შინაარსზე გადასვლა

წინასწარმეტყველი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
წინასწარმეტყველ ესაიას ცეცხლ-ცხებული ტუჩები. ბენჯამინ ვესტის ნამუშევარი.

უფალი ხშირად მიმართავდა ისრაელთ განსაკუთრებული მოწოდების ადამიანთა - წინასწარმეტყველთა პირით. ისინი მხოლოდ მომავლის შემტყობნი არ იყვნენ. ღმერთი დროდადრო აგზავნიდა თავის რჩეულებს ებრაელთა შორის, რათა მათ ღვთის გამოცხადებით ეუწყებინათ ხალხისათვის მისი ნება, გაეფრთხილებინათ, აეცილებინათ ცოდვისა და კერპთაყვანისცემისაგან და დაემოწმებინათ ღვთის დიადი საქმეები წარსულსა და მომავალში. წინასწარმეტყველნი ხშირად მაშინ გამოდიოდნენ, როდესაც ხალხი, მეფენი, მღვდლები სცდებოდნენ და უფლის გზიდან გადაუხვევდნენ, როდესაც ებრაელთა ორივე სამეფოს ემუქრებოდა ომები, შიმშილი, თუ სხვა უბედურებანი. უფლის წარსულ საქმეთა შეხსენებით წინასწარმეტყველნი ხალხში აღვივებდნენ ღმერთის სრული მორჩილების შეგრძნებას და არა მხოლოდ წეს-ჩვეულებათა შესრულებას; ისინი იუწყებოდნენ მომავალ სასჯელს - წარმართი ხალხების თავდასხმებს გაურჩებულ ისრაელ ერზე და აგრეთვე უფლის შურისძიებაზე, რომელიც თავს დაატყდებათ წარმართებს იმ ბოროტებისათვის, რაც მათ ისრაელთ შეამთხვიეს; ისრაელთა გაფანტვაზე მთელ მსოფლიოში და მათ დაბრუნებაზე აღთქმულ ქვეყანაში. ისინი წინასწარმეტყველებდნენ მესიის მოსვლაზე, მის სიკვდილს ისრაელისა და მთელი კაცობრიობის გადასარჩენად, მის მკვდრეთით აღდგომას; ლაპარაკობდნენ ნათელი მომავლის დღეებზე, როდესაც მესია მეორედ მოვა და იმეფებს.

ზოგიერთი მათგანი წინასწარმეტყველურ წიგნებსაც წერდა. ბიბლია 17 ასეთ წიგნს შეიცავს. ისინი 16 წინასწარმეტყველმა დაწერა, მათ შორის იერემიამ ორი. აი ამ წინასწარმეტყველთა სახელები მიახლოებითი ქრონოლოგიური რიგით: იოელი, იონა, ამოსი, ოსე, ესაია, მიქეა, სოფონია, ნაუმი, იერემია, აბაკუმი, აბდია, დანიელი, ეზეკიელი, ანგია, ზაქარია, მალაქია. ბიბლიაში წინასწარმეტყველებითი წიგნების რიგი არ შეესატყვისება მათი დაწერილ ქრონოლოგიას[1].

  1. საბავშვო ბიბლია, ბიბლიის თარგმნის ინსტიტუტი, 1998 წ. გვ. 262