ავგუსტა ბადენ-ბადენელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ავგუსტა ბადენ-ბადენელი
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 13 ივლისი, 1724
მმართ. დასასრული: 8 აგვისტო, 1726
წინამორბედი: ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
მემკვიდრე: ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 10 ნოემბერი, 1704
დაბ. ადგილი: აშაფენბურგი, ბავარია
გარდ. თარიღი: 8 აგვისტო, 1726, (21 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
დაკრძ. ადგილი: 16 აგვისტო, 1726
პარიზი
მეუღლე: ლუი, ორლეანის ჰერცოგი
შვილები: ლუი ფილიპ I, ორლეანის ჰერცოგი
ლუიზ მარი, მადმუაზელი
სრული სახელი: ავგუსტა მარია იოჰანა ფონ ბადენ-ბადენი
დინასტია: ცერინგენები
მამა: ლუდვიგ ვილჰელმი, ბადენ-ბადენის მარკგრაფი
დედა: სიბილა საქსენ-ლაუენბურგელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ავგუსტა ბადენ-ბადენელი (გერმ. Auguste von Baden-Baden, ფრანგ. Auguste de Bade-Bade; დ. 10 ნოემბერი, 1704 — გ. 8 აგვისტო, 1726) — ცერინგენთა დინასტიის წარმომადგენელი. ბადენ-ბადენის მარკგრაფ ლუდვიგ ვილჰელმის შუათანა ასული. ორლეანის ჰერცოგინია 1724-26 წლებში როგორც ლუი ორლეანელის ცოლი. საფრანგეთის მეფე ლუი ფილიპ I-ის დიდი ბებია და მისი ხაზით ევროპის მრავალი მონარქის წინაპარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავგუსტა დაიბადა 1704 წლის 10 ნოემბერს აშაფენბურგში, ბავარიაში. იგი იყო ბადენ-ბადენის მარკგრაფ ლუდვიგ ვილჰელმისა და მისი მეუღლის, პრინცესა სიბილა საქსენ-ლაუენბურგელის ასული. მისი მშობლების სამი შვილიდან იგი მეორე და ერთადერთი ასული იყო. ავგუსტას დედა თავის ქმარზე ოცი წლით უმცროსი იყო. როდესაც 1707 წელს მარკგრაფი ლუდვიგ ვილჰელმი დაიღუპა, ტახტზე ავგუსტას უმცროსი ძმა, ლუდვიგ გეორგი ავიდა, რომლის რეგენტიც დედამისი, სიბილა გახდა.

დედამისი ხელოვნების დიდ პატრონად იქცა. მან ბადენ-ბადენი ხელოვნებისა და კულტურის ცენტრად აქცია. დედამისის რეგენტობის დროს (1707-1727), სიბილამ უამრავი სასახლის რეკონსტრუქცია მოახდინა. ასევე ააგო უამრავი ახალი ტაძარი და სასახლე.

ავგუსტას დეიდა, ანა მარია ფრანცისკა საქსენ-ლაუენბურგელი, ტოსკანის დიდ ჰერცოგ ჯან გასტონ დე' მედიჩის მეუღლე იყო. სწორედ ამიტომ, დეიდამისი ხელს უწყობდა ავგუსტას იტალიური ქორწინების პერსპექტივას, რის გამოც მისი ხელი კარინიანოს პრინცმა ლუიჯი ვიტორიომ ითხოვა. მიუხედავად ამისა, თავად ავგუსტას დედას მისი გათხოვება საფრანგეთის სამეფო კარზე ჰქონდა განზრახული.

ორლეანის ჰერცოგინია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგენტი სიბილა თავისი ერთადერთი ასულის ქორწინებისათვის ორ მთავარ ობიექტს განიხილავდა, ესენი იყვნენ თურნ უნდ ტაქსისის გავლენიანი კურფიურსტი ალექსანდრ ფერდინანდი და საფრანგეთის მეფის ბიძაშვილი და ორლეანის ჰერცოგი ლუი ორლეანელი.

საბოლოო არჩევანი ამ ორ კანდიდატს შორის თავად ავგუსტაზე იყო დამოკიდებული, რომელმაც დედას თანხმობა განუცხადა ორლეანის ჰერცოგზე ქორწინებასთან დაკავშირებით. 1724 წლის 13 ივლისს, შკლოს რაშტატში შედგა ავგუსტა ბადენ-ბადენელისა და საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის შვილიშვილ ლუი ორლეანელის ქორწინება. ავგუსტას მისმა ოჯახმა მზითვად 80, 000 ლივრი და პატარა ვილა გაატანა.

ვერსალის სამეფო კარზე ცხოვრების პერიოდში მას ფრანგები ჟანას (მისი ნათლობის მესამე სახელი იოჰანა, რომელიც ფრანგულში გადადის როგორც ჟანა) ან ავგუსტა ბადენელს უწოდებდნენ. ამგვარი პრესტიჟული ქორწინების შემდეგ, გარდა საკუთრივ ორლეანის ჰერცოგინიისა, მას კიდევ მიენიჭა მადამ პრინცესისა და სისხლით პრინცესის ტიტულებიც, რაც მხოლოდ სამეფო ოჯახის წევრების პრივილეგია იყო. აღსანიშნავია, რომ ვერსალში იგი მალე გადაიქცა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს და დიდი გავლენის მქონე ქალად, რომლის აზრსაც თავად მეფე ლუი XV-ც კი ითვალისწინებდა. ამ დროისათვის მეფე ლუი მარიანა ვიქტორია ესპანელზე იყო დანიშნული, თუმცა ავგუსტას, მისი დედამთილის, ფრანსუაზ მარი დე ბურბონისა და კონდეს პრინცის გავლენებით ეს ნიშნობა ჩაიშალა და 1725 წელს ლუი XV-მ ცოლად პოლონეთის მეფე სტანისლავ I-ის ასული მარია ლეშჩინსკა შეირთო. ახალი დედოფლისათვის სამეფო კარის ეტიკეტის სწავლებაც ავგუსტას დაევალა. ის და მისი ქმარი დიდ დროს ატარებდნენ ორლეანელთა დინასტიის რეზიდენციაში, ანუ შატო დე სენ-კლოდში. მიუხედავად ამისა, მათი პირველი ვაჟი ლუი ფილიპი სწორედ ვერსალში დაიბადა 1725 წელს.

სულ მალევე ავგუსტა მეორედაც დაორსულდა. მისმა დედამთილმა, ფრანსუაზ მარი დე ბურბონმა იგი ძალით გაამწესა პარიზში, რადგან მას სურდა რომ მისი მეორე შვილიშვილი პარიზის სამეფო სასახლეში გაჩენილიყო. ავგუსტამ ვერსალი 1726 წლის 4 აგვისტოს დატოვა, 6 აგვისტოს კი პარიზში გოგონა გააჩინა, სახელად ლუიზ მარი.

ავგუსტა ბადენ-ბადენელი გარდაიცვალა 1726 წლის 8 აგვისტოს, 21 წლის ასაკში, მშობიარობის შემდგომი გართულებების შედეგად. იგი დაკრძალეს პარიზში, ვალ-დე-გრასის აკლდამაში. მის დაკრძალვას მთელი სამეფო კარი დაესწრო. სპეციალურად მის დაკრძალვაზე დასასწრებად ჩამოვიდნენ ლუი ორლეანელის მამიდაშვილებიც ლოთარინგიიდან. ამის შემდეგ ლუის მეორე ცოლი აღარ შეურთავს.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ლუი ფილიპ I (1725-1785), ორლეანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო ლუიზ ანრიეტა დე ბურბონი, რომელთანაც შეეძინა შვილები;
  2. ლუიზ მარი (1726-1728), გარდაიცვალა მცირეწლოვანი;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Dufresne, Claude, Les Orléans, CRITERION, Paris, 1991. Capitolo: Un prince par trop dévot.