მარი ადელაიდა დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარი ადელაიდა დე ბურბონი
Portrait of Louise Marie Adélaïde de Bourbon by Vigée Lebrun.jpg
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 18 ნოემბერი, 1785
მმართ. დასასრული: 6 ნოემბერი, 1793
წინამორბედი: ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი
მემკვიდრე: მარია ამალია ნეაპოლელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 13 მარტი, 1753
დაბ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 23 ივნისი, 1821, (68 წლის)
გარდ. ადგილი: ვალ-დე-მარნი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი
(ქ. 1769 - გარდ. 1793)
შვილები: ლუი ფილიპ I, საფრანგეთის მეფე
ანტუან ფილიპი, მონტპენსიერის ჰერცოგი
ფრანსუაზი
ადელაიდა
ლუი შარლი, ბეჟოლუას გრაფი
სრული სახელი: ლუიზ მარი ადელაიდა დე ბურბონ-პენტიევრი
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი ჟან მარი, პენტიევრის ჰერცოგი
დედა: მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტე
რელიგია: კათოლიციზმი

მარი ადელაიდა დე ბურბონი (ფრანგ. Marie Adélaïde de Bourbon; დ. 13 მარტი, 1753 — გ. 23 ივნისი, 1821) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ლუი XIV-ის შვილიშვილის, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარისა და მისი ცოლის, მარია ტერეზა ფელიჩიტა დ’ესტეს ქალიშვილი. ძმისა და მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობით მიიღო დიდი ქონება და ტიტულები. საფრანგეთის რევოლუციის დროს იგი ოჯახთან ერთად ჯერ ნორმანდიაში, შემდეგ კი ესპანეთში გაიქცა. 1768 წელს ცოლად გაჰყვა ორლეანის ჰერცოგ ლუი ფილიპ II-ს, რომელიც 1793 წელს გარდაიცვალა. მათი მრავალი შვილიდან აღსანიშნავია საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I. იგი იყო გამოჩენილი პრინცესა დე ლამბალის მული და ბურბონთა დინასტიის პენტიევრის შტოს უკანასკნელი წარმომადგენელი.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ადელაიდა დაიბადა 1753 წლის 13 მარტს პარიზში, საფრანგეთში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის შვილიშვილის, პენტიევრის ჰერცოგ ლუი ჟან მარ დე ბურბონისა და მისი მეუღლის, მარია ტერეზა ფელიჩიტა მოდენელის ასული. 1754 წელს დედამისი მეშვიდე მშობიარობას გადაჰყვა. პატარა მარი ადელაიდას მიენიჭა მადმუაზელ დ'ივოის წოდება, როდესაც წამოიზარდა კი მისი წოდება მადმუაზელ დე პენტიევრით შეიცვალა და ამ ტიტულს ატარებდა გათხოვებამდე. ეს ტიტული მან მას შემდეგ მიიღო, რაც მისი უფროსი და, მარი ლუიზი მცირეწლოვან ასაკში, მარი ადელაიდას დაბადებიდან ექვს თვეში გარდაიცვალა.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მადმუაზელ პენტიევრი მამამისთან ერთად

დაბადებისთანავე, იგი აღსაზრდელად მადამ დე სურსის მიაბარეს, ხოლო როდესაც ცოტა წამოიზარდა განათლების მისაღებად პარიზთან ახლოს მდებარე მონმარტის სააბატოში გაუშვეს, სადაც მან შემდგომი თორმეტი წელი გაატარა. როგორც ბავშვი, იგი ძალიან ენერგიული იყო და მარტივად ასრულებდა ნებისმიერ ფიზიკურ აქტივობას. ცნობილია, რომ იგი მის ძმაზე ბევრად უფრო ღონიერი იყო, რის გამოც მისი ძმის, ლუი ალექსანდრის რეპუტაცია ყოველთვის მარი ადელაიდას ჩრდილში იყო.

ქორწინება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1768 წლის 8 მაისს, მისი ძმის გარდაცვალების შემდეგ მარი ადელაიდა მამის უზარმაზარი ქონებისა და ტიტულების მემკვიდრე გახდა.

ჯერ კიდევ მისი ბავშვობიდანვე იგეგმებოდა მისი მითხოვება ორლეანის მომავალ ჰერცოგზე. ეს დინასტიური ქორწინება დაგეგმეს პენტიევრის ჰერცოგმა ლუი ჟან მარმა და ორლეანის ჰერცოგმა ლუი ფილიპ I-მა, რომლის მიხედვითაც მარი ადელაიდა ცოლად მიჰყვებოდა ორლეანის მომავალ ჰერცოგს, იმჟამად შარტრის ჰერცოგ ლუი ფილიპს. ორლეანებს დიდად არ სურდათ არალეგიტიმური წარმოშობის მქონე მარი ადელაიდას შერთვა, თუმცა მას შემდეგ რაც მისი ძმა გარდაიცვალა და იმ უზარმაზარი ქონების მემკვიდრე მხოლოდ ის გახდა, ორლეანელებმა აზრი შეიცვალეს. მიუხედავად იმისა, რომ მარი ადელაიდას თავისი საქმრო უკვე უყვარდა, ლუი XV-მ ისინი მაინც გააფრთხილა, რომ ორლეანელები მათ ქონებას ხელში ჩაიგდებდნენ. ლუი XV ყველანაირად ცდილობდა, რომ ტახტზე დიდი პრეტენზიების მქონე ორლეანელებისათვის რამენაირად ხელი შეეშალა ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოხვეჭაში. ცნობილია, რომ ლუიმ მარი ადელაიდას მამას ასეთი რამ უთხრა: "შენ ცდები, ჩემო ბიძაშვილო, შარტრის ჰერცოგს ცუდი ხასიათი აქვს: ის ძალიან აღვირახსნილია, შენი ქალიშვილი მასთან ბედნიერი ვერ იქნება. ნუ აჩქარდები, მოიცადე !".

მარი ადელაიდას და ლუი ფილიპის ქორწინება 1769 წლის 5 აპრილს შედგა, რის შემდეგაც მარი ადელაიდას შარტრის ჰერცოგინიის წოდება მიენიჭა და იწოდებოდა როგორც მადმუზაელ დე შარტრი. ამის შემდეგ ლუი XV-მ უმასპინძლა სამეფო ვახშამს, რომელზეც მთელი ფრანგული არისტოკრატია იყო წარმოდგენილი. მალევე მარი ადელაიდას თვიური შემოსავალი 400, 000 ლივრამდე გაიზარდა, მამის გარდაცვალების შემდეგ კი გაუორმაგდა.

ჰერცოგინია დე შარტრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პენტიევრების ოჯახი. მარცხნიდან მარჯვნივ: პენტიევრის ჰერცოგი ლუი ჟან მარ დე ბურბონი, მისი სიძე, ორლეანის ჰერცოგი ლუი ფილიპ II, მისი ქალიშვილი, ორლეანის ჰერცოგინია მარი ადელაიდა, მისი რძალი, პრინცესა დე ლამბალი მარია ტერეზა ლუიზა სავოიელი და დედამისი, ტულუზის გრაფინია მარი ვიქტორია დე ნოალი

ქორწინების პირველი თვეების მანძილზე წყვილი ძალიან ბედნიერად და შეხმატკბილებულად ცხოვრობდა, თუმცა ამის შემდეგ ჰერცოგი კვლავ ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდა და ოჯახის გაძღოლა დაიწყო.

1772 წლის ზაფხულში მარი ადელაიდამ მკვდარი გოგონა დაბადა, რის შემდეგაც მისმა ქმარმა საიდუმლო კავშირი გააბა გენლის გრაფინია სტეფანი ფელისიტ დე სენ-ალბისთან, რომელიც მამამისის საყვარლის, მადამ დე მონტესონის ფრეილინა იყო. მათი ვნებიანი რომანი სულ რამდენიმე თვეში შეწყდა, რადგანაც ლუი ფილიპს საყვარელზე გული გაუცივდა, 1773 წლის დამდეგს კი ისინი საბოლოოდ დაშორდნენ ერთმანეთს. მთელი ამ რომანის შემდეგ, სტეფანი ფელისიტა კვლავ მარი ადელაიდასა და ლუი ფილიპის სამსახურში დარჩა, თუმცა ახლა უკვე არა როგორც საყვარელი, არამედ როგორც სანდო მეგობარი. მალე ის და მარი ადელაიდა დამეგობრდნენ კიდეც, რასაც 1777 წელს ტყუპი გოგონების დაბადება მოჰყვა.

1782 წლიდან მარი ადელაიდამ თავისი შვილებისთვის აღმზრდელისა და მასწავლებლების ძიება დაიწყო, რაზეც სურვილი გრაფინია დე გენლმა გამოთქვა. ჰერცოგინია შარტრი დასთანხმდა მეგობრის ამ შემოთავაზებას, თუმცა მათ ურთიერთობაში თანდათან დიდი ბზარი გაჩნდა, 1790 წელს კი მათი ურთიერთობა გაუსაძლისი გახდა. ამავე დროს, მარი ადელაიდას ურთიერთობა დაეძაბა თავის ქმართანაც, რომელთანაც ახლა უკვე მხოლოდ წერილების საშუალებით კონტაქტობდა. ბარონ დ'ობერკირშის მემუარებში მარი ადელაიდა აღწერილია შემდეგნაირად: "... ყოველთვის მელანქოლიურ ხასიათზე იყო და გარშემო არაფერი ადარდებდა. იშვიათად შესაძლოა გაეღიმა, თუმცა იგი არასდროს იცინოდა..."

1785 წლის 18 ნოემბერს, მისი მამამთილის, ჰერცოგი ლუი ფილიპ I-ის გარდაცვალების შემდეგ ორლეანის ჰერცოგი მისი ქმარი ხდება, მარი ადელაიდა კი უკვე ორლეანის ჰერცოგინიად გვევლინება. ახლა უკვე კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა იგი სამეფო ტახტს, თუმცა იგი ამასთან დაკავშირებით არანაირ ემოციას არ გამოხატავდა. მეტის, ამ ყოველივეს შემდეგ იგი კიდევ უფრო დეპრესიულიც კი გახდა.

რევოლუცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაქცევა და პატიმრობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ადელაიდა თავის მეუღლესთან და შვილებთან ერთად

1789 წლიდან საფრანგეთში რევოლუცია დაიწყო, რომლის მთავარი მიზანიც გათავხედებული მონარქებისა და არისტოკრატების დამხობა და რესპუბლიკის შექმნა იქო. აბობოქრებულმა რევოლუციონერებმა მალევე ბევრი არისტოკრატი დააპატიმრეს და დახოცეს, ბევრმა დიდგვაროვანმა ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში გაქცევით უშველა თავს. მეფე და დედოფალიც ცდილობდნენ ინგლისში გაქცეულიყვნენ, თუმცა ისინი საზღვარზე იცნეს და დააპატიმრეს. ასევე დააპატიმრეს მარი ადელაიდას ძმის ქვრივი პრინცესა დე ლამბალიც, რომელიც დედოფალ მარია ანტუანეტას უერთგულესი მეგობარი იყო. ასეთ ვითარებაში, 1791 წელს პენტიევრის ჰერცოგმა ლუი ჟან მარი ნორმანდიაში მდებარე მიყრუებულ შატო დე ბიზიში გაიქცა, რომელიც ზღვაში, კუნძულ ვერნოზე იყო აგებული და რევოლუციონერებისაგან შედარებით დაცული იყო. მალევე, მარი ადელაიდამ ქმართან და შვილებთან ერთად დატოვა პარიზი და ნორმანდიაში მამას შეაფარა თავი.

ამ ამბიდან რამდენიმე თვეში, დატყვევებული მეფე ლუი XVI, დედოფალი მარია ანტუანეტა, პრინცესა დე ლამბალი და სხვა სამეფო ოჯახის წევრები კვლავ შეეცადნენ ინგლისში გაქცევას, რომელთაც ამჯერად უკვე მარი ადელაიდა და მისი ოჯახიც შეუერთდა, თუმცა 20 ივნისს ისინი ვენსენთან დააკავეს. სამეფო ოჯახის წევრები ერთმანეთს დააშორეს და სხვადასხვა საპატიმროებში წაიყვანეს, თუმცა მარი ადელაიდა, მამამისი და მისი ქმარ-შვილი გარკვეული მიზეზების გამო შეიწყალეს და შატო დ'ანეტში დააბინავეს.

ანეტში პარიზიდან სულ უფრო და უფრო შემზარავი ამბები მისდიოდათ. 1792 წლის 3 სექტემბერს მხეცურად, ქუჩაში მოკლეს პრინცესა დე ლამბალი, რამაც მარი ადელაიდა შეაძრწუნა. მალევე რევოლუციონერებმა ჯერ მეფე ლუი XVI-ს, შემდეგ დედოფალ მარია ანტუანეტას, შემდეგ კი მათ მეგობრებს გილიოტინაზე თავები მოჰკვეთეს. მათ რიგებს მალევე შეუერთდა მეფის დაც, პრინცესა ელიზაბეტი. ცნობილია, რომ თავისა და ოჯახის გადასარჩენად, ჰერცოგმა ლუი ფილიპემ მეფის სიკვდილით დასჯას ხმა მისცა, თუმცა "დიდი ტერორის" დროს იგი მოღალატედ და დამნაშავედ სცნეს და 1793 წლის 6 ნოემბერს ლუი ფილიპს გილიოტინაზე მოჰკვეთეს თავი. ამ დროს მარი ადელაიდა ლუქსემბურგის სასახლეში იყო გამოკეტილი თავის შვილებთან ერთად, მამამისი კი გარდაცვლილი იყო.

1794 წლიდან საფრანგეთში სიტუაცია შედარებით დასტაბილურდა. ამ დროს ხელისუფლება რობესპიერის ხელში გადავიდა, რომელმაც 1796 წელს მარი ადელაიდა გაანთავისუფლა, მხოლოდ იმ პირობით, რომ იგი ამერიკაში გადასახლდებოდა, შვილებს კი სამუდამოდ დაემშვიდობებოდა. თუმცა მარი ადელაიდამ შვილებთან ერთად შვეიცარიაში გაქცევა მოახერხა, საიდანაც უკვე გერმანიაში გადავიდა. გერმანიაში მან თავშესაფარი ჰესენ-როტენბურგის ლანდსაგრაფოში მიიღო, სადაც იგი მისი რძლის, პრინცესა დე ლამბალის დეიდამ, კაროლინა ჰესენ-როტენბურგელმა შეიფარა, თუმცა მალევე რევოლუციონერებმა მისი და მისი შვილების უკან, საფრანგეთში დაბრუნება მოახერხეს.

გაქცევა ესპანეთსა და იტალიაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ადელაიდა დე ბურბონი

1797 წლის 4 სექტემბერს მომხდარი ე.წ. "18 ბრიუმერის გადატრიალების" შემდეგ, ხელისუფლება ყველა ბურბონს ავალდებულებდა საფრანგეთის დატოვებას. მარი ადელაიდამ თავშესაფარი სთხოვა ამ დროისათვის უკვე ესპანეთში მცხოვრებ თავის მულ ბატილდ ორლეანელს. მალევე მარი ადელაიდა მასთან ჩავიდა. ისინი რამდენიმე წლის მანძილზე ერთად ცხოვრობდნენ ქალაქ სურიაში.

დევნილობაში მარი ადელაიდამ გამანადგურებელი ამბავი შეიტყო: საფრანგეთში დარჩენილი მისი ორი ვაჟი ავადმყოფობისაგან გარდაცვლილიყო.

1804 წელს საფრანგეთის იმპერატორი ხდება ნაპოლეონ I ბონაპარტე, რომელმაც ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოსთან ომები წამოიწყო. 1808 წელს ნაპოლეონი ესპანეთშიც შეიჭრა, ტახტიდან ჩამოაგდო ასევე ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი მეფე კარლ IV (რომელიც ოჯახთან ერთად იტალიაში გაიქცა, ცოლის სამშობლოში) და მის ნაცვლად ტახტზე თავისი ძმა ჟოზეფი დასვა. აქედან გამომდინარე, მარი ადელაიდა უკვე ესპანეთშიც ვეღარ დარჩებოდა, რის გამოც იგი სიცილიის ქალაქ პალერმოში გადასახლდა. 1809 წლის 25 ნოემბერს კავშირის შესაქმნელად მარი ადელაიდამ თავისი უფროსი ვაჟი ლუი ფილიპე დააქორწინა ნეაპოლისა და სიცილიის მეფე ფერდინანდ I-ის ასულ მარია ამალია ნეაპოლელზე, რომლის დედაც, დედოფალი მარია კაროლინა ავსტრიელი რევოლუციისას მოკლული დედოფალ მარია ანტუანეტას და იყო, რის გამოც მას სძულდა ფრანგი რევოლუციონერებიცა და ნაპოლეონიც. ამრიგად რევოლუციონერთა წინააღმდეგ ნამდვილად კარგი ალიანსი შეიქმნა, თუმცა ორი წლის თავად მარი ადელაიდასა და მის ვაჟს შორის ჩამოვარდა უთანხმოება.

საფრანგეთში დაბრუნება, გარდაცვალება და შემდგომ[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1814 წელს საფრანგეთში სიტუაცია კვლავ აირია: შორეული და წარუმატებელი რუსული ლაშქრობის შემდეგ, გადაღლილი ფრანგები ნაპოლეონს აუჯანყდნენ, ტახტიდან ჩამოაგდეს და ბონაპარტები საფრანგეთიდან გააძევეს. ბონაპარტები დაამხეს ესპანეთშიც, ჰოლანდიაშიც, ბელგიაში, იტალიასა და გერმანიაშიც. მალევე ყველგან ძველი რეჟიმი აღსდგა, ესპანეთსა და საფრანგეთში კი მოხდა ბურბონთა რესტავრაცია, ესპანეთში ფერდინანდ VII გამეფდა, საფრანგეთში კი ლუი XVIII. ამის შემდეგ დევნილი ბურბონები და არისტოკრატები, მათ შორის მარი ადელაიდაც საფრანგეთს დაუბრუნდა. მარი ადელაიდას ვაჟი ლუი ფილიპი ორლეანის ჰერცოგი გახდა და ახლა უკვე მშვიდად განაგრძობდნენ ცხოვრებას. მარი ადელაიდა გარდაიცვალა 1821 წლის 23 ივნისს, 68 წლის ასაკში. ამავე წელს, დევნილობაში გარდაიცვალა ნაპოლეონიც, სულ რაღაც ცხრა წელიწადში, 1830 წელს რევოლუციის გზით მარი ადელაიდას ვაჟმა ლუი ფილიპმა დაამხო მეფე შარლ X და თავი საფრანგეთის მეფედ გამოაცხადა ლუი ფილიპ I-ის სახელით, რითაც საფრანგეთში ორლეანელთა დინასტია გამეფდა, თუმცა 1848 წელს ნაპოლეონის ძმის შვილმა და სეხნიამ ნაპოლეონ III-მ ლუი ფილიპი დაამხო და თავი საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა. სწორედ ნაპოლეონ III იყო საფრანგეთის ისტორიაში უკანასკნელი მონარქი, რომელიც 1870 წელს დაამხეს და საფრანგეთი საბოლოოდ იქცა რესპუბლიკად.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ადელაიდასა და ლუი ფილიპს სულ ექვსი შვილი შეეძინათ:

  1. მკვდარშობილი ქალიშვილი (1771);
  2. ლუი ფილიპი (1773-1850), ვალუას, შარტრისა და ორლეანის ჰერცოგი, მოგვიანებით საფრანგეთის მეფე, ცოლად შეირთო მარია ამალია ნეაპოლელი, რომელთანაც ათი შვილი შეეძინა, რომელთაგან აღსანიშნავია ბელგიის დედოფალი მარი ლუიზი, ვიუტემბერგის ჰერცოგინია მარი და მონტესპიერის ჰერცოგი ანტუანი, რომელიც ესპანეთის მეფე ფერდინანდ VII-ის ასულ მარია ლუისაზე დაქორწინდა, რომელთა ქალიშვილი მერსედეს ორლეანელიც შემდგომში ესპანეთის დედოფალი გახდა;
  3. ლუი ანტუანი (1775-1782), მონტესპიერის ჰერცოგი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  4. ფრანსუაზი (1777-1782), მადმუაზელ დ'ორლეანი, გარდაიცვალა მცირეწლოვანი;
  5. ლუიზ მარი ადელაიდა (1777-1847), მადმუაზელ დე შარტრი, გარდაიცვალა გაუთხოვარი და უშვილო, აქტიურად მონაწილეობდა თავისი ძმის გასამეფებელ რევოლუციაში;
  6. ლუი შარლი (1779-1808), ბეჟოლუას გრაფი, გარდაიცვალა დაუოჯახებელი და უშვილო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • E. Delille, Journal de la vie de S.A.S. la duchesse d'Orléans, Paris, 1822 (ouvrage écrit par son secrétaire particulier)
  • Michel de Decker, La Veuve Égalité, Librairie Académique Perrin, Paris, 1981 ; réédité sous le titre La Duchesse d'Orléans, épouse de Philippe-Égalité, mère de Louis-Philippe, Pygmalion, Paris, 2001 (ISBN 2-85704-693-6)