შინაარსზე გადასვლა

ტარიბნის ტაფობის პირველი ნამოსახლარები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ტარიბნის ტაფობის პირველი ნამოსახლარები — არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში. ერთი ნამოსახლარი მდებარეობს ტარიბნის ტაფობის სამხრეთაღმოსავლეთით, კოწახურის ქედის აღმოსავლეთ მონაკვეთში. მეორე — ჩრდილო-დასავლეთით, დაბალ სერზე. მესამე კი, იქვე — მაღალ სერზე. თითოეული მათგანი თარიღდება ძვ. წ. II ათასწლეულის ბოლო და I ათასწლეულის დასაწყისით.

ძეგლი აღმოჩენილია 2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული არქეოლოგიური დაზვერვების დროს (ხელმძღვანელი კ. ფიცხელაური). პირველი ნამოსახლარი (სიგრძე — 150 მ, სიგანე — 50 მ.) დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებით. გარშემოუყვება დაბალი სათავდაცვო ზღუდე. მეორე ნამოსახლარი ოვალურია (სიგრძე — 80 მ, სიგანე — 30 მ.), წაგრძელებულია ჩრდილო-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთით. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან გასდევს ფლატე. დანარჩენ მხარეს სათავდაცვო ზღუდე გარშემოუყვება. აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულებითაა დამხრობილი III ნამოსახლარი (სიგრძე — 45 მ, სიგანე — 20 მ.). ძეგლის სამხრეთ მხარე მთლიანად ფლატეა დანარჩენი კი — ციცაბო ფერდობი, რომელსაც გარშემოუყვება მაღალი თავდაცვითი ზღუდე.