ლიტურგია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ლიტურგია (ბერძ. λειτουργία [leiturgia] — „საზოგადო სამსახური“, „საერთო საქმე“) — ქრისტიანული საეკლესიო მღვდელმსახურება (მართლმადიდებელ ეკლესიაშიწირვა (ჟამისწირვა), კათოლიკურშიმესა), რომლის დროსაც სრულდება 7 საიდუმლოდან ერთ-ერთი – ზიარება, ანუ ევქარისტია.

ლიტურგია ტიპიკონითაა განსაზღვრული და, იშვიათი გამონაკლისის გარდა, ყოველ დილით აღესრულება. შედგება საკითხავებისა და საგალობლებისგან. მისი საყოველთაო წესები საბოლოოდ შემუშავდა IV საუკუნეში. გავრცელებული იყო ლიტურგიის წესების სხვადასხვა რედაქცია: მოციქულთა – იაკობის, მარკოზის, პეტრესი; ეკლესიის მამათა – ბასილი დიდის, იოანე ოქროპირის. დიდი მარხვის ოთხშაბათ და პარასკევ დღეებში სრულდება პირველშეწირული ძღვენის ლიტურგია. ლიტურგიის წესების სახელმძღვანელო წიგნს კონდაკი ან ჟამისწირვა ეწოდება. ლიტურგია სამი ნაწილისაგან შედგება: კვეთა (პროსკომიდია), კათაკმეველთა ლიტურგია და მართალთა ლიტურგია. X საუკუნის დასასრულამდე საქართველოში ხმარობდნენ იაკობის, პეტრეს, აგრეთვე ბასილი დიდისა და იოანე ოქროპირის ლიტურგიებს. ფართოდ გავრცელებული უკანასკნელი 2 რედაქცია XI საუკუნეში ბერძნულიდან ხელახლა თარგმნა გიორგი მთაწმიდელმა. ასევე იხმარებოდა იაკობის ავტორობით ცნობილი სპეციალური საღვდელმთავრო კონდაკი. ქართული ლიტურგიის წესებში ცვლილება შეიტანა კათოლიკოს-პატრიარქმა ანტონ I-მა, რომელმაც ქართული კონდაკი სლავურის მიხედვით შეასწორა. ცნობილია წმინდა იოანე ოქროპირის წირვის წესის ქართული საეკლესიო საგალობლები (ქართლ-კახური კილო), შედგენილი სხვადასხვა დროს ა. ბენაშვილის (1886), მ. იპოლიტოვ-ივანოვის (1884), ზ. ფალიაშვილის (1909), ნ. კლენოვსკის (1901) მიერ. IX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში გამოიცა აგრეთვე ვ. კარბელაშვილის ქართლ-კახური საგალობლები – „ცისკარი“ და „მწუხრი“, ფ. ქორიძის და რ. ხუნდაძის იმერულ-გურული კილოს წირვა-ლოცვის დროს შესასრულებული საგალობლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;
  • Кекелидзе К., Литургические грузинские памятники в отечественных книгохранилищах и их научное значение, Тфл.,1908.
  • „გზა ტაძრისაკენ“, ბათუმი, 2009 წ.
  • „მცირე საეკლესიო ენციკლოპედია“, «საქართველოს ეკლესიის 2005 წლის კალენდარი», თბ. 2004, გვ. 184

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]