სამოელ წინასწარმეტყველი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ სამოელი .
პატარა სამოელი (ჯოშუა რეინოლდსის ნახატი, 1753 წელი)

სამოელ წინასწარმეტყველი – ძველი აღთქმის წმინდანი, მისი ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 აგვისტო, ახალი სტილით - 2 სექტემბერი. ისრაელის მეთხუთმეტე და უკანასკნელი მსაჯული - ქრისტეს შობამდე 1046 წელზე მეტი ხნის წინ ცხოვრობდა. იგი ლევიტელთა ტომიდან იყო. მისი დედა - ანა დიდხანს იტანჯებოდა უშვილობის გამო. ბოლოს უფალმა შეისმინა თავისი მხევლის მხურვალე ვედრება და უბოძა ძე, რომელსაც სამოელი - „გამოთხოვილი“ დაარქვეს. როდესაც ყმაწვილს სამი წელი შეუსრულდა, მშობლებმა იგი სელომში წაიყვანეს და მღვდელმთავარ ელის მიაბარეს, რომელიც, იმავდროულად, ისრაელთა მსაჯულიც იყო.

ვიკიციტატა
„„და ყრმაჲ იგი სამოელ იყო მსახურ წინაშე უფლისა ელი მღდელისა თანა“ (I მეფ. 2.11).“

თორმეტი წლის ასაკში მას ზეგარდამო ეუწყა, რომ ღმერთი მღვდელმთავრის მთელი სახლეულობის დასჯას აპირებდა

ვიკიციტატა
„„სიცრუვისათჳს ძეთა მისთაჲსა, რამეთუ ძჳრსა იტყოდეს ღმრთისათჳს, და არა ასწავლიდა მათ“ (I მეფ. 3.13).“

წინასწარმეტყველება ახდა, როდესაც რჩეული ერის სამკვიდრებელს შემოსეულმა ფილისტიმელებმა ოცდაათი ათასი ისრაელი, მათ შორის ელის ძეები - ოფნე და ფინეზი ერთ დღეს ამოხოცეს და ტაძრის კიდობანიც გაიტაცეს. ეს რომ შეიტყო, თავზარდაცემული ელი წაიქცა, ხერხემალი გადაიმტვრია და მოკვდა. ისრაელის დაცემით შეძრწუნებულ ფინეზის ცოლსაც მშობიარობისას აღმოხდა სული.

ელის შემდეგ ისრაელის მსაჯული სამოელი გახდა. ორმოცი წელი მკაცრად და პირუთვნელად სჯიდა და წინამძღვრობდა იგი ისრაელებს, შემდეგ კი, მხცოვანებაში შესულმა, თავისი ძეები - იოველი და აბია დაადგინა მსაჯულებად. ვერ აღმოჩნდნენ შვილები მამის ღირსეული მემკვიდრეები. ანგარებას დამონებულები, ხშირად შემცოდეთა სასარგებლოდ წყვეტდნენ საქმეებს. ამის გამო ისრაელის უხუცესებმა სამოელს მოსთხოვეს, სხვა ხალხის მსგავსად მათთვისაც მეფე დაედგინა. ამაში წინასწარმეტყველმა განჭვრიტა საშინელი დაცემა ერისა, რომელსაც მანამდე თავად უფალი წინამძღვრობდა თავის რჩეულთა მეშვეობით. პირველი მეფე, რომელიც აკურთხა წინასწარმეტყველმა, იყო საული. ღვთის ურჩობაში მისი მხილების შემდეგ კი დავითს სცხო მირონი. საულისგან დევნილი დავითი ხშირად სწორედ სამოელთან პოულობდა ხოლმე თავშესაფარს. წმინდა წინასწარმეტყველი ღრმა მოხუცებულობაში გარდაიცვალა. მისი ცხოვრება ბიბლიაშია აღწერილი (1 მეფ; ზირ. 46.16-23). 406 წელს უფლის სათნომყოფლის უხრწნელი ნაწილები იუდეიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.

ლიტერატურა[რედაქტირება]

„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი III, თბილისი, 2001 წ. გვ. 195–196