შინაარსზე გადასვლა

შარლ ლოთარინგიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შარლ ლოთარინგიელი
მშობლიური სახელი Charles de Lorraine
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1567
გარდაცვალების თარიღი 24 ნოემბერი, 1607 (40 წლის)
ეროვნება ფრანგი
წოდება მეცისა და სტრასბურგის ეპისკოპოსი
რელიგია კათოლიციზმი
მშობლები მამა: შარლ III ლოთარინგიელი
დედა: კლაუდია ვალუა

შარლ ლოთარინგიელი (დ. 1 ივლისი 1567 — გ. 24 ნოემბერი 1607) — ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას შუათანა ვაჟი. 1578 წლიდან მეცის, ხოლო 1592 წლიდან სტრასბურგის ეპისკოპოსი. 1589 წელს რომის პაპმა სიქსტუს V-მ ჯერ კარდინალ-დიაკვანის, შემდეგ კი სანტ'აგატა დეი გოტის აბატის წოდება უბოძა. იგი რეგულარულად ჩადიოდა ლოთარინგიაში რეგენტის სტატუსით და მამას ცვლიდა, როცა ქვეყანაში არ იყო.

შარლი დაიბადა ლოთარინგიის საჰერცოგოს დედაქალაქ ნანსში. იგი იყო ლოთარინგიის ჰერცოგ შარლ III-ისა და მისი ცოლის, საფრანგეთის პრინცესა კლაუდია ვალუას ვაჟი. დედის ხაზით მისი ბებია-ბაბუა იყვნენ საფრანგეთის მეფე ანრი II და მისი მეუღლე, დედოფალი ეკატერინე მედიჩი. როდესაც შარლი 8 წლის იყო დედამისი მშობიარობას გადაჰყვა. იგი ჯერ სწავლობდა პონტ-ა-მუსონის უნივერსიტეტში, რომელიც მამამისმა დააარსა, შემდეგ კი ტრიერის უნივერსიტეტში, საბოლოოდ იგი პარიზში გადასახლდა სადაც უმაღლესი განათლება სორბონას უნივერსიტეტში მიიღო.

შარლს ბავშვობიდანვე ჰქონდა მიდრეკილება რელიგიური ცხოვრებისადმი. იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო როდესაც ეპისკოპოსი გახდა. ის იყო კანონიერი მფლობელი ტიერის, კოლონის, ნანსისა და სტრასბურგის საეპისკოპოებისა. იგი ასევე იყო გორზის, კლერლიუს, სენ-მიშელის, სენ-ვინსენტისა და სენ-ვიქტორის აბატი. 1591 წლის 23 ივნისს მას მიენიჭა საფრანგეთში მდებარე მეცის, ვერდენისა და ტურის ეპისკოპოსის წოდება. ამრიგად მისი სამმართველოები ორ სახელმწიფოში - ლოთარინგიასა და საფრანგეთში იყო მიმოფანტული.

1592 წელს ჩატარდა სტრასბურგის საეპარქიო საეკლესიო კრება. პროტესტანტებმა აქ თავიანთ ლიდერად აირჩიეს იოჰან გეორგ ბრანდენბურგელი, ხოლო კათოლიკეებმა შარლი. ამ დღიდან დაიწყო შარლისა და იოჰანის მტრობა, რომელიც 1604 წლამდე, ანუ იოჰანის გარდაცვალებამდე გაგრძელდა. 1 ივლისს პაპმა კლემენტ VIII-მ სტრასბურგის მთელი ეპარქია შარლს უბოძა.

სავერნის ალყის დროს საფრანგეთის მეფე ანრი IV-ს შეუერთდა შარლის ოცი წლის ძმა ფრანსუაც. შარლმა კი მათ ორმოცი კავალერისტი და 15 000 დუკატი გაუგზავნათ, რითაც დიდი დახმარება გაუწიათ. 1592 წლიდან თავადაც ჩაება ე.წ. "საღვთო საქმეში" და ევროპის ერეტიკოსებისგან "გაწმენდა" დაიწყო. ამ წელს მან აიღო გერმანელი პროტესტანტების ერთ-ერთი უდიდესი სიმაგრე ანჰალტი. 1593 წელს ალსაკში მებრძოლ კათოლიკეებს დიდი ფულადობრივი დახმარება გაუწიათ. 1593 წლის ივლისში, კათოლიკობისთვის თავდადებულ შარლს საფრანგეთის მეფე ანრი IV-მ შვიდი სააბატო და სავერნის ეპარქია უბოძა.

1597 წელს შარლმა მისიონერული მისიით რამდენიმე კათოლიკე მღვდელი გააგზავნა ახლო აღმოსავლეთში. იგი დიდ დახმარებას უწევდა იეზუიტებს. 1603 წელს ამის ჯილდოდ, პაპმა კლემენტ VIII-მ შარლს კარდინალ-დიაკვანის ხარისხი უბოძა.

შარლი გარდაიცვალა 1607 წლის 24 ნოემბერს, დაკრძალეს ნანსის კათედრალში.

  • Bornert, René (1981). La réforme protestante du culte à Strasbourg au XVIe siècle (1523–1598): Approche sociologique et interprétation théologique [The Protestant Reformation in Strasbourg in the Sixteenth Century (1523–1598): Sociological Approach and Theological Interpretation] (in French). Leiden: Brill.
  • Monter, William (2007). A Bewitched Duchy: Lorraine and Its Dukes, 1477–1736. Librairie Droz.
  • Wilson, Peter (2014). The Thirty Years War: Europe's Tragedy. London: Belknap Press.
  • Wilson 2014, pp. 210–11.
  • Monter 2007, pp. 78–79.
  • Bornert 1981, p. 68.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]