ჟაკლინ ენოელი
ჟაკლინ ენოელი | |
---|---|
Jacqueline de Hainaut | |
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 18 დეკემბერი, 1415 |
მმართ. დასასრული: | 5 აპრილი, 1417 |
წინამორბედი: | მარგარიტა ნევერელი |
მემკვიდრე: | მარია ანჟუელი |
ენოს, ჰოლანდიის, ფრიზიისა და ზელანდიის გრაფინია | |
მმართ. დასაწყისი: | 30 მაისი, 1417 |
მმართ. დასასრული: | 12 აპრილი, 1433 |
წინამორბედი: | ვილჰელმ IV ბავარიელი |
მემკვიდრე: | ფილიპ III ბურგუნდიელი |
სხვა წოდებები: |
ბრაბანტის ჰერცოგინია გლოსტერის ჰერცოგინია |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 15 ივლისი, 1401 |
დაბ. ადგილი: | ჰააგა, ნიდერლანდები |
გარდ. თარიღი: | 8 ოქტომბერი, 1436, (35 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლეიდენი, ნიდერლანდები |
მეუღლე: |
1. ჟანი, საფრანგეთის დოფინი (ქ. 1406 - გარდ. 1417) 2. ჟან IV, ბრაბანტის ჰერცოგი (ქ. 1418 - განქ. 1422) 3. ჰამფრეი, გლოსტერის ჰერცოგი (ქ. 1423 - განქ. 1428) 4. ფრანკი, ზაილენის ლორდი (ქ. 1434) |
დინასტია: | ვიტელსბახები |
მამა: | ვილჰელმ IV, ბავარიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარიტა ბურგუნდიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ჟაკლინ ენოელი (გერმ. Jakobäa von Hennegau; ფრანგ. Jacqueline de Hainaut; ნიდერლ. Jacoba van Henegouwen; ინგლ. Jacqueline of Hainaut; დ. 15 ივლისი, 1401 — გ. 8 ოქტომბერი, 1436) — ვიტელსბახების დინასტიის წარმომადგენელი. ბავარიის ჰერცოგ ვილჰელმ IV-ისა და მარგარიტა ბურგუნდიელის ერთადერთი შვილი. ზელანდიის, ფრიზიის, ჰოლანდიისა და ენოს გრაფინია 1417-33 წლებში. საფრანგეთის მადამ დოფინი 1415-17 წლებში როგორც ჟან დე ვალუას მეუღლე. მისი გარდაცვალების შემდეგ ჟაკლინი კიდევ სამჯერ გათხოვდა, თუმცა საბოლოოდ შვილი მაინც არ შეეძინა.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟაკლინი დაიბადა 1401 წლის 15 ივლისს ჰააგაში, ჰოლანდიაში. იგი იყო ბავარიის, ჰოლანდიის, ზელანდიის, ფრიზიისა და ენოს გრაფ ვილჰელმ IV-ისა და მისი მეუღლის, ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მარგარიტა ფლანდრიელის ასულ მარგარიტა ბურგუნდიელის ქალიშვილი, მათი ერთადერთი შვილი და მაშასადამე ტახტის მემკვიდრეც.
1406 წლის 29 ივლისს ჟაკლინი ცოლად შერთეს საფრანგეთის მეფე შარლ VI-ისა და დედოფალ იზაბელა ბავარიელის უმცროს ვაჟს, ჟან დე ვალუას. 1415 წელს ჟაკლინის მაზლი, საფრანგეთის დოფინი ლუი დე ვალუა უშვილოდ გარდაიცვალა, რის გამოც დოფინი მისი ქმარი ჟანი ხდება, თავად ჟაკლინი კი საფრანგეთის მადამ დოფინად და მომავალ დედოფლად იქცა, თუმცა ეს ბედნიერება დიდ ხანს არ გაგრძელებულა.
1417 წლის 30 მაისს მამამისი მონადირე ძაღლებმა დაგლიჯეს და მოკლეს, რის გამოც ბავარიის ტახტზე ჟაკლინის ბიძა, ხოლო ფრიზიის, ჰოლანდიის, ენოსა და ზელანდიის ტახტზე კი თავად ჟაკლინი ადის. 1417 წლის 5 აპრილს კი გარდაიცვალა ჟაკლინის 18 წლის მეუღლე, საფრანგეთის დოფინი, რომელიც ივარაუდება, რომ მოწამლეს.
ვინაიდან ჟაკლინს პირველი ქორწინებიდან შვილები არ ჰყავდა, მისი მეორედ გათხოვება გახდა საჭირო. ჟანის გარდაცვალებიდან მალევე, 1418 წლის 10 მარტს იგი ცოლად მიჰყვება თავის ბიძაშვილს, ბრაბანტის ჰერცოგ ჟან IV ბურგუნდიელს, რომელიც ჟაკლინის დედის, მარგარიტა ბურგუნდიელის ღვიძლი ძმის შვილი იყო. ახალი ქორწინება არც თუ ისე იღბლიანი აღმოჩნდა, რადგან ჟანი ძალიან ინერტული და უუნარო ადამიანი იყო, მაშინ როცა ჟაკლინი ენერგიული, ცოცხალი და ლამაზი გოგონა იყო. ქორწინებიდან მალევე, ჟაკლინის ბავარიელმა ნათესავებმა, მისი კავშირების შესასუსტებლად გადაწყვიტეს მისი და ჟანის ქორწინების დანგრევა. ისინი აცხადებდნენ, რომ მათი ქორწინება არ იყო კონსუმირებული და მაშასადამე არც არსებობდა, ასეთ შემთხვევაში კი ჰოლანდიაზე პრეტენზიას ბიძამისი აცხადებდა. ბავარიის ჰერცოგმა იოჰან III-მ რომის პაპთან ლიეჟის ეპისკოპოსი მიავლინა და მოისყიდა იგი, რომელმაც 1422 წელს ჟაკლინისა და ჟანის ისედაც უნაყოფო ქორწინება ბათილად სცნო.
განქორწინებისთანავე, ჟაკლინმა მესამე ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები დაიწყო. მისი სამიზნე ამჯერად ინგლისის მეფე ჰენრი IV-ის შვილიშვილი, გლოსტერის ჰერცოგი ჰამფრეი ლანკასტერი იყო. 1423 წელს ჟაკლინი და ჰამფრეი დაქორწინდნენ კიდეც. უნდა აღინიშნოს, რომ სიძისათვის ეს პირველი ქორწინება იყო.
1427 წლის 17 აპრილს ჟაკლინის ყოფილი ქმარი, ჟან IV გარდაიცვალა. მისმა ძმამ, ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპ III-მ განაცხადა, რომ ღვთის წინაშე, ჟაკლინი კვლავ მისი ძმის ცოლი იყო და მემკვიდრეობით ერგებოდა ჟაკლინის მფლობელობაში მყოფი ფრიზია, ენო, ჰოლანდია და ზელანდია, რაც ცხადია აბსურდი იყო. 1428 წელს, ჰამფრეი ჟაკლინს უშვილობის გამო გასცილდა და მეორე ცოლი შეირთო, რამაც ჟაკლინი რთულ მდგომარეობაში ჩააყენა, ვინაიდან, ახლა უკვე აღარ ჰყავდა ძლიერი მფარველი ინგლისის სახით. მალევე ჟაკლინსა და ფილიპ III-ს შორის დიდი ომი გაჩაღდა, რაც 1433 წელს ჟაკლინის სასტიკი მარცხით დამთავრდა. 1433 წლის 15 აპრილს, ფილიპმა ჟაკლინს ოფიციალურად ჩამოართვა ენოს, ჰოლანდიის, ფრიზიისა და ზელანდიის საგრაფოები. ამით, ვიტელსბახებმა სამუდამოდ დაჰკარგეს თავიანთი მრავალსაუკუნოვანი ბატონობა ქვემო მიწებზე.
1434 წელს ჟაკლინი მეოთხედ დაქორწინდა ნიდერლანდელ დიდგვაროვან ფრანკ ვან ბორსელენზე. მართალია მას არც მეოთხე ქმართან ჰყოლია შვილები, მაგრამ ამჯერად მას ქმარში გაუმართლა და უკანასკნელი წლები ბედნიერად გაატარა ზაილენის სასახლეში. იგი გარდაიცვალა 1436 წლის 8 ოქტომბერს, 35 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Éric Bousmar, « Jacqueline de Bavière, empoisonneuse et tyrannicide ? Considérations sur le meurtre politique au féminin entre Moyen Âge et Renaissance », dans Jean-Marie Cauchies (éd.), L’envers du décor. Espionnage, complot, trahison, vengeance et violence en pays bourguignons et liégeois, Neufchâtel, Centre européen d'études bourguignonnes, 2008 (DOI 10.1484/J.PCEEB.2.305808), p. 73-89. (ფრანგულად).
|