მორალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მორალი (ლათ. moralitas) — იმ წესების, ნორმების ერთობლიობა, რომლებიც განსაზღვრავს ადამიანთა ურთიერთდამოკიდებულებასა და ყოფაქცევას საზოგადოებაში.[1]

ნორმების, სანქციების, შეფასებების, ღირებულებების, ქცევის ნიმუშთა სისტემა, სოციალური ინსტიტუტი, რომელიც ასრულებს სოციალური კონტროლისა და სოციალური ურთიერთობების რეგულირების ფუნქციებს ამა თუ იმ სოციალურ ჯგუფში ან/და მთლიანად საზოგადოებაში. მისი ფუნქციაა ადამიანთა ქცევის ნორმატიზება, ქცევის რეგულირება საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. მორალში სოციალური ერთობის ინტერესები და მოთხოვნილებები გამოიხატება სტიქიურად ფორმირებული და საყოველთაოდ აღიარებული შეფასებებისა და დანაწესების სახით, რაც განმტკიცებულია ნიმუშის, ჩვევის, ადათის, საზოგადოებრივი აზრის ძალით. ამის გამო მორალის მოთხოვნებს უპირობო აუცილებლობის ფორმა აქვს და ერთნაირად ეხება ყველას, თუმცა ბრძანება არავისგან მოდის. არსებულ წესრიგზე დაფუძნებული წეს-ჩვეულებებისგან განსხვავებით, მორალი იდეურადაა დაფუძნებული წარმოდგენაზე, როგორ უნდა იცხოვროს ადამიანმა. მორალი სამართლისგან განსხვავდება იმით, რომ ყოველი ადამიანის მიერ ზნეობრივი მოთხოვნების შესრულება კონტროლდება ყველას მიერ. ამასთან, ამა თუ იმ პიროვნების ავტორიტეტი არ უკავშირდება ოფიციალურ უფლებამოსილებას. მორალის მოთხოვნათა შესრულება სანქციონირდება მხოლოდ ფსიქოლოგიური ზემოქმედების ფორმებით — საზოგადოებრივი შეფასება, მოწონება ან გაკიცხვა. აქედან გამომდინარე, სოციალური კონტროლის სხვა ფორმებთან შედარებით, იგი ცნობიერებისათვის უფრო მნიშვნელოვან როლს ასრულებს და შეიძლება გამოიხატოს ცნების ფორმითაც (რაციონალურად) და გრძნობითაც. მორალს სხვადასხვაგვარი ფორმა აქვს — ნორმა, მოვალეობა, პასუხისმგებლობა, სინდისი. ცნობიერება ამას ასახავს შესაბამისი წარმოდგენებით — პრინციპები, საზოგადოებრივი და მორალური იდეალები, კეთილი-ბოროტი, სამართლიანობა-უსამართლობა და სხვ.[2]

მორალურობა, ეს არის ფასეულობათა და რწმენათა ერთიანი სისტემა, რომელიც ინკორპორირებულია ინდივიდში და იძლევა იმის გარანტიას, რომ პიროვნება საზოგადოების სხვა წევრების წინაშე მოიქცევა ისე, რომ წინააღმდეგობაში არ მოვიდეს სხვათა უფლებებსა და ინტერესებთან და შეასრულებს მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს და დაემორჩილება საზოგადოებაში არსებულ ნორმებს. მორალური ქცევის საფუძველი ინდივიდის საზოგადოებრივ ნორმებთან შესატყვისობაში ყოფნაა. სწორედ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისას არის მნიშვნელოვანი მორალური განსჯის ქონა, რომელიც მოიცავს შეფასებით კატეგორიებს იმის შესახებ, რა არის სწორი და რა მცდარი.

რა არის მორალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორალი წარმოადგენს კულტურის მიერ დადგენილ ნორმებს იმის შესახებ, თუ რა არის სწორი და არასწორი, კარგი და ცუდი, მისაღები და მიუღებელი საზოგადოებისთვის. ევოლუციური თეორიის მიხედვით, ადამიანის მორალურობის საფუძველი პირველადი ემოციური რეაქციებიდან მომდინარეობს (ემპათია ტანჯვაზე, გაბრაზება წინააღმდეგობაზე და ა.შ.), რომელიც ადამიანის გადარჩენას უწყობდა ხელს. მორალის სოციოლოგია ხაზს უსვამს მორალის ფუნქციას, რომელიც აერთიანებს ადამიანებს წესების და მოლოდინების საერთო სისტემის გარშემო. დიურკემი აღნიშნავს, რომ საზოგადოების არსებობა შეუძლებელია მორალური სისტემის არსებობის გარეშე, წინააღმდეგ შემთხვევაში ადამიანები იმოქმედებდნენ მხოლოდ საკუთარი, ინდივიდუალური ინტერესის საფუძველზე და უარყოფდნენ კოლექტიურ ინტერესს. მსგავსად, მრავალი დისციპლინა თუ თეორიული ჩარჩო არსებობს, რომელიც მორალური პროცესების მნიშვნელობას მაკრო დონეზე განიხილავს და საუბრობს სოციალურ კეთილდღეობაში მის მნიშვნელობაზე, თუმცა, ეს თეორიები ნაკლებად გვაძლევს ინფორმაციას ინდივიდუალურ განსხვავებებზე და ქცევის მოტივებზე. მორალის ფსიქოლოგია ცდილობს ახსნას, რატომ იქცევიან ადამიანები ისე როგორც იქცევიან, რატომ იქცევა ზოგი უფრო მორალურად ვიდრე სხვა? რით განსხვავდებიან ეს ადამიანები ერთმანეთისგან და რა აიძულებთ მათ ამა თუ იმ სიტუაციაში განსხვავებულად მოქცევას.[3]

თეორიები მორალურ სისტემებზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მორალურ სისტემებზე არაერთი თეორია არსებობს, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე სადავო თეორია ლოურენს კოლბერგს ეკუთვნის, რომელმაც მორალური განვითარების თეორია მთლიანად მორალური განსჯის საფეხურებზე ააგო. მორალური განსჯა, ადამიანების მსჯელობაა იმის თაობაზე, გარკვეულ სიტუაციაში რომელი მოქმედებაა სწორი ან არასწორი. ამ თვალსაზრისით კოლბერგის თეორია კოგნიტური განვითარების პერსპექტივას იზიარებს და დიდწილად პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიას ეფუძნება.

პიაჟეს აზრი იმის თაობაზე, რომ მორალური მსჯელობა თითოეულ სტადიაზე სხვადასხვანაირი საფუძვლიდან აიგება, კოლბერგმა უფრო განავრცო და მორალური განვითარების 3 დონე გამოყო, რომელიც თავის მხრივ 7 სტადიად იყოფა. კოლბერგის მოდელი ოთხ ძირითად პრინციპს ეფუძნება:

  1. ყოველ კონკრეტულ დროის მონაკვეთში ინდივიდი მხოლოდ ერთ საფეხურზე შეიძლება იმყოფებოდეს;
  2. სტადიებს ყველა ადამიანი არსებული თანმიმდევრობით გადის, შეუძლებელია რომელიმე სტადიის გამოტოვება;
  3. ყოველი მომდევნო სტადია უფრო რთული და ყოვლისმომცველია, ვიდრე წინა;
  4. სტადიები უნივერსალურია და ყველა კულტურაში გვხვდება.

კოლბერგის თეორიამ მწვავე დისკუსია გამოიწვია მეცნიერებაში. პირველ რიგში, კრიტიკის სამიზნე განზოგადებისას გენდერის გაუთვალისწინებლობა აღმოჩნდა. იქიდან გამომდინარე, რომ კოლბერგის ორიგინალური ნაშრომი მხოლოდ ბიჭებზე ჩატარებულ კვლევას ეფუძნებოდა, გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა არსებობდეს მნიშვნელოვანი განსხვავებები მამაკაცებისა და ქალების მორალურ შეხედულებებს შორის. მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც კოლბერგის თეორიის საწინააღმდეგოდ გამოიყენება არის კულტურათაშორისი განსხვავებები. როგორც ინტერკულტურული კვლევები აჩვენებს, პრაქტიკულად შეუძლებელია ვიპოვოთ სიტუაციათა ერთობლიობა, რომელშიც მორალური მსჯელობა უნივერსალური იქნება, ვინაიდან სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა სტანდარტი და კრიტერიუმი არსებობს იმის შესაფასებლად, თუ რა არის მორალური და რა ამორალური.

მორალის გაგებისას ათწლეულების მანძილზე დომინირებდა რაციონალური და ობიექტური მიდგომები, რომლის მიხედვითაც, მორალური მსჯელობები, ანუ წარმოდგენები სწორი და არასწორის შესახებ იყო მხოლოდ რაციონალური განსჯის სფეროში. ანუ ადამიანს, მისი რაციონალური ბუნებიდან გამომდინარე, შეუძლია ქცევის სისწორე/სიმცდარის საფუძველზე მიიღოს გადაწყვეტილება. იგი სცდება ფსიქოლოგიის სფეროს და ბევრი ფილოსოფოსი თუ სოციოლოგი მორალურობას განიხილავს, როგორც რაციონალურ გადაწყვეტილებას პირადი კეთილდღეობის შესახებ.

რაციონალური მიდგომების მაგალითად, მორალური განვითარების თეორიები ცდილობენ აჩვენონ ის, რომ ადამიანი განვითარების სხვადასხვა საფეხურზე განსხვავებულად მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებებს მორალურ საკითხებზე. პიაჟეს კოგნიტური განვითარების თეორიის, ხოლო მოგვიანებით კოლბერგის მორალური განვითარების თეორიის მიხედვით, მორალური განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე მყოფი ადამიანი უფრო მეტად იღებს მორალურ გადაწყვეტილებებს და შესაბამისად, ახორციელებს მორალურ ქცევას. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ მორალური განვითარების თეორიები მრავალი წლის მანძილზე დომინანტური იყო მორალური ქცევის გაგებისას, ემპირიულმა კვლევებმა არ დაადასტურა მორალური განვითარების და მორალური ქცევის კავშირი, რაც გულისხმობდა იმას, რომ მსჯელობასა და ქცევას შორის არსებობს განსვლა და მორალური ქცევის წინასწარმეტყველებისას აუცილებელია სხვა ფაქტორის გათვალისწინება.

ამის საპირისპიროდ, ჩნდება თეორიები, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ობიექტურ მორალურობას და ადგილს არ უტოვებს აგენტობის რაციონალურობას. მათ შორის პერსონოლოგიური, იდენტობის, პრაგმატული; სოციალურ ინტუიციური თეორიები.

ჩამოთვლილ თეორიებში ყველაზე ფართოდ განხილული არის ჰაიდტის სოციალურ-ინტუიტური თეორია , რომელიც მორალურობას - სწორსა და არასწორს ნებისმიერ საკითხში განიხილავს როგორც პრე-რაციონალურს, რაც დამოკიდებულია პიროვნულ, კულტურულ და ისტორიულ კონტექსტზე. მსგავს კონტექსტთან შესაბამისი შეხედულებით, მსჯელობა სწორსა და არასწორზე ვერ იქნება ვალიდური თუკი არ გავითვალისწინებთ „ვის მიმართ“, ან „როდის“ ან „რა გადმოსახედიდან“ იქნება ეს მიმართული. ჯგუფის დონეზე, მორალურობა შეფასებულია კონკრეტულ იმ საზოგადოების წესებთან, ნორმებთან და საჭიროებებთან შესაბამისობა, რომელი საზოგადოებაც ქმნის ღირებულებებს.

ჰაიდტი, მის თეორიაში ინტუიტიურ საფუძვლებს განიხილავს მორალის საწყისად. ის საუბრობს, რომ მხოლოდ რაციონალური მსჯელობა ვერ იქნება მორალური განსჯის საფუძველი, გამომდინარე იქიდან, რომ ხშირ შემთხვევაში, სწორედ პირველადი ემოციური რეაქციები განაპირობებენ რაციონალურ მსჯელობათა იმ ჯაჭვს, რომლითაც ჩვენ ამა თუ იმ ქცევას მორალურად ვაფასებთ. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სოციალურ-ინტუიციური თეორია საფუძვლიანად მიმოიხილავს მორალური მსჯელობის საწყისებს და რაციონალობა-აფექტურობას შორის კავშირს, ემპირიული კვლევები მორალურ მსჯელობასა და მორალურ ქცევას შორის სუსტ კავშირზე მიგვითითებს. იმ მიზნით, რომ აეხსნათ არსებული განსვლა მსჯელობასა და ქცევას შორის, მკვლევარებმა დაიწყეს ფიქრი იმაზე, რომ მორალური ქცევის განხორციელებისთვის უფრო მნიშვნელოვანია ის, თუ რამდენად მორალურად მიაჩნია ადამიანს საკუთარი თავი და რამდენად ახლოს არის მისი პიროვნებისთვის ესა თუ ის მორალური მახასიათებელი. სწორედ აქ ჩნდება ტერმინი „მორალური იდენტობა“. მორალური იდენტობა განმარტებულია როგორც „ის თუ რამდენად მნიშვნელოვანია მორალურ პიროვნებად ყოფნა საკუთარი თავის განსაზღვრისას“. მიუხედავად იმისა, რომ მორალური იდენტობა გარკვეული ხარისხით ყველა ადამიანის ნაწილია, აქაც შეიძლება იყოს ინდივიდუალური განსხვავებები იმის მიხედვით, თუ რამდენად მნიშნელოვანია ეს იდენტობა პიროვნებისთვის.

მიუხედავად მორალური იდენტობის მნიშვნელობისა, არსებობს განსხვავებული მიდგომაც, რომელიც მორალურ იდენტობასა და მორალურ ქცევას შორის კავშირს ასუსტებს. ბატსონმა და კოლეგებმა სხვადასხვა ექსპერიმენტის შედეგად აჩვენეს, რომ ადამიანები უფრო მეტად არიან ორიენტირებულები იმაზე, რომ შეინარჩუნონ მორალური იმიჯი, ვიდრე იმაზე რომ უშუალოდ მორალური ქცევა განახორციელონ. სხვა სიტყვებით, ადამიანებს სურთ რომ შეინარჩუნონ მორალური პიროვნების იმიჯი შესაბამისი ქცევის განხორციელების გარეშე. ამ მოსაზრებას აგრეთვე მხარს უჭერს მორალური ლიცენზირების თეორია, რომლის მიხედვითაც, თუკი ადამიანი წარსულში (ცოტა ხნით ადრე) მოიქცევა საკუთარი მორალური იდენტობის შესაბამისად (მორალურად), ის საკუთარ თავს „უფლებას აძლევს“ აღარ მოიქცეს მორალურად და მაინც შეინარჩუნოს საკუთარ თავზე დადებითი წარმოდგენა.

მორალური იდენტობის და მორალური ქცევის კავშირის დასადგენად ავტორებმა 111 კვლევა გაანალიზეს, რომლის შედეგადაც გაირკვა, რომ მორალურ იდენტობასა და მორალურ ქცევას შორის ნამდვილად არის დადებითი კავშირი.

თუმცა ბუნებრივია, მხოლოდ არსებული კვლევების მიმოხილვა არ არის სრულყოფილი პასუხი კითხვაზე, თუ რა განაპირობებს მორალურ ქცევას და რა შემთხვევაში ერთვებიან ადამიანები მორალურ ქცევაში. მიუხედავად იმისა, რომ მორალური იდენტობა მორალურ ქცევას წინასწარმეტყველებს, ავტორები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია მორალური მსჯელობის და მორალური ემოციების გათვალისწინება და არ შეიძლება რომელიმე მათგანისთვის ცალსახად პრიორიტეტის მინიჭება. ნაცვლად ამისა, მორალური იდენტობა უნდა განიხილებოდეს უფრო ფართო კონცეპტუალურ ჩარჩოში, სადაც მორალური ქცევისას პიროვნული და სიტუაციური ფაქტორები იქნება.

საერთაშორისო მორალი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საერთაშორისო მორალი ეს არის სოციალური ქცევის წესების ერთობლიობა, აღიარებული სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობით, საერთაშორისო საზოგადოებრიობის მიერ, როგორც კაცობრიობის განვითარების დღევანდელი საფეხურისგან განუყოფელი ნორმა, რომელსაც ან ჯერ არ აქვს იურიდიული ძალა ან უკვე შერწყმულია მოქმედ სამართლებრივ ნორმასთან. დღეისათვის აღიარებულია, რომ თანამედროვე საერთაშორისო სამართალს საფუძვლად უდევს კაცობრიობის განვითარების პროცესში ჩამოყალიბებული ზოგადსაკაცობრიო ფასეულობები, რომლებიც, პირველ რიგში, სამართლიანობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს შეიცავს. როგორც წესი, საერთაშორისო საზოგადოებრიობის წარმოდგენა - რა არის მორალური, ზნეობრივი, წინ უსწრებს სამართლებრივი ნორმების ჩამოყალიბებას და მისი დარღვევისათვის, მხოლოდ საზოგადოებრივი გაკიცხვის ზომებს ეყრდნობა. ეს არის ეთნიკური ღირებულებებისა და ნორმების ერთობლიობა, რომელიც საერთაშორისო სამართალს არ მიეკუთვნება, მაგრამ ზოგიერთი მოსაზრებით, საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვის საფუძველი უნდა იყოს. რეალიზმის სკოლა საერთაშორისო მორალის ობიექტურ არსებობას უარყოფს. ამ სკოლის მიმდევართათვის პოლიტიკური ქმედება და ზნეობა თავსებადია მხოლოდ სახელმწიფო ინტერესების ფარგლებში. ზნეობის ისეთი კატეგორიები, როგორიცაა სამართლიანობა და თანასწორობა, მხოლოდ სახელმწიფოს შიგნით შეიძლება განხორციელდეს. რეალისტური მიდგომის მოწინააღმდეგეთა აზრით, ზნეობის საკითხში კაცობრიობის ეროვნული ინტერესების მიხედვით დაყოფა მცდარია, რადგან ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ზნეობრივი მოვალეობები როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საზღვრებს მიღმაც აკისრიათ. საზღვრები ზნეობრივ პრინციპებს არ უნდა ცვლიდეს. ისეთი საკითხები, როგორიცაა თვითგამორკვევა, ადამიანის უფლებები და უნივერსალური სამართლიანობა, საყოველთაო-საკაცობრიო ხასიათისაა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Churchland, Patricia Smith (2011). Braintrust : What Neuroscience Tells Us about Morality. Princeton, NJ: Princeton University Press. ISBN 978-0-691-13703-2.  (Reviewed in The Montreal Review)
  • Richard Dawkins, "The roots of morality: why are we good?", in The God Delusion, Black Swan, 2007 (ISBN 978-0-552-77429-1).
  • Harris, Sam (2010). The Moral Landscape: How Science Can Determine Human Values. New York: Free Press. ISBN 978-1-4391-7121-9. 
  • Lunn, Arnold, and Garth Lean (1964). The New Morality. London: Blandford Press.
  • John Newton, Complete Conduct Principles for the 21st Century, 2000. ISBN 0967370574.
  • Prinz, Jesse (Jan–Feb 2013). „Morality is a Culturally Conditioned Response“. Philosophy Now.
  • Stace, Walter Terence (1937). The Concept of Morals. New York: The MacMillan Company; Reprinted 1975 by permission of Macmillan Publishing Co. Inc., and also reprinted by Peter Smith Publisher Inc, January 1990. ISBN 978-0-8446-2990-2. 
  • Trompenaars, Fons (2003). Did the Pedestrian Die?: Insights from the World's Greatest Culture Guru. Oxford: Capstone. ISBN 978-1-84112-436-0. 
  • Yandell, Keith E. (1973). God, man, and religion: readings in the philosophy of religion. McGraw-Hill.  containing articles by Paterson Brown:
  • Ashley Welch, "Virtuous behaviors sanction later sins: people are quick to treat themselves after a good deed or healthy act" March 4, 2012.
  • Roberto Andorno, "Do our moral judgements need to be guided by principles?" Cambridge Quarterly of Healthcare Ethics, 2012, 21(4), 457–65.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჭაბაშვილი მ., უცხო სიტყვათა ლექსიკონი, თბ., 1989, გვ. 63-68
  2. სოციალურ და პოლიტიკურ ტერმინთა ლექსიკონი–ცნობარი, თბ., 2004, გვ. 351
  3. კვიციანი მ., მესტვირიშვილი მ., ქამუშაძე თ., ფანჯიკიძე მ., მორალური იდენტობა, როგორც მორალური ქცევის აუცილებელი პირობა, GESJ: Education Science and Psychology 2019, No.4 (54), გვ: 89-90