ტიტუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტიტუს ფლავიუს კეისარი ვესპასიანუს ავგუსტუსი
Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus
Titus of Rome.jpg
ტიტუსის ბიუსტი რომის კაპიტოლიუმის მუზეუმიდან
რომის იმპერატორი
მმართ. დასაწყისი: 23 ივნისი, 79
მმართ. დასასრული: 13 სექტემბერი, 81
წინამორბედი: ვესპასიანე
მემკვიდრე: დომიციანე
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 30 დეკემბერი, 39
დაბ. ადგილი: რომი
გარდ. თარიღი: 13 სექტემბერი, 81 (41 წლის)
გარდ. ადგილი: რომი
მეუღლე: არეცინა ტერტულა
შვილები: იულია ფლავია
დინასტია: ფლავიუსები
მამა: ვესპასიანე
დედა: დომიცილა
რომის საიმპერატორო დინასტიები
ფლავიუსების დინასტია
ქრონოლოგია
ვესპასიანე 69-79 წწ.
ტიტუსი 79-81 წწ.
დომიციანე 81-96 წწ.
მემკვიდრეობა
წინამორბედი
ოთხი იმპერატორის წელი
მემკვიდრე
ანტონინუსების დინასტია

ტიტუსი (ლათ. Titus Flāvius Caesar Vespasiānus Augustus;[1] დ. 30 დეკემბერი, 39 — გ. 13 სექტემბერი, 81) — რომის იმპერატორი 79-81 წლებში. ფლავიუსების დინასტიის წარმომადგენელი. ტახტზე ავიდა მამამისის, ვესპასიანეს გარდაცვალების შემდეგ, რითაც გახდა რომის პირველი იმპერატორი, რომელიც ტახტზე უშუალოდ თავისი ბიოლოგიური მამის შემდეგ ავიდა.

ტიტუსს, რომელიც თავიდანვე მოიაზრებოდა იმპერატორობის კანდიდატად, დიდება სამხედრო კარიერამ მოუტანა. იგი მამასთან ერთად მსახურობდა იუდეაში იუდეველთა ომის დროს. 68 წელს იმპერატორ ნერონის სიკვდილის გამო კამპანია დროებით შეჩერდა. ვესპასიანემ ოთხი იმპერატორის წელს ტახტისათვის დაიწყო ბრძოლა. როდესაც ეს უკანასკნელი 69 წლის 1 ივლისს იმპერატორად გამოაცხადეს, ებრაელთა ამბოხების ჩახშობის მეთაურობა ტიტუსს დაევალა. მანაც 70 წელს ალყის შემდეგ აიღო იერუსალიმი და გაანადგურა ქალაქი და მეორე ტაძარი. ამ მიღწევისათვის იგი ტრიუმფით დაჯილდოვდა. ტიტუსის თაღი სწორედ ამ გამარჯვების საზეიმოდაა აგებული.

ვესპასიანეს მმართველობისას ტიტუსმა სახელი გაიფუჭა, როდესაც პრეტორიანელთა გვარდიის პრეფექტად მსახურობდა და სადავო ურთიერთობა ჰქონდა ებრაელ დედოფალ ბერენიკასთან. მიუხედავად მის პიროვნებასთან დაკავშირებული საკითხებისა, ტიტუსი 79 წელს მამამისის გარდაცვალებიდან წარმატებით მართავდა იმპერიას და სვეტონიუსისა და სხვა თანადროული ისტორიკოსებისაგან, როგორც იმპერატორმა, დადებითი შეფასება დაიმსახურა.

როგორც იმპერატორი, იგი ყველაზე მეტად ცნობილია კოლოსეუმის მშენებლობის დასრულებისა და ორი კატასტროფის (ვეზუვის 79 წლის ამოფრქვევა და რომის ხანძარი 80 წელს) მიერ გამოწვეული ზიანის შემსუბუქებისათვის მისი ხელგაშლილობის გამო. ორწლიანი მმართველობის შემდეგ, 81 წლის 13 სექტემბერს ტიტუსი ციებ-ცხელებით გარდაიცვალა. სენატმა იგი ღვთაებათა პანთეონში შეიყვანა. საიმპერატორო ტახტზე ტიტუსი უმცროსმა ძმამ, დომიციანემ შეცვალა.

ცხოვრების ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტუსი დაიბადა რომში, სავარაუდოდ, 39 წლის 30 დეკემბერს. იგი ტიტუს ფლავიუს ვესპასიანუსისა (უმეტესად ცნობილია, როგორც ვესპასიანე) და დომიცილა უფროსის უფროსი ვაჟი იყო.[2] ჰყავდა უმცროსი და, დომიცილა უმცროსი (დ. 45 წ.) და უმცროსი ძმა, ტიტუს ფლავიუს დომიციანუსი (დ. 51 წ.), რომელსაც უმეტესწილად დომიციანეს სახელით მოიხსენიებენ.

ოჯახური ფონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიტუსის მარმარილოს ბიუსტი უტიკიდან, ტუნისი. თარიღდება 79-81 წლებით. ბრიტანეთის მუზეუმი.

ძვ. წ. I საუკუნეში ათწლეულების განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომმა დიდად შეუწყო ხელი რომის ძველი არისტოკრატიის დაკნინებას. პირველი საუკუნის დასაწყისში იგი თანდათანობით მნიშვნელოვანწილად ჩაანაცვლა ახალმა პროვინციულმა ნობელიტეტმა.[3] ერთ-ერთი ასეთი ოჯახი იყო ფლავიას გვარი (gens Flavia), რომელმაც ჩრდილიდან გამოსვლა, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება, ფულისა და სტატუსის მოპოვება სულ რაღაც ოთხ თაობაში, იულიუს-კლავდიუსების დინასტიის იმპერატორების ზეობისას შეძლო. ტიტუსის დიდი პაპა, ტიტუს ფლავიუს პეტრონი კეისრის სამოქალაქო ომის მსვლელობისას პომპეუსთან ცენტურიონად მსახურობდა. მის სამხედრო კარიერას წერტილი იმ შერცხვენამ დაუსვა, რომელიც მან ძვ. წ. 48 წელს ფარსალოსის ბრძოლიდან გაქცევის გამო დაიმსახურა.[4]

მიუხედავად ამისა, პეტრონმა მაინც მოახერხა საკუთარი მდგომარეობის გაუმჯობესება უაღრესად მდიდარ ტერტულაზე დაქორწინებით, რომლის ქონებამაც უზრუნველყო პეტრონის ვაჟისა და ტიტუსის პაპის, ტიტუს ფლავიუს საბინუსის აღმასვლა.[5] საბინუსმა, თავის მხრივ, დააგროვა ქონება და აზიაში გადასახადების ამკრეფად, ჰელვეტიაში კი ბანკირად მსახურობისას, სავარაუდოდ, მხედრის სტატუსიც მოიპოვა. ვესპასია პოლაზე დაქორწინებით იგი დაუკავშირდა ბევრად პრესტიჟულ პატრიციულ ვესპასიას გვარს (gens Vespasia), რამაც განაპირობა მისი ვაჟების, ტიტუს ფლავიუს საბინუსისა და ვესპასიანეს სენატორულ რანგამდე აღზევება.[5]

ვესპასიანეს პოლიტიკური კარიერა მოითვლიდა კვესტორის, ედილისა და პრეტორის თანამდებობებს, ამ ყოველივეს დაგვირგვინებას კი 51 წელს მისი გაკონსულება წარმოადგენდა. მისი კონსულობის წელს დაემთხვა დომიციანეს დაბადება. როგორც სამხედრო მეთაურმა, მან ადრევე მოიპოვა სახელი 43 წელს ბრიტანეთში შეჭრაში მონაწილეობით.[6] ტიტუსის ცხოვრების ადრეული პერიოდის შესახებ ბევრი არაფერია ჩვენთვის ცნობილი. აქამდე მოღწეული ინფორმაციაც სვეტონიუსის ნაშრომია, რომელიც გადმოგვცემს, რომ მომავალი იმპერატორი საიმპერატორო კარზე, ბრიტანიკუსთან, კლავდიუსის ვაჟთან ერთად აღიზარდა.[7]

გადმოცემა იმასაც კი გვამცნობს, რომ „ის სასმელი, რომლისგანაც ბრიტანიკუსი დაიღუპა და იქვე იდგა, ტიტუსმაც გასინჯა“.[7] მისი განათლების შესახებ დამატებითი ცნობები არასაკმარისია, თუმცა, როგორც ჩანს, მან ადრევე გამოავლინა მიდრეკილება სამხედრო ხელოვნებისადმი და ნიჭიერი პოეტი და ორატორი იყო როგორც ბერძნულ, ისე ლათინურ ენაში.[8]

ზრდასრულ ასაკში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

57-დან 59 წლამდე ტიტუსი გერმანიაში სამხედრო ტრიბუნი იყო. იგი, აგრეთვე, რომაულ ბრიტანეთშიც მსახურობდა, სადაც შესაძლოა 60 წლისათვის ჩასულიყო დამხმარე ძალასთან ერთად, რომელიც ბოუდიკას აჯანყების გამო გახდა საჭირო. 63 წლისათვის იგი რომში დაბრუნდა და დაქორწინდა არეცინა ტერტულაზე, პრეტორიანელთა გვარდიის ყოფილი პრეფექტის ქალიშვილზე. ტერტულა 65 წლისათვის გარდაიცვალა.[9]

ამის შემდეგ ტიტუსი მეორედ დაქორწინდა. მისი ახალი ცოლი, მარცია ფურნილა, ბევრად უფრო სახელგანთქმული ოჯახიდან იყო, თუმცაღა ახლო კავშირი ჰქონდა იმპერატორ ნერონის მოწინააღმდეგეებთან. ფურნილას ბიძა, ბარეა სორანუსი და ამ უკანასკნელის ქალიშვილი, სერვილია, 65 წლის პიზონის წარუმატებელ შეთქმულებას შეეწირნენ.[10] ზოგიერთი თანამედროვე ისტორიკოსი აყალიბებს მოსაზრებას, რომ ტიტუსი ცოლს მისი ოჯახის შეთქმულებასთან კავშირის გამო გაშორდა.[11][12]

მომავალი იმპერატორი ხელახლა აღარ დაქორწინებულა. როგროც ჩანს, მას მრავალი ქალიშვილი ჰყავდა,[13] რომელთაგან სულ ცოტა ერთი მარცია ფურნილასაგან.[14] ერთადერთი, რომელმაც ზრდასრულ ასაკამდე იცოცხლა, იულია ფლავია იყო. შესაძლებელია, იგი ტიტუსს არეცინასგან ჰყოლოდა, რომლის დედასაც ასევე იულია ერქვა.[15] ამ პერიოდისათვის ტიტუსი პრაქტიკულად ვარჯიშობდა სამართალში და კვესტორის თანამდებობასაც მიაღწია.[14]

იუდეის კამპანია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იუდეის პროვინცია I საუკუნეში.

66 წელს იუდეის პროვინციაში რომის წინააღმდეგ აჯანყებამ იფეთქა. ამავე წელს ამბოხებულებმა ბეთ-ჰორონის ბრძოლაში დაამარცხეს სირიის ლეგატი კესტიუს გალუსი და აიძულეს იგი იერუსალიმიდან უკან დაეხია.[16] პრო-რომაული ორიენტაციის მქონე მეფე აგრიპა II და მისი და ბერენიკა ქალაქ გალილეაში გაიქცნენ, სადაც მოგვიანებით რომაელებს ჩაბარდნენ.[17]

იმპერატორმა ნერონმა აჯანყების ჩახშობა ვესპასიანეს დაავალა. იგი დაუყოვნებლივ გაგზავნეს რეგიონში მეხუთე და მეათე ლეგიონებთან ერთად.[17] მოგვიანებით, პტოლემაისთან მას ტიტუსიც შეუერთდა მეთხუთმეტე ლეგიონთან ერთად.[18] რომაელებმა, რომელთა არმიაც 60 000 პროფესიონალ ჯარისკაცს მოითვლიდა, გადაწყვიტეს გალილეის გასწვრივ გაეწმინდათ გზა და იერუსალიმისაკენ დაძრულიყვნენ.[18]

ომის ისტორია დეტალურად აქვს აღწერილი ებრაული წარმოშობის რომაელ ისტორიკოსს იოსებ ფლავიუსს თავის ნაშრომში ებრაელთა ომები. ფლავიუსი ქალაქ იოდაფტის მმართველად მსახურობდა, როდესაც 67 წელს რომის არმია გალილეაში შეიჭრა. 47 დღიანი დამაუძლურებელი ალყის შემდეგ ქალაქი დაეცა. სავარაუდო შეფასებით, მოკლეს 40 000 მცხოვრები.

რამდენიმე ჯგუფურ თვითმკვლელობას გადარჩენილი იოსები ვესპასიანეს დანებდა და პატიმარი გახდა. მოგვიანებით, მან დაწერა, რომ რომაელები მიმდინარე აჯანყების შესახებ ცნობებით მოამარაგა.[19] 68 წლისათვის იუდეის მთელი სანაპირო და ჩრდილოეთი ნაწილი რომის არმიამ დაიპყრო. მან დამაჯერებელი გამარჯვებები მოიპოვა ტარიქეისა და გამალის ბრძოლებში, რომელთა დროსაც ტიტუსმა თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სარდალმა.[14][20]

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Jones, Brian W. (1992). The Emperor Domitian. London: Routledge. ISBN 0-415-10195-6. 
  • Brian Jones; and Robert Milns (2002). Suetonius: The Flavian Emperors: A Historical Commentary. London: Bristol Classical Press, გვ. 91. ISBN 1-85399-613-0. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კლასიკური ლათინური და რეკონსტრუირებული კლასიკური ლათინური პუნქტუაციით მართლწერა:
    TITVS FLAVIVS CAESAR VESPASIANVS AVGVSTVS
    ˈtɪ.tʊs ˈflaː.wi.ʊs ˈkae̯.sar wɛs.pa.siˈaː.nʊs au̯ˈgʊs.tʊs
  2. სვეტონიუსი ამტკიცებს, რომ ტიტუსი კალიგულას მკვლელობის წელს დაიბადა (ე. ი. 41 წ.). მიუხედავად ამისა, ეს ეწინააღმდეგება მისივე საკუთარ განცხადებას, რომ ტიტუსი სიცოცხლის 42-ე წელს გარდაიცვალა, ისევე, როგორც დიონ კასიუსის შენიშვნას, რომ ტახტზე ასვლისას იგი 39 წლის იყო. იხ. სვეტონიუსი, თორმეტი კეისრის ცხოვრება, ღვთაებრივი ტიტუსი 1, 11; დიონ კასიუსი, რომის ისტორია LXVI.18; and Brian Jones (2002). Suetonius: The Flavian Emperors: A Historical Commentary. London: Bristol Classical Press, გვ. 91. ISBN 1-85399-613-0. 
  3. Jones (1992), გვ. 3
  4. Jones (1992), გვ. 1
  5. 5.0 5.1 Jones (1992), გვ. 2
  6. Jones, (1992), გვ. 8
  7. 7.0 7.1 Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Titus 2
  8. Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Titus 3
  9. Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Titus 4, with Jones and Milns, pp. 95–96
  10. Tacitus, Annals XVI.30–33
  11. Gavin Townend, "Some Flavian Connections", The Journal of Roman Studies (1961), p 57. See Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Titus 4
  12. Jones (1992), p. 11
  13. Philostratus, The Life of Apollonius of Tyana VII.7
  14. 14.0 14.1 14.2 Suetonius, The Lives of Twelve Caesars, Life of Titus 4
  15. Jones and Milns, pp. 96, 167.
  16. Josephus, The Wars of the Jews II.19.9
  17. 17.0 17.1 Josephus, The Wars of the Jews III.1.2
  18. 18.0 18.1 Josephus, The War of the Jews III.4.2
  19. Josephus, The Wars of the Jews III.8.8
  20. Josephus, The Wars of the Jews III.10
ტიტუსი
დაიბადა: 30 დეკემბერი, 39 გარდაიცვალა: 13 სექტემბერი, 81
პოლიტიკური თანამდებობები
წინამორბედი:
ფაბიუს ვალენსი და არიუს ანტონინუსი
რომის იმპერიის კონსული
ვესპასიანესთან ერთად
70
შემდეგი:
ვესპასიანე და მარკუს კოკიუს ნერვა
წინამორბედი:
ვესპასიანე და მარკუს კოკიუს ნერვა
რომის იმპერიის კონსული
ვესპასიანესთან ერთად
72
შემდეგი:
დომიციანე და ლუციუს ვალერიუს კატულუს მესალინუსი
წინამორბედი:
დომიციანე და ლუციუს ვალერიუს კატულუს მესალინუსი
რომის იმპერიის კონსული
ვესპასიანესთან ერთად
74-77
შემდეგი:
დეციმუს იუნიუს ნოვიუს პრისკუს რუფუსი და ლუციუს კიონიუს კომოდუსი
წინამორბედი:
დეციმუს იუნიუს ნოვიუს პრისკუს რუფუსი და ლუციუს კიონიუს კომოდუსი
რომის იმპერიის კონსული
79-80
შემდეგი:
ლუციუს ფლავიუს სილვა და მარკუს ასინიუს პოლიონ ვერუკოსუსი
რომის იმპერატორები
წინამორბედი:
ვესპასიანე
რომის იმპერატორი
79-81
შემდეგი:
დომიციანე