

ზილჩის ველის გორასამარხები — ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისა და II ათასწლეულის I ნახევრის არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში. მდებარეობს ივრის ზეგანზე, ქვემო ქედის დასახლების აღმოსავლეთით, ზილჩის ველზე (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი).

ზილჩის გორასამარხების ჯგუფი გამოავლინა და მისი შესწავლა დაიწყო 1981 წლიდან არქეოლოგიურმა კვლევების ცენტრის კახეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (კ. ფიცხელაური, ზ. მახარაძე; გაითხარა გორასამარხი №1) და გააგრძელა შირაქის ექსპედიციამ (ბ. მაისურაძე; გაითხარა გორასამარხები №2–10). სამარხები განსხვავებულად დათარიღდა: გორასამარხები №1 თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის დასაწყისით; №2 (ძირითადი, ქვედა დონის სამარხი) — ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულით; ჩაშვებული, ზედა დონის სამარხი — ძვ. წ. II ათასწლეულის პირველი ნახევრით; №3 — ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულით; №4 — ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევრით; №5 — შუა ბრინჯაოს ხანის დასასრულით; №6 და №8 — დაუთარიღებელია დაზიანებისა და გაძარცვის გამო; №7 — შუა ბრინჯაოდან გვიანი ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი ხანით; №9 და №10 — ცრუ სამარხებია.

გაითხარა ქვაყრილიანი გორასამარხი (დიამეტრი 14 მ, სიმაღლე 0,8 მ), რომელიც გარშემო ქვის ლოდებით იყო შემოსაზღვრული. ქვაყრილის ქვეშ გამოვლინდა მართკუთხედის ფორმის, კუთხეებმომრგვალებული, ქვით ამოვსებული სამარხი (ორმოს სიგრძე 3,3 მ, სიგანე – 2 მ), რ-იც გადახურული ყოფილა ხის ძელებით. სამარხი დამხრობილია ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ. სამარხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, 2,2 მ სიღრმეზე, აღმოჩნდა მიცვალებულის ძვლები. იგი ესვენა მარჯვ. გვერდზე, მოხრილი კიდურებით, თავით დასავლეთისკენ. მიცვალებულის ყელთან გამოვლინდა მთის ბროლის მძივი, ხელებთან — ბრინჯაოს მახვილი და თიხის სასმისი, ზურგს უკან — მეორე სასმისი. სავარაუდოა, რომ იგი ხის სარეცელზე ესვენა. ჩონჩხის ქვეშ, ორმოს ძირზე აღმოჩნდა თიხის ქილა, მიცვალებულის ფერხთით იყო ბატკნის მთლიანი ჩონჩხი, 2 დერგი (ერთ მათგანში ქოთანი იდო), ცხოველის ძვლები და ძროხის ჩონჩხი თავის ქალის გარეშე. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი სარეცლის ქვემოთ იყო მოთავსებული. სამარხში აღმოჩენილი თიხის 2 სასმისი, ქილა, ქოთანი სამზარეულო დანიშნულებისაა, გამოვლენილი 2 დერგი — სამეურნეო დანიშნულების. მასალა ინახება სიღნაღის მუზეუმში.

  • რუსიშვილი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014.
  • Махарадзе З., Курган №1 Долины Зилича, Тб., 1986.
  • Пицхелаури К., Мамаиашвили Н. и др., Кахетская археологическая экспедиция, კრ.: Полевые археологические исследования в 1981 году, Тб., 1984.