თბილისის დიდი სინაგოგა
თბილისის დიდი სინაგოგა בית הכנסת הגדול של טביליסי | |
| |
ძირითადი ინფორმაცია
| |
---|---|
რელიგიური კუთვნილება | იუდაიზმი |
ქვეყანა | საქართველო |
კურთხევის წელი | 1903 |
ფუნქციური სტატუსი | მოქმედი |
თბილისის დიდი სინაგოგა, ახალციხელების სინაგოგა (ებრ. בית הכנסת הגדול של טביליסי) — მოქმედი სინაგოგა თბილისში, რომელიც 1910 წელს არის აგებული. მდებარეობს თუმანიანისა და აფხაზის(№45-47) ქუჩებს შორის. იქვე ახლოს, ტყავის ჩიხში მეორე (მცირე) მოქმედი სინაგოგაა. თბილისში, ანტონ კათალიკოსის ქუჩაზე, მესამე სინაგოგაცაა, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში აიგო. მასში 1932 წლიდან მოყოლებული საქართველოს ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმია განთავსებული.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]საქართველოში ბატონყმობის გაუქმებამ ხელი შეუწყო ქართველი ებრაელების ურბანიზაციას და თბილისში მათი თემის ჩამოყალიბებას. ქართველი ებრაელებისა და აშკენაზების თემის ცხოვრება ძალიან განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან, თითოეულ ეთნოლინგვისტურ ჯგუფს გააჩნდა თავისი ფასეულობები. რელიგიურ რიტუალებში, წეს-ჩვეულებებში, ყოფა ცხოვრების წესებში განსხვავებამ, საერთო ენის უქონლობამ და სხვადასხვა კულტურული დონის არსებობამ გამოიწვია საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა ქართველ ებრაელთა და აშკენაზთა თემებს შორის. მათ შორის დაახლოება მიმდინარეობდა მძიმედ და ხანგრძლივად.
თავდაპირველად ქართველ ებრაელებში ღვთისმსახურება და რელიგიური რიტუალების ჩატარება ხახამს ჰქონდა დავალებული, მეტრიკული ჩანაწერების წარმოება კი ახალციხის რაბინს ევალებოდა. 1892 წლიდან ქართველი ებრაელების თანხმობით რელიგიური რიტუალების ჩატარება დამეტრიკული საქმის წარმოება დაევალა აშკენაზთა თბილისის რაბინს სიმხე კარაშს. იგი ქალაქის მმართველობამ თბილისის ყველა ებრაელის მთავარ რაბინად აღიარა. რამდენიმე წლის შემდეგ წარმოიშვა გაუგებრობა ქართველ ებრაელებსა და აშკენაზების რაბინს შორის, პრობლემის მოგვარების მიზნით ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქართველ ებრაელებს უფლება მისცა ჰყოლოდათ თავისი მთავარი რაბინი. თბილისი მრავლდება ახალციხიდან გადმოსული ებრაელების ხარჯზე. მრევლის გაზრდის და „ბენთუნაანთ დარბაზის“ შენობის ავარიულობის გამო თბილისელმა ქართველმა ებრაელებმა სინაგოგასთვის ახალი შენობის აგება გადაწყვიტეს.
1897 წლის ქართულ გაზეთში ვკითხულობთ: ”ტფილისში მცხოვრებ ქართველ ებრაელებს განუზრახავთ ძველთაძველი სალოცავის მაგივრად, იერუსალიმის შესახვევშია აგონ ახალი დიდი სალოცავი. ამ საქმეს სათავეში უდგანან ებრაელთა რაბინი ლევინი და აბრამ გორელაშვილი და 3000 მანეთი უკვე შეუკრებიათ ამ საქმისათვის.” გაზეთი ”ივერია” 1903 წლის 25 იანვარს წერდა: ”დიდი ხანია, ტფილისის ეგრეთ წოდებულ ქართველთ ებრაელთ განიზრახეს საკუთარის სამლოცველოს (თორის) აგება ტფილისში, მაგრამ დღეს აქომამდე მართლა რომ ქართველური უთაობა აფერხებდა ამ საქმეს; ამ ცოტა ხნის განმავლობაში ქართულ ენაზედ მოლაპარაკე ებრაელებს მიუციათ თხოვნა გუბერნატორისათვის და უთხოვნიათ, რომ ნება დაგვრთეთ ჩვენს შორის შევაგროვოთ ფული საკუთარის თორის ასაგებადაო. გუბერნატორს ებრაელებისათვის ნება დაურთავს იმ პირობით, რომ ხელისმოწერა გაიმართოს მხოლოდ ტფილისის გუბერნიაში და ისიც ერთი წლის ვადით, ამასთანავე, გუბერნატორს დაუვალებია პოლიცმაისტერისათვის გამოუცხადოს ქართულად მოლაპარაკე ებრაელებს, რომ შემდეგში არ იწოდებოდნენ ქართველ ებრაელებად, არამედ იწოდებოდნენ ადგილობრივ ებრაელებათ”.
1909 წელს გაზეთ ”დროებაში” ვკითხულობთ: “ქართველ ებრაელთ თავიანთ სამლოცველოს დამთავრება ტფილისში ძალიან უჭირდებათ, რადგან ასეთ უზარმაზარ შენობას დიდი ფული უნდა. შენობა ლამაზი და საყურადღებოა, გარედან შენობა დაამთავრეს, მხოლოდ შინაგანი მოწყობილობა აკლია… უნდა ააგონ აგრეთვე სკოლის შენობაც, რისთვისაც ქართველ ებრაელნი თავიანთ მორჯულეთაგან მოელიან დახმარებას. ეს დიდი შენობა მთლად ქართველ ებრაელთა წვლილით არის ნაშენი. ევროპიდან ან რუსეთიდან მოსულ ებრაელებს ამათთან კავშირი და მისვლა-მოსვლა არა აქვთ. მოსულ ებრაელებს ტფილისში ორი სინაგოგა აქვს, მაგრამ ქართველი ებრაელები მაინც საკუთარ სინაგოგას აგებენ”.
“…ისე დაამთავრეს, რომ დღეს შიგ ლოცვასაც ასრულებენ. შენობა არის ფართო, ვრცელი, მაღალი, სულ აგურით ნაშენი, ამოდენა შენობის აგებაში მათ სხვა რჯულისა არავინ დახმარებია, სულ თავიანთის შრომით და ღარიბის ჯიბით გააკეთეს იგი. ამისათვის მათ მეტად დიდი გაჭირვება გამოიარეს, მაგრამ როგორც იქნა დაამთავრეს.” – წერს გაზეთი ”სინათლე” 1911 წელს. თბილისის ქართველ ებრაელთა სინაგოგა – “ახალციხელების ლოცვა” წარმოადგენს დიასპორის ებრაული საზოგადოებრივი ცხოვრების ტრადიციულ კომპლექსს, რომლის შემადგენლობაში შედის: “დიდი ლოცვა” (მთავარიშენობა); “პატარალოცვა”; მაცისსაცხობი; ფრინველისა და პირუტყვის საკლავი, დაკლული ფრინველის საპუტი; მექვე (რიტუალური განბანვის ოთახი); სამეურნეო სათავსები (ქაშერი ღვინის დასამზადებლად და სხვადასხვა დანიშნულებისათვის).
ამავე კომპლექსში 1976 წლამდე შედიოდა რაბინის იმანუელ დავითაშვილის საცხოვრებელი. სინაგოგის კომპლექსში შედიოდა თალმუდ–თორა (ებრაული სკოლა), რომელიც დღევანდელი პატარა ლოცვის მეორე სართულზე იყო განთავსებული. გასული საუკუნის 50-იან წლებში შენობის მეორე სართული ჩამოინგრა და აღარ აღუდგენიათ. ამავე პერიოდში ებრაული სკოლები აიკრძალა საბჭოეთში, მაგრამ ფარული ფორმით და პირადი რისკით ისინი ოჯახებში გადავიდნენ.
შოთა ბოსტანაშვილი აღწერს თბილისის ქართველ ებრაელთა სინაგოგას “დიდი ლოცვას”, რომელიც იუდაიკის ტრადიციის კვალობაზე იერუსალიმისკენ არის ორიენტირებული გრძივი ღერძით, შემოსასვლელიდან წმინდა კარადის მიმართულებით. შენობა გეგმაში სწორკუთხედია, აშენებულია წითელი აგურით. “დიდი ლოცვა” ორსართულიანია, მეორე სართული ორსინათლიანია. შენობა რთულ რელიეფზეა აშენებული, ამიტომ სინაგოგის მეორე სართული უკანა ფასადით გადის თუმანიანის ქუჩაზე. შენობის პირველი სართული დაყოფილია ოთხ სტრუქტურულ ნაწილად. წინა სივრცე ჰოლს წარმოადგენს მარჯვნივ სალოცავის კანტორაა, მარცხნივ სამმარშიანი კიბე, რომელიც მეორე სართულის სალოცავ დარბაზს უკავშირდება. დანარჩენ სამ სტრუქტურულ ნაწილს ორი თაღოვანი კონსტრუქციით სალოცავი დარბაზი აერთიანებს. თაღებს შორის, დარბაზის ცენტრში აღმართულია თება, ხოლო შესასვლელის მოპირდაპირე მხარეს, განივი კედლის ცენტრში განთავსებულია არონ-ჰაკოდეში.
მეორე სართულის სალოცავ დარბაზს სამ მხარეზე გარს უვლის ტრადიციული ქალთა გალერეა-აზარა, რომელსაც დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს გარედან. არონ-ჰაკოდეშისდათების ადგილმდებარეობა ქვედა სალოცავი დარბაზის ანალოგიურია. მეორე სართულზე თაღოვანი კონსტრუქცია შეცვლილია და მათი ბურჯების გაგრძელებაზე აღმართულია ორ-ორი წყვილი სვეტი, რომლებსაც ეყრდნობა ანტრესოლის სართული–ქალთა გალერეა.
ორივე დარბაზის ინტერიერი, კიბის უჯრედის და შესასვლელის კედლები, ასევე ჭერი მთლიანად მოხატულია. ნახატის თემატიკაა მცენარეული მოტივები, ორნამენტი და ორდერული ვარიაციები. მთელ ამჰარმონიაში მონაწილეობს შრიფტის პლასტიკა. ტესქტები გამოყენებულია კედლების მოხატულობასთან სინთეზში. თება და არონ-ჰაკოდეში ორივე დარბაზში ხისაა, რთული პროფილებით და ორნამენტული დამუშავებით. ოსტატური ნამუშევარია ჰეხალის ლურჯი ფარდა ოქროს ძაფით ნაქარგი ლომების გამოსახულებით.
უძველესი ტრადიცია ითვალისწინებს ქალთა გალერეის აქტიურ მხატვრულ გაფორმებას. თბილისის სინაგოგაც ამ ტრადიციას ეხმიანება. ხუროთმოძღვრული სტილების კლასიფიკაციით “დიდი ლოცვა” რომანულ სტილს განეკუთვნება – მისთვის დამახასიათებელი შეულესავი აგურის წყობითა და დეტალებით, ვერტიკალური პილასტრების და კარნიზების ერთიანი სტრუქტურით, ფასადის ცენტრში აგურის წყობით გამოყვანილი დიდი წრიული ღიობით და ფასადის ტრაპეციული დაგვირგვინებით, რომელსაც მაგენ დავითის ფერადი ვიტრაჟი ამშვენებს. ამ აღწერით “ახალციხელების ლოცვა” თბილისის ძველი სინაგოგის იდენტურია.
ბოლო ხანებში ლოცვაში ჩატარდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები როგორც ნაგებობის გარემონტების, ასევე ტერიტორიის კეთილმოწყობის თვალსაზრისით; მოეწყო რაბინების მემორიალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მ. ქუთათელაძე, „თბილისის ტაძრები“, ტ. I, თბ., 2010 გვ. 528-531
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 3937