სოფელი წარმოადგენს კახეთის ერთ-ერთ უძველეს და დიდ დასახლებას. იგი მდებარეობდა აღმოსავლეთისკენ მიმავალ მნიშვნელოვან მაგისტრალზე (ხორნაბუჯი-ველისციხე-ჭერემი-უჯარმა), ამასთან ველისციხე შიდა და გარე კახეთის დამაკავშირებელი უმოკლესი გზის (ველისციხე-ჭერემი-ჩაილურის) ჩამკეტი იყო ალაზნის ველზე. ველისციხე, ისევე როგორც უძველესი დიდი მაგისტრალის სხვა პუნქტები (ჭერემი, უჯარმა, ხორნაბუჯი) ალბანეთის დასავლური ტერიტორიების ქართულთან ინტეგრაციის პროცესისათვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ ობიექტს წარმოადგენდა. ველისციხე საისტორიო წყაროებში პირველად მოიხსენიება V საუკუნეში. ჯუანშერის მიხედვით, სპარსთა მეფე ხოსრომ, როგორც მნიშვნელოვანი გზის ორი მთავარი პუნქტი, ჭერმის ციხესთან ერთად ველისციხეც შემუსრა. ჟამთააღმწერლის მიხედვით, ლაშა გიორგიმ „სოფელსა — ველისციხესა იხილა ქალი ლამაზი“, რომელიც წაჰგვარა ქმარს და სასახლეში მიიყვანა. მისგან ლაშას შეეძინა ვაჟი — დავითი, შემდგომში დავით ულუდ წოდებული. ეპარქიულად ველისციხე თავდაპირველად შედიოდა ჭერემის საეპისკოპოში, ხოლო მისი მოშლის შემდეგ — ალავერდის ეპარქიაში. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, ველისციხის ყმა-მამულის მნიშვნელოვან ნაწილს საკუთარი მოურავების მეშვეობით, უშუალოდ კახეთის დედოფალი განაგებდა. XVll-XVlll საუკუნეში, ველისციხეში დასავლეთსაქართველოდან ჩამოსახლების ინტენსიური პროცესი მიდიოდა. 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს, კახელები თავდაპირველად შილდასთან, ხოლო შემდეგ ველისციხესთან, ე. წ. ფაფრის მინდორზე შეებნენ რუს დამპყრობლებს. ველისციხესთან ბრძოლაში ქართველებმა ალექსანდრე ბატონიშვილის მეთაურობით, დიდად აზარალეს რუსები და გამარჯვება მოიპოვეს. ამ გამარჯვებამ განაპირობა სოფელ ნუკრიანთან გამართულ ბრძოლაში ისევ ქართველთა წარმატება, რასაც მოჰყვა ქიზიყიდან რუსების დროებითი გაძევება. XlX-XX საუკუნეების მიჯნაზე ველისციხეში უმოგზაურია გერმანელ მოგზაურს და მეცნიერს ედუარდ აიხველდს, რომელიც ველისციხეს იხსენიებს, როგორც დიდ სოფელს, რომელიც ადრე გამაგრებული იყო. აქ განსაკუთრებით მევენახეობა და მემინდვრეობა იყო განვითარებული. ფუნქციონირებდა წყლის წისქვილების მთელი სისტემა.