ნიშნობა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ნიშნობა, დანიშვნა, დაწინდვა, დაბელგვა, ვაჟის მიერ ქალის საცოლედ დაბევება. გავრცელებული იყო მსოფლიოს მრავალ ხალხში და ქორწინების ერთ-ერთ სავალდებულო წინაპირობას წარმოადგენდა. ნიშნობამ დროთა ვითარებაში ქართველებშიც და სხვა ხალხებშიც მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, მაგრამ ბოლომდე მაინც წესად დარჩა ვაჟის მიერ საცოლისათვის რაიმე ნივთიერი ნიშნის (ძველი ქართული წინდი, ნიშანი, ბელგა) მიტანა.

საქართველოში ისტორიულად ქალის დაწინდვის ანუ დანიშვნის სხვადასხვა წესი იყო ცნობილი (აკვანში დანიშვნა, მცირეწლოვანთა დანიშვნა, გარიგებით დანიშვნა და სხვა). თუმცა ნიშნობის ეს წესები საქართველოს ცალკეულ რეგიონებში გარკვეული თავისებურებებით ხასიათდებოდა, მთავარი მომენრები მაინც საერთო ჰქონდათ: მოყვრობაზე შეთანხმების ინიციატორად გამოდიოდა ვაჟის მხარე, რაც გამოიხატებოდა ქალის ოჯახში მისი შუაკაცის მისვლით და საპატარძლოს თხოვნით. მატერიალური პასუხისმგებლობა ეკისრებოდა ვაჟის ოჯახს, რომელიც ვალდებული იყო, ადგილობრივი წეს-ჩვეულების შესაბამისად, ქალის ოჯახისა და საპატარძლოსათვის მიერთმია საჩუქრები და ძღვენი (მ. შ. პირველ რიგში, სანიშნო ბეჭედი). ქალის ოჯახის მიერ ნიშნის მიღება დამოყვრების ნიშნად ნიშნობის რიტუალის შესრულება და ქალ-ვაჟის დალოცვა ქორწინების აუცილებელ პირობად იყო მიჩნეული და მისი დარღვევა დანაშაულად ითვლებოდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ითონიშვილი ვ., ქსე, ტ. 7, გვ. 453, თბ., 1984