წმინდა სიდონია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან სიდონია)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
წმ. სიდონია უფლის კვართით

სიდონია - ერთ-ერთი პირველი ქართველი წმიდანი, რომელთანაც დაკავშირებულია უფალ იესო ქრისტეს კვართი. მისი ხსენების დღე ემთხვევა მცხეთობის ანუ სვეტიცხოვლობის საეკლესიო დღესასწაულს, ანუ 14 ოქტომბერს.

სიდონია და უფლის კვართი[რედაქტირება]

როდესაც იერუსალიმში სინედრიონის მიერ მაცხოვრის მისამართით შეთქმულება მზადდებოდა, ანა მღვდელმთავარმა ქართლიდან იხმო ქართველი ურიები ელიოზ მცხეთელი და ლონგინოზ კარსნელი. ელიოზის დედამ გამგზავრების წინ თავის შვილს სთხოვა მესიის სისხლის დათხევაში მონაწილეობა არ მიეღო, „რამეთუ ის არის სიტყვა წინასწარმეტყველთა და იგავი ბრძენთაგან თქმული“. იმ დროს, როდესაც მაცხოვარს ჯვარზე აკრავდნენ, ელიოზის დედას სასწაულებრივად ესმოდა ჩაქუჩების ხმა. მან შესძახა: „მშვიდობით, მეუფებაო ჰურიათაო, რამეთუ მოჰკალთ თავისა მაცხოვარი და მჴსნელი და იქმნენით ამიერითგან მტერ შემოქმედისა“! და უმალვე განუტევა სული.

მას შემდეგ, რაც უფლის კვართზე წილი იყარეს, ის სწორედ მცხეთელებს ხვდათ და მათ ეს კვართი ქართლში ჩამოაბრძანეს. დაბრუნებულ ელიოზს თავისი და სიდონია შეეგება, რომელმაც გამოართვა უფლის კვართი, გულში ჩაიკრა და ტირილითა და გოდებით სული განუტევა. ამ ამბავმა მეფე ადერკის ყურამდეც მიაღწია და მან გადაწყვიტა შეემოსა კვართი, მაგრამ ვერანაირად შესძლეს მისი მოშორება სიდონიას გაცივებული ხელებიდან. იძულებულნი შეიქმნენ, სიდონია კვართიანად დაემარხათ.

სვეტიცხოველი[რედაქტირება]

გავიდა სამი საუკუნე და იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. სულ მალე კი კაპადოკიიდან ქართლში მოსულმა წმინდა ნინომ ჯერ მირიან მეფე და ნანა დედოფალი მოაქცია რჯულზე, ხოლო შემდეგ მეფისავე თანადგომითა და მრავალი სასწაულის წყალობით მთელი ქართლი გააქრისტიანა.

ერთხელ მირიან მეფემ სამეფო ბაღში ეკლესიის აშენება გადაწყვიტა და ხუროებმა ნაძვის ხისაგან გამოთლილი შვიდი სვეტიდან მხოლოდ ექვსის აღმართვა შეძლეს, მეშვიდე კი ვერაფრით დაძრეს ადგილიდან. წმინდა ნინომ ილოცა და გამთენიისას ზეცით გარდმოხდენილმა „ყოვლად ცეცხლითა მობლარდნილმა“ ჭაბუკმა თორმეტი წყრთის სიმაღლეზე აღამაღლა სვეტი და ჰაერში გააჩერა.

კონსტანტინე დიდმა მირიან მეფის მოქცევის შესახებ რომ შეიტყო, მას და ახლადგაქრისტიანებულ ქართველ ერს საჩუქრად გამოუგზავნა უფლის ხატი, ცხოველმყოფელი ჯვრის ნაწილი და კვარცხლბეკი სამსჭვალითურთ. ამავე დროს წმინდა ნინომაც უთხრა მირიან მეფეს, რომ მცხეთაში დავანებული ყოფილიყო კიდევ ერთი დიდი სიწმინდე - თვით უფლის კვართი.

მცხეთაში ერთ კლდოვან ფერდობზე სასწაულმოქმედი და სურნელოვანი ხე ჰყვაოდა, რომელთანაც მიახლებით თურმე დაჭრილი ნადირი იკურნებოდა. რევიმ, მირიანის ძემ, ეპისკოპოს იოანეს კურთხევითა და ერის თანადგომით თავის ყლორტებიანად მოჭრა ეს ხე და ეკლესიის სამხრეთით აღმართა. 37 დღის მანძილზე ამ ხის ფოთლებს ფერიც კი არ შეუცვლიათ. შემდეგ კი მისგან სამი ჯვარი გამოთალეს.

ამის შემდეგ ხალხი მასიურად ხედავდა ერთსა და იმავე სიზმარს: ეკლესიას თავს ვარსკვლავებით გარშემორტყმული ჯვარი ედგა, რომელთაგანაც ორი ცისკრის მნათობი გამოეყოფოდა სხვა დანარჩენ ვარსკვლავებს და ერთი აღმოსავლეთისკენ, მეორე კი დასავლეთისკენ მიდიოდა. თვით ჯვარი კი არაგვის იქით კლდის თავზე ჩერდებოდა და იქიდან ზეცაში უჩინარდებოდა. წმინდა ნინოს რჩევით მირიან მეფემ ერთი ჯვარი თხოთის მთაზე, მეორე კი უჯარმაში აღამართინა. მესამე ჯვარს ადგილი რომ ვერ შეურჩიეს, მირიან მეფემ უფალს შესთხოვა შემწეობა და ანგელოზის პირით უწყების შემდეგ ის არაგვის გაღმით კლდეზე აღამართინა.

აღიმართა თუ არა ეს მესამე ჯვარი, იმავე წუთს ყველა კერპი დაინგრა ქართლში.

როდესაც მირიან მეფის აღსასრულის დრო დადგა, მან დაიბარა, რომ დაეკრძალათ ზემო ეკლესიაში - სამთავროს დედათა მონასტერში და არა ქვემო ეკლესია ”წმიდათა წმიდაში” (ამჟამინდელი სვეტიცხოველი) იმ მოკრძალების გამო, რაც მას ნათლის სვეტის მიმართ ჰქონდა.

ლიტერატურა[რედაქტირება]

წმიდანთა ცხოვრება, ტომი IV, თბილისი, 2001 წ