შინაარსზე გადასვლა

ლეონიდ ბრეჟნევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლეონიდ ბრეჟნევი
ლეონიდ ბრეჟნევი
საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის
პირველი მდივანი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
14 ოქტომბერი, 1964 – 10 ნოემბერი, 1982
წინამორბედინიკიტა ხრუშჩოვი
მემკვიდრეიური ანდროპოვი

დაბადებული1 იანვარი, 1907
კამენსკოე, ეკატერინოსლავის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვლილი10 ნოემბერი, 1982 (75 წლის)
მოსკოვი, რუსეთის სფსრ
ეროვნებარუსი
პოლიტიკური პარტიაკომუნისტური პარტია
მეუღლევიქტორია ბრეჟნევა
შვილებიგალინა (1929)
იური (1933)
რელიგიაათეისტი
ხელმოწერა

ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევი (რუს. Брежнев, Леонид Ильич; დ. 1 იანვარი, 1907 [ძვ. სტ. 19 დეკემბერი, 1906], ქ. კამენსკოე, ამჟამად დნეპროძერჟინსკი (უკრაინა) — გ. 10 ნოემბერი, 1982, მოსკოვი) — საბჭოთა პოლიტიკური, სახელმწიფო და პარტიული მოღვაწე. სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი (1964–1966), სკკპ ცენტრალური კომიტეტის გენერალური მდივანი (1966–1982), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1960–1964, 1977–1982), სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1952–1953, 1956–1960, 1963–1964), ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი 1966 წლიდან. სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს III–X მოწვევების დეპუტატი (1950–1982), სოციალისტური შრომის გმირი (1961), ოთხგზის საბჭოთა კავშირის გმირი (1966, 1976, 1978, 1981), ლენინის ორდენის რვაგზის კავალერი, საბჭოთა კავშირის მარშალი (1976).

ლეონიდ ბრეჟნევი დაიბადა 1906 წლის 19 დეკემბერს სოფ. კამენსკოეში, მუშა-მეტალურგის ოჯახში. შრომითი ცხოვრება 15 წლისამ დაიწყო. 1927 წელს დაამთავრა კურსკის სამიწათმომწყობო-სამელიორაციო ტექნიკუმი. 1923 წელს შევიდა კომკავშირში, 1931 წელს სკკპ რიგებში.

სწავლობდა მეტალურგიულ ინსტიტუტში, სადაც ამავე დროს ასრულებდა პარტიულსა და საზოგადოებრივ დავალებებს, იყო ფაკულტეტის პარტკომის მდივანი, პროფკომის თავმჯდომარე, მოგვიანებით ინსტიტუტის პარტკომის მდივანი. ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ქარხანაში, ჯარში მსახურობდა იმიერბაიკალში, იყო საბჭოთა და პარტიულ სამუშაოზე.

სამხედრო და პარტიული მოღვაწეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1923–1936 წლებში ბრეჟნევი იყო წითელი არმიის სამხედრო სამსახურში. 1939 წელს აირჩიეს პარტიის დნეპროპეტროვსკის საოლქო კომიტეტის მდივნად, სადაც მუშაობას ეწეოდა სამხედრო ტექნიკის წარმოების ორგანიზაციისათვის. საბჭოთა კავშირის დიდი სამამულო ომის (1941–1945) პირველივე დღეებიდან იგი პოლიტიკურ და ორგანიზატორულ მუშაობას ეწეოდა მოქმედ არმიაში, მსახურობდა სამხრეთის ფრონტის პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ, შემდეგ მე-18 არმიის პოლიტგანყოფილებისა და მე-4 უკრაინის ფრონტის პოლიტსამმართველოს უფროსად. ხოლო სამამულო ომის დამთავრების შემდეგ იგი ხელმძღვანელ პარტიულ სამუშაოზეა.

1946 წლის აგვისტოდან იყო უკრაინის კპ-ის ზაპოროჟიეს, 1947 წლის ნოემბრიდან — დნეპროპეტროვსკის საოლქო კომიტეტების პირველი მდივანი, 1950–1952 წლებში მოლდავეთის კპ ცკ-ის პირველი მდივანი. XIX ყრილობაზე ბრეჟნევი აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად, სკკპ ცკ-ის 1952 წლის ოქტომბრის პლენუმზე — სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატად და სკკპ ცკ-ის მდივნად. 1952–1954 წლებში გენერალ-ლეიტენანტის წოდებით მუშაობდა საბჭოთა არმიისა და სამხედრო-საზღვაო ფლოტის მთავარი პოლიტსამმართველოს უფროსის მოადგილედ. 1954 თებერვლიდან ყაზახეთის კპ ცკ-ის მეორე, ხოლო 1955 აგვისტოდან პირველი მდივანია.

პარტიის XIX და მომდევნო ყრილობებზე ბრეჟნევს ირჩევენ სკკპ ცენტრალური კომიტეტის წევრად. იყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი, სკკპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი (1956–1957), სკკპ ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის წევრი (1957–1966), 1966 წლიდან სკკპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრი. 1958–1966 წლებში იყო სკკპ ცენტრალური კომიტეტის რუსეთის სფსრ ბიუროს წევრი, ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე და თავმჯდომარე. იყო სსრ კავშირის III–X მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, რუსეთის სფსრ V–X მოწვევათა უმაღლესი საბჭოს დეპუტატი, მოლდავეთის სსრ III მოწვევის უმაღლესი საბჭოსა და ყაზახეთის სსრ IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. იყო სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის წევრი (1965–1977), სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე (1960–1964 წლებში და 1977 წლიდან).

1964 წლის 13 ოქტომბერს ხრუშჩოვი, რომელიც დასასვენებლად ბიჭვინთაში იმყოფებოდა, სასწრაფოდ გამოიძახეს მოსკოვში ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის სხდომაზე, სადაც თავს დაატეხეს გამანადგურებელი კრიტიკა, რის შემდეგ, იძულებული გახადეს გადადგომის განცხადებაზე მოეწერა ხელი. 14 ოქტომბერს გახსნილ სკკპ ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე სუსლოვის მოხსენების შემდეგ ხრუშჩოვი გადაყენებულ იქნა ყველა სახელმწიფო და პარტიული პოსტიდან და „ხანდაზმულობისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო“ პენსიაზე გაუშვეს. ამავე ოქტომბრის პლენუმზე სკკპ ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად ბრეჟნევი, ხოლო სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ — კოსიგინი აირჩიეს.

დაჯილდოებული იყო „გამარჯვების“ ორდენით, რვა ლენინის ორდენით, ორი ოქტომბრის რევოლუციის ორდენით, ორი წითელი დროშის ორდენით, მე-2 ხარისხის ბოგდან ხმელნიცკის, პირველი ხარისხის სამამულო ომის, წითელი ვარსკვლავის ორდენებით, საპატიო იარაღითა და სსრ კავშირის მედლებით. მინიჭებული ჰქონდა კარლ მარქსის სახელობის მედალი, ლენინური პრემიის ლაურეატის წოდება. კომუნისტური, მუშათა და ეროვნული მოძრაობის წინაშე დამსახურებისათვის, მშვიდობისათვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისათვის ლ. ი. ბრეჟნევს სამგზის მიენიჭა ბულგარეთის სახალხო რესპუბლიკის გმირის, სამგზის გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის გმირის, მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის გმირის და მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკის შრომის გმირის, სამგზი ჩეხოსლოვაკიის სოციალისტური რესპუბლიკის გმირის, კუბის რესპუბლიკის გმირის, ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის შრომის გმირის წოდებანი, დაჯილდოებული იყო პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის, უნგრეთის სახალხო რესპუბლიკის, რუმინეთის სოციალისტური რესპუბლიკის, იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკის, ლაოსისა და სხვა სახელმწიფოების ჯილდოებით.

სსრ კავშირის ჯილდოები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • ლ. ი. ბრეჟნევი, საბჭოთა პროფკავშირები ჩეენი საზოგადოების გავლენიანი ძალაა. სიტყვა სსრ კავშირის პროფესიული კავშირების XVI ყრილობაზე 1977 წლის 21 მარტს, თბ. გამ. „საბჭოთა საქართველო“, 1977, გვ. 17.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
ლექსიკონები და ენციკლოპედიები
ენციკლოპედია „ბრიტანიკა“ · Universalis · დიდი რუსული ენციკლოპედია · დიდი დანიური ენციკლოპედია · კატალანური დიდი ენციკლოპედია · დიდი ნორვეგიული ენციკლოპედია
  1. „...დაბადებიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით.“
  2. „...დაბადებიდან 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით.“
  3. „...დაბადებიდან 72 წლის იუბილესთან დაკავშირებით.“
  4. „...დაბადებიდან 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით.“
  5. სარაკეტო ტექნოლოგიების შექმნაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საბჭოთა ადამიანის კოსმოსში წარმატებული ფრენის უზრუნველყოფისთვის.
  6. „სკკპ-სა და საბჭოთა სახელმწიფოსთვის გაწეული დიდი დამსახურებისთვის“.