მარგარიტა ნევერელი
მარგარიტა ნევერელი | |
---|---|
Marguerite de Nevers | |
მარგარიტა ნევერელი (მარცხნივ) და მისი ფრეილინა, კრისტინა დე პიზანი (მარჯვნივ) | |
საფრანგეთის დოფინი | |
მმართ. დასაწყისი: | 30 აგვისტო, 1404 |
მმართ. დასასრული: | 18 დეკემბერი, 1415 |
წინამორბედი: | ჟანა დე ბურბონი |
მემკვიდრე: | ჟაკლინ ენოელი |
სხვა წოდებები: |
გაინის ჰერცოგინია რიჩმონდის გრაფინია |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 8 დეკემბერი, 1393 |
დაბ. ადგილი: | ნევერი, ბურგუნდია |
გარდ. თარიღი: | 2 თებერვალი, 1442, (48 წლის) |
გარდ. ადგილი: | პარიზი, საფრანგეთი |
მეუღლე: |
ლუი, საფრანგეთის დოფინი არტური, რიჩმონდის გრაფი |
დინასტია: | ვალუები |
მამა: | ჟან I, ბურგუნდიის ჰერცოგი |
დედა: | მარგარეტ ბავარიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარგარიტა ნევერელი, ან ბურგუნდიელი (ფრანგ. Marguerite de Nevers; დ. 8 დეკემბერი, 1393, ნევერი, ბურგუნდია — გ. 2 თებერვალი, 1442, პარიზი, საფრანგეთი) — ვალუას დინასტიის წარმომადგენელი. ბურგუნდიის ჰერცოგ ჟან I-ისა და მისი ცოლის, მარგარეტ ბავარიელის უფროსი ქალიშვილი. საფრანგეთის მადამ დოფინი და გაინის ჰერცოგინია როგორც ლუი დე ვალუას, ხოლო რიჩმონდის გრაფინია როგორც არტურ III-ის მეუღლე.
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარგარიტა დაიბადა 1393 წლის 8 დეკემბერს. იგი იყო ნევერის გრაფ ჟან დე ვალუასა და მისი ცოლის, მარგარეტ ბავარიელის ასული. მამამისი ამ დროს ჯერ კიდევ ბურგუნდიის ჰერცოგ ფილიპ II-ის ტახტის მემკვიდრე იყო. 1394 წლიდან მარგარიტას ბაბუამ თავის ბიძაშვილთან, საფრანგეთის მეფე შარლ VI-თან დაიწყო მარგარიტასა და შარლის ვაჟის, საფრანგეთის დოფინ შარლ დე ვალუას ქორწინებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები, თუმცა ამ ამბიდან სულ ერთ თვეში შარლი დაიღუპა. 1396 წლიდან მან ფორმალურად მიიღო „მადამ დოფინის“ წოდება, ვინაიდან იგი უკვე დანიშნული იყო განსვენებული შარლის ძმაზე, ახალ დოფინ ლუი დე ვალუაზე. თუმცაღა ქორწინება მანამდე ვერ შედგებოდა, სანამ საპატარძლო და სასიძო გარკვეულ ასაკს არ მიაღწევდნენ, იქამდე კი მარგარიტა თავის დებთან ერთად ბებიასთან, მარგარიტა ფლანდრიელთან იზრდებოდა, ვის პატივსაცემადაც დაარქვეს მას სახელი.
პირველი ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკვე 1401 წლიდან მარგარიტა ფლანდრიელსა და საფრანგეთის დედოფალ იზაბელა ბავარიელს შორის დაიწყო ინტენსიური მოლაპარაკებები ქორწინებასთან დაკავშირებით, რასაც წესით უნდა შეეჩერებინა სამოქალაქო ომი. სამეფო ქალბატონები მჭიდრო კავშირის შესაქმნელად ორმაგ დინასტიურ ქორწინებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც მარგარიტა ცოლად დოფინ ლუის, ხოლო მარგარიტას ძმა, ჰერცოგი ფილიპი ლუის დაზე, მიშელ დე ვალუაზე ქორწინდებოდა. საქორწინო კონტრაქტები 1403 წლის მაისში, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაფორმდა, რის შემდეგაც როგორც დოფინის საცოლემ, მარგარიტამ გაინის ჰერცოგინიობა მიიღო. ზემოთ ხსენებული ორმაგი ქორწინება 1404 წლის აგვისტოში შედგა, რითაც უკიდურესად დაახლოვდნენ საფრანგეთ-ბურგუნდიის ისეთაც მონათესავე სამეფო ოჯახები. მარგარიტას ბაბუამ, ჰერცოგმა ფილიპმა დიდხანს ვერ გაატანა და შვილიშვილთა ქორწინებას ვერ მოესწრო, რადგან იგი 1404 წლის აპრილში დაიღუპა. ბურგუნდიის ჰერცოგი ახლა უკვე მარგარიტას მამა, ჟან I იყო. საფრანგეთის სამეფო კარზე მომავალ დედოფალს მალევე მიუჩინეს წარმოშობით იტალიელი ფრეილინა — კრისტინა დე პიზანი, რომელმაც გააცნო იქაური საზოგადოება, გაარკვია ვითარებაში და ასწავლა სამეფო კარის თავისებური ადათ-წესები. დოფინი და ფრეილინა მალევე დაახლოვდნენ და საკმაოდ ნიჭიერმა კრისტინამ მარგარიტას წიგნიც კი მიუძღვნა, სახელწოდებით „განძი, სასახლის ქალბატონებს შორის“.
ქორწინება 1409 წლამდე კონსუმირებული არ ყოფილა. ეს პირველად სწორედ 1409 წლის ივნისში მოხდა, დედოფალ იზაბელა ბავარიელის დაჟინებული მოთხოვნით. მადამ დოფინი მალევე იქნა ჩათრეული ბურგუნდიელებსა და არმანიაკებს შორის არსებულ დაპირისპირებაში. საბოლოოდ კი ეს ლუის გარდაცვალებით დასრულდა, 1415 წელს. ვინაიდან ქორწინება უშვილო იყო, ქვრივი მარგარიტას ბურგუნდიაში დაბრუნება გადაწყვიტეს, მაგრამ მამამისმა იგი პარიზში დატოვა, როგორც საკუთარი ჯაშუში. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ იგი მშობლიურ ბურგუნდიაში გადასახლდა. იქ მან რამდენიმე წელი გაატარა, დედასთან და დებთან ერთად. 1419 წელს ფრანგებმა ჰერცოგი ჟან I მოკლეს, ბურგუნდიის ახალი ჰერცოგი კი მარგარიტას ძმა, ფილიპ III გახდა.
მეორე ქორწინება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1422 წელს გარდაიცვალა მარგარიტას ყოფილი მამამთილი, მეფე შარლ VI. ამ დროს ინგლისის მეფე ჰენრი VI შეიჭრა საფრანგეთში და მისი დიდი ნაწილი დაიპყრო, თავი კი საფრანგეთის მეფედ გამოაცხადა. ტრუას ხელშეკრულების მიხედვით, ეს სამართლიანი იყო, რადგან ამ ხელშეკრულებისდა მიხედვით, ტახტზე შარლ VI-ის არა ძე, არამედ ასულის, ინგლისის დედოფალ კატრინ დე ვალუას ვაჟი უნდა ასულიყო, რომელიც სწორედ მეფე ჰენრი იყო. თუმცაღა სრულიად ფრანგები და მარგარიტას მაზლი, დოფინი შარლი ამას უარყოფდა და ტახტისთვის იბრძოდა. ამ დროს შარლ VI-ის ვაჟმაც, დოფინმა შარლ VII-მაც თავი საფრანგეთის მეფედ გამოაცხადა. 1423 წელს მარგარიტას ძმამ, ფილიპ III-მ ინგლისელებთან და ბრეტანის ჰერცოგ ჟან V-თან ალიანსი გააფორმა. ფილიპმა გადაწყვიტა, რომ ეს ალიანსი თავისი დების, მარგარიტას და ანას გათხოვებით გაეძლიერებინა. სწორედ ამ მიზნით, მან ანა ბედფორდის, ხოლო მარგარიტა რიჩმონდის გრაფსა და ბრეტანის ტახტის მემკვიდრეს მიათხოვა.
მარგარიტა ახალ ქორწინებას არც ისე დიდი ენთუზიაზმით უყურებდა, ვინაიდან წარსულში საფრანგეთის ტახტის მემკვიდრეს, ინგლისელზე გათხოვება სასტიკად არ სურდა, თუმცა სხვა გამოსავალიც არ იყო, რადგან ამ დროისათვის, მისი ყველა და უკვე გათხოვილი იყო. როგორც საფრანგეთის ყოფილი დოფინი, იგი ჯერ კიდევ ატარებდა გაინის ჰერცოგინიის წოდებას და მანამდე არ აპირებდა გათხოვებას, სანამ ახალ ტიტულს არ მიიღებდა. ფილიპმა ჭირვეულ მარგარიტასთან თავისი ელჩი და ნდობით აღჭურვილი პირი მიუშვა, რომელმაც გააცნო ამ ალიანსის აუცილებლობა და ის სიკეთეები, რასაც ბურგუნდია მიიღებდა მისი არტურ ბრეტონელზე ქორწინებით. ელჩმა ფილიპის დავალებით მარგარიტას ისიც უთხრა, რომ ქვრივობის მიუხედავად, იგი ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო და მეორე ქმართან შვილების გაჩენას შეძლებდა. საბოლოოდ მარგარიტა ქორწინებას დათანხმდა და 1423 წლის 10 ოქტომბერს იგი არტურზე დაქორწინდა.
არტური მალე საფრანგეთის სამეფო კარზე ძალიან გავლენიანი პირი გახდა და ძირითადად ბურგუნდიის ინტერესების დაცვაზე ზრუნავდა. საბოლოოდ, მარგარიტას დიდი ძალისხმევითა და ჟანა დ'არკის მიერ მოპოვებული უამრავი სახელოვანი გამარჯვებით, ბრეტანმა და ბურგუნდიამ მხარეები შეიცვალეს და ახლა უკვე მეფე შარლ VII-ის მხარდამჭერები გახდნენ. მარგარიტა ძალიან ერთგული მეუღლე იყო და ღირსეულად იგლოვა არტური, როდესაც იგი ინგლისელებმა ბრძოლაში მოკლეს. მას შვილები არც არტურთან არ ჰყოლია, რის გამოც მან დატოვა ბრეტანი და პარიზში დასახლდა. 1436 წელს, მას შემდეგ რაც იგი პარიზში გადავიდა, უკვე მის შესახებ ცნობები ქრება. ამის შემდგომ, მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ 1442 წლის 2 თებერვალს გარდაიცვალა, 48 წლის ასაკში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Vaughan, Richard (2002). Philip the Good: The Apogee of Burgundy. Boydell Press. p. 10. ISBN 0-85115-917-6.
- Morewedge, Rosemarie Thee (1975). The Role of Woman in the Middle Ages: Papers of the Sixth Annual Conference of the Center for Medieval and Early Renaissance Studies. State University of New York Press. pp. 97–98, 114–115. ISBN 1-4384-1356-4.
- Vaughan, Richard (2002). John the Fearless: The Growth of the Burgundian Power. Boydell Press. p. 246. ISBN 0-85115-916-8.
- Adams, Tracy (2010). The Life and Afterlife of Isabeau of Bavaria. Baltimore, MD: Johns Hopkins University Press. pp. 17–18. ISBN 978-0-8018-9625-5.
- Wade Labarge, Margaret (1997). A Medieval Miscellany. McGill-Queen's Press. p. 41. ISBN 0-7735-7401-8.
- de Sousa, Antonio Caetano (1735). Historia genealogica da casa real portugueza (in Portuguese). Lisbon: Lisboa Occidental. p. 147.
- Vaughan, Richard (2002). Philip the Bold: The Formation of the Burgundian State. Boydell Press. pp. 91–92. ISBN 0-85115-915-X.
|