ლუკრეცია ტორნაბუონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ლუკრეცია ტორნაბუონი
Ghirlandaio - lucreziatornabuoni.jpg
ფლორენციის სენიორა
მმართ. დასაწყისი: 1 აგვისტო, 1464
მმართ. დასასრული: 2 დეკემბერი, 1469
წინამორბედი: კონტესინა დე’ ბარდი
მემკვიდრე: კლარისა ორსინი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 22 ივნისი, 1427
დაბ. ადგილი: ფლორენცია
გარდ. თარიღი: 25 მარტი, 1482, (54 წლის)
გარდ. ადგილი: ფლორენცია
მეუღლე: პიერო მედიჩი
შვილები: მარია
ბიანკა
ლუკრეცია
ლორენცო
ჯულიანო
დინასტია: ტორნაბუონები
მამა: ფრანჩესკო ტორნაბუონი
დედა: ნანა გიჩიარდინი
რელიგია: კათოლიციზმი

ლუკრეცია ტორნაბუონი (იტალ. Lucrezia Tornabuoni; დ. 22 ივნისი, 1427 — გ. 25 მარტი, 1482) — იტალიელი არისტოკრატი, მწერალი, ფლორენციის სენიორა 1464-69 წლებში და თავისი ქმრის პირველი მრჩეველი. ფლორენციის სენიორ პიერო მედიჩის მეუღლე და კოზიმო მედიჩის რძალი. ფლორენციის ჰერცოგ ლორენცო მედიჩის დედა და ორი რომის პაპის: ლეო X-ისა და კლემენტ VII-ის ბებია, საფრანგეთის დედოფალ ეკატერინე მედიჩის დიდი ბებია.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლუკრეცია დაიბადა 1427 წლის 22 ივნისს ფლორენციაში, ფლორენციის რესპუბლიკაში. იგი იყო ადგილობრივი დიდგვაროვნის, ფრანჩესკო ტორნაბუონისა და მისი ცოლის, ნანა გიჩიარდინის ასული.

1444 წელს ლუკრეცია ცოლად შერთეს ფლორენციის სენიორ კოზიმო მედიჩის უფროს ვაჟს, პიერო მედიჩის, რომელიც მასზე ცხრა წლით უფროსი იყო. წყვილი იდეალურად შეეწყო ერთმანეთს და ბედნიერი ქორწინება ჰქონდათ. მათ საერთო ინტერესებს წარმოადგენდა ინტელექტუალური საუბრები, ასევე პოლიტიკა, ხელოვნება და კულტურა. სწორედ ფრანჩესკო ტორნაბუონის დახმარებით მოახერხეს მედიჩებმა ვენეციური დევნილობის შემდეგ კვლავ ფლორენციაში დაბრუნება და ძველი პოზიციების აღდგენა.

იგი ძალიან ბედნიერი იყო, როდესაც მედიჩების ოჯახი რომის სამეფო კარზე მიიღეს, რაც მისი უფროსი ვაჟის, ლორენცოს რომაელ დიდგვაროვან კლარისა ორსინზე ქორწინების შემდეგ მოხდა. ამ ყოველივემ დიდი გავლენა და კეთილდღეობა მოუტანა მედიჩის ოჯახს, რაც საბოლოოდ ლუკრეციას შვილიშვილის რომის პაპ ლეო X-დ არჩევით დაგვირგვინდა.

რომში ყოფნის პერიოდში იგი ქმარ-შვილთან უამრავ წერილს გზავნიდა, სადაც აღწერდა ამ ქალაქის დიდებულებასა და თავისი რძლის დადებით/უარყოფით თვისებებს. მისი წერილებიდან ვიგებთ, თუ რაოდენ დიდი როლი ჰქონდა ამ პერიოდში ფლორენციას, რაც მის აღორძინებაზე მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ლუკრეციას მიერ დაწერილი 1478-მდე წერილია შემორჩენილი და სათანადოდ დაცული.

1464 წელს, კოზიმო მედიჩის დაღუპვის შემდეგ ფლორენციის სენიორი მისი ქმარი პიერო გახდა, რამაც ლუკრეცია ამ რესპუბლიკის ყველაზე გავლენიან ქალად აქცია. მისი საოცარი პოლიტიკური ალღოს გამო, პიერომ იგი პირველ მრჩევლად დაინიშნა, ასევე ნება დართო სამეფო ხაზინიდან იმდენი თანხა აეღო ხოლმე, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიდა. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ლუკრეციას ამ ფულის ფლანგვა არ დაუწყია, მეტიც იგი მას ფლორენციაში არქიტექტურის აყვავებას, სავაჭრო კავშირების შექმნას, ახალი მიწების შესყიდვასა და მასზე ვილების მშენებლობას, ხელოვნების პატრონაჟსა და რელიგიურ ქველმოქმედებას ახმარდა. ამ ყოველივემ ცხადია ხალხში მედიჩების ავტორიტეტი გაზარდა.

ცნობილია, რომ მან სხვა ნიჭიერ მწერლებთან და პოეტებთან კონტაქტისას საკუთარ თავშიც აღმოაჩინა პოეტური ნიჭი და მეტად სევდიანი ლექსების წერა დაიწყო. ამ ლექსების უმეტესობამ ჩვენამდე ვერ მოაღწია. როგორც ანჯელო პოლიზიანო გვამცნობს, მისი ლექსები ძირითადად რელიგიურ თემებზე და ხალხურ თქმულებებზე იყო დაფუძნებული, თუმცა ხშირად მისი მუზა მისივე ქმარიც იყო ხოლმე.

1469 წელს პიერო გარდაიცვალა, რამაც საშინლად იმოქმედა ლუკრეციაზე. ამის შემდეგ ტახტზე მისი ვაჟი ლორენცო ავიდა, თუმცა ლუკრეციას უკვე დაკარგული ჰქონდა ყოველგვარი ინტერესი პოლიტიკისადმი, რასაც ვერ ვიტყვით მის ინტრიგების მოყვარულ რძალზე. მასზე საშინელი გავლენა იქონია მისი რძლის მიერ მოწყობილი პაცის შეთქმულებამ, რომლის დროსაც მისი უმცროსი ვაჟი, ჯულიანო მოკლეს. ამ ამბიდან სულ მალე, ლუკრეცია ტორნაბუონი გარდაიცვალა 1482 წელს, 54 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს პიერო მედიჩის გვერდით, სან ლორენცოს სამლოცველოში.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მარია (1445-1472), ცოლად გაჰყვა ლეონეტო როსის;
  2. ბიანკა (1446-1488), ცოლად გაჰყვა გულიელმო პაცის;
  3. ლუკრეცია (1447-1493), გარდაიცვალა გაუთხოვარი;
  4. ლორენცო (1449-1492), ფლორენციის სენიორი, ცოლად შეირთო კლარისა ორსინი, რომელთანაც შეეძინა რვა შვილი, მათ შორის პაპი ლეო X;
  5. მკვდარშობილი გოგონა;
  6. მკვდარშობილი გოგონა;
  7. ჯულიანო (1453-1478), ფლორენციის სენიორი, ცოლი არ ჰყოლია, თუმცა ჰყავდა ერთი უკანონო ვაჟი, რომელიც რომის პაპი გახდა კლემენტ VII-ის სახელით;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Robin, Diana Maury; Larsen, Anne R.; Levin, Carole (2007). Encyclopedia of women in the Renaissance: Italy, France, and England. ABC-CLIO, Inc.
  • Milligan, Gerry (2011). "Lucrezia Tornabuoni". Oxford Bibliographies. Retrieved 25 Feb 2015.
  • Pernis, Maria Grazia; Adams, Laurie (2006). Lucrezia Tornabuoni De' Medici and the Medici Family in the Fifteenth Century. New York: Peter Lang Publishing, Inc. ISBN 978-0820476452.
  • Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate. ISBN 0754607771.