ენქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ენქერი

ენქერი (ბერძ. ἐπιγονάτιον - ლახვარი) — მღვდელმსახურის შესამოსელი. ოთხკუთხოვანი რომბისებური ფორმის ქსოვილი ჯვრის გამოსახულებით, რომელსაც ერთ კუთხეზე თასმა აქვს დამაგრებული მხარზე დაკიდვისთვის. ენქერს ეპისკოპოსი სარტყელის შემოსვის შემდეგ იკეთებს, მარჯვენა გვერდზე. ღვაწლმოსილი და გულმოდგინე მსახურებისათვის, ენქერის ტარების უფლებით მღვდელმთავრისაგან ჯილდოვდებიან დამსახურებული მღვდლები, რომლებიც მას ასევე მარჯვენა მხარეს ატარებენ. ასეთ შემთხვევაში საგვერდული მარცხენა მხარეს კეთდება. არქიმანდრიტისათვის, ისევე, როგორც მღვდელმთავრისათვის, ენქერი სამოსის აუცილებელი ნაწილია.

სიმბოლურად ენქერი ნიშნავს ღვთის ძალის სიდიადეს და მაცდურზე, ეშმაკზე გამარჯვებას, ამასთანავე აღნიშნავს სულიერ მახვილის, ანუ ღვთის სიტყვას, რომლითაც შეიარაღებულნი უნდა იყვნენ სასულიერო პირები ურწმუნოებასა და უწმინდურებასთან საბრძოლველად, ისევე როგორც საგვერდული. გარდა სიმბოლური დატვირთვისა, მას აქვს პრაქტიკული დანიშნულებაც. სასულიერო პირს შეუძლია გამოიყენოს დაჩოქვისას, მუხლების დასადებად.

წმინდა გერმანე კონსტანტინოპოლელი ენქერზე წერს:

სარტყელზე ჩამოკიდული ენქერი ქრისტეს ხელსაწმენდს ნიშნავს. სარტყელზე ენქერის ქონა მოასწავებს, აგრეთვე, პილატეს, რომელმაც ხელები შეიმშრალა მასზე და ეს თქვა: „უდანაშაულო ვარ“ (მათე XXVII.24).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, №19 2004 წ.
  • „საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა“, გაზ. „საეკლესიო სიწმინდენი“, №1, 2000.
  • „საქართველოს ეკლესიის კალენდარი“, 2005. წ.
  • „ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი“