შინაარსზე გადასვლა

ფრანსუაზ მარი დე ბურბონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
Françoise Marie de Bourbon
ორლეანის ჰერცოგინია
მმართ. დასაწყისი: 9 ივნისი, 1701
მმართ. დასასრული: 2 დეკემბერი, 1723
წინამორბედი: ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი
მემკვიდრე: ავგუსტა ბადენ-ბადენელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 მაისი, 1677
დაბ. ადგილი: მონტენონი, საფრანგეთი
გარდ. თარიღი: 1 თებერვალი, 1749, (71 წლის)
გარდ. ადგილი: პარიზი, საფრანგეთი
მეუღლე: ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი
შვილები: მარი ლუიზი, ბერის ჰერცოგინია
ლუიზ ადელაიდა, შელის აბატისა
შარლოტ აგლაე, მოდენას ჰერცოგინია
ლუი, ორლეანის ჰერცოგი
ლუიზ ელიზაბეტი, ესპანეთის დედოფალი
ფილიპინა ელიზაბეტი, მადმუაზელ ბეჟოლუა
ლუიზ დიანა, კონტის პრინცესა
დინასტია: ბურბონები
მამა: ლუი XIV, საფრანგეთის მეფე
დედა: მადამ დე მონტესპანი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა:

ფრანსუაზ მარი დე ბურბონი (ფრანგ. Françoise Marie de Bourbon; დ. 4 მაისი, 1677 — გ. 1 თებერვალი, 1749) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მადამ დე მონტესპანის არალეგიტიმური შვილი რომელიც კანონიერად სცნეს. 14 წლის ასაკში მიათხოვეს მისსავე ბიძაშვილს, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ს, რომელიც 1715 წლიდან ლუი XV-ის რეგენტი იყო 1723 წლამდე, რა დროსაც მათ ოჯახს განუზომელი ძალაუფლება ჰქონდა. მიუხედავად არც თუ ისე ბედნიერი ქორწინებისა, წყვილს რვა შვილი შეეძინა, რომელთა შთამომავლებიც შემდგომში ევროპის უამრავი ქვეყნის მონარქები გახდნენ, როგორებიცაა ესპანეთი, საფრანგეთი, ბელგია, იტალია, ბულგარეთი და ასე შემდეგ.

ფრანსუაზ მარი დაიბადა 1677 წლის 4 მაისს შატო დე მონტენონში. იგი იყო საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ისა და მისი საყვარლის, მადამ დე მონტესპანის ქალიშვილი და იზრდებოდა მადამ დე მონტენონ ფრანსუაზ დ'ობინეს ზედამხედველობის ქვეშ. ფრანსუაზ მარის ერთი უფროსი ღვიძლი და, ორი უფროსი და ერთი უმცროსი ღვიძლი ძმა ჰყავდა, თუმცა ამას გარდა, როგორც მამის, ისე დედის მხრიდან მას უამრავი ნახევარ-და-ძმა ჰყავდა. მონტესპანისა და მეფის შვილებს მადამ დე მონტენონი ზრდიდა, რომელსაც ისინი ხშირად დაჰყავდა ვერსალში მშობლების სანახავად.

ფრანსუაზ მარი თავის უფროს დასთან, ლუიზ ფრანსუაზთან ერთად

1681 წლის 22 ნოემბერს მოხდა ფრანსუაზ მარის კანონიერ შვილად გამოცხადება, რის შემდეგაც მას მიენიჭა მადმუაზელ დე ბლუას წოდება, რომელიც მანამდე მის ნახევარ-დას, ლუი XIV-ისა და ლუიზა დე ლა ვალიერის ქალიშვილ მარი ანას ჰქონდა. მართალია ფრანსუაზ მარის სახელი დედის პატივსაცემად დაარქვეს (მადამ დე მონტესპანის ნამდვილი სახელ ფრანსუაზ ათენა იყო), თუმცა ვინაიდან იგი გათხოვილი ქალი იყო, არ მისცეს ამ ცერემონიალზე დასწრების ნება. როდესაც ფრანსუაზ მარი დაიბადა, მისი მშობლების რომანი უკვე დასასრულს უახლოვდებოდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მონტესპანი "შხამების რომანის" საზარელ, ეშმაკისეულ ქმედებებში ამხილეს.

მისი უფროსი დედმამიშვილები: ლუიზ ფრანსუაზი და ლუი ავგუსტი 1673 წელს სცნეს კანონიერ შვილებად, რის შემდეგაც ლუი ავგუსტი მაინის ჰერცოგი, ხოლო ლუიზ ფრანსუაზი მადმუაზელ დე ნანტი გახდა. ასევე ცნობილია, რომ მას ახლო ურთიერთობა ჰქონდა ლუი XIV-ისა და დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის ვაჟთან, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონთან.

ფრანსუაზ მარის საფრანგეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში თავისი გავლენა ჰქონდა, რაც მისი ფრანგ პოლიტიკოსებთან ახლო ურთიერთობით იყო გამოწვეული.

ფრანსუაზ მარის საოცარი სილამაზე დედისაგან გამოჰყვა მემკვიდრეობით. მადამ დე კაილუზი ამბობდა, რომ მას მემკვიდრეობით ჰქონა გადაცემული საოცრად ლამაზი სახე, დახვეწილი ნაკვთები და გამოყვანილი ხელები. იგი მთელი ცხოვრება ამაყობდა იმ უმაღლესი წარმომავლობით, რომელიც მას მამის მხრიდან ჰქონდა და ყოველთვის დიდი სიამაყით ამბობდა, რომ ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი იყო. როგორც მემატიანები წერენ, მართალია მას დედისაგან საოცარი მომხიბლავობა გადაეცა მემკვიდრეობით, თუმცა მამისაგან მას გადაეცა საოცარი ამპარტავნული, გონიერი და უსამართლო ხასიათი.

შემდგომში ევროპის უამრავი მონარქი იქცა ფრანსუაზ მარის შთამომავლად, რომელთაგან აღსანიშნავნი არიან: საფრანგეთის მეფე ლუი-ფილიპ I, ესპანეთის მეფე ხუან-კარლოს I და ფილიპე VI, ბელგიის მეფე ალბერტ II, ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი ჰენრი, იტალიის მეფეები უმბერტო I, ვიტორიო ემანუელე III და უმბერტო II და ასე შემდეგ.

1683 წელს დედოფალ მარია ტერეზა ესპანელის გარდაცვალების შემდეგ, ლუი XIV-მ ცოლად შეირთო უნაყოფო ქვრივი ქალი ფრანსუაზ დ'ობინე, იგივე მადამ დე მონტენონი, რამაც დიდი სკანდალი გამოიწვია სამეფო კარზე. იმის გამო, რომ იგი შედარებით დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, მეფემ მას დედოფლის წოდება ვერ მიანიჭა და იგი უბრალოდ მოიხსენიებოდა როგორც მეფის ცოლი. ამის შემდეგ, სკანდალის მისავიწყებლად, ლუიმ თავისი ასულის, ფრანსუაზ მარის გათხოვება განიზრახა, სასიძოდ კი თავისივე ღვიძლი ძმის, ორლეანის ჰერცოგ ფილიპ I-ისა და მისი მეორე ცოლის, ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელის ვაჟი, ჰერცოგი ფილიპ ორლეანელი შეარჩია. ამ იდეას გააფთრებით ეწინააღმდეგებოდა ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი, რომელსაც არანაირად არ სურდა თავისი ერთადერთი ვაჟის დაქორწინება მეფისა და მისი საყვარლის უკანონოდ შობილ ქალიშვილზე. იგი ღიად უპირისპიდებოდა როგორც მეფეს, ისე მომავალ სარძლოს და ყველანაირად ცდილობდა ქორწინების ჩაშლას. ვინაიდან ლიზელოტამ (ელიზაბეთ შარლოტას შემოკლებული სახელი) ვერაფერი გააწყო, პროტესტის ნიშნად დატოვა სამეფო კარი და ქორწილსაც არ დაესწრო, თუმცა მოგვიანებით მეფის ბრძანებით იგი უკან დაბრუნდა. ცნობილია, რომ ლიზელოტა რძალს ყოველთვის საშინლად ეპყრობოდა, შვილიშვილებს კი ზიზღით უყურებდა.

ფრანსუაზ მარის მეუღლე, ორლეანის ჰერცოგი ფილიპ II

საქორწინო მოლაპარაკებები ლუი XIV-სა და მის ძმას, ფილიპ I-ს შორის მიმდინარეობდა ორლეანელთა რეზიდენციად აღიარებულ პალას დე როიალში. როგორც ცნობილია, ეს რეზიდენცია 1642 წელს ააგეს კარდინალ რიშელიეს ბრძანებით. ლუი XIV ამ ქორწინების სანაცვლოდ თავის ძმას მნიშვნელოვან სამხედრო პოსტს, მისი ვაჟისთვის ადგილს სამეფო საბჭოში და 100, 000 ლივრს ჰპირდებოდა, ასევე დასთანხმდა შევალიერ დე ლორენის მის საყვარლად ცნობას. როდესაც მომავალი მეუღლის შესახებ აცნობეს, ფრანსუაზ მარიმ ასეთი რამ განაცხადა: "არ მადარდებს ვუყვარვარ თუ არა, მაგრამ ის აუცილებლად დაქორწინდება ჩემზე".

ფრანსუაზ მარი და ფილიპ ორლეანელი 1692 წლის 18 თებერვალს დაქორწინდენ ვერსალის სასახლის სამლოცველოში. მათ ჯვარი დასწერა კარდინალმა დე ბუილონმა, რომელიც ოვერნის მმართველ დე ლა ტურების ძლევამოსილი დინასტიის წარმომადგენელი იყო. ცნობილია, რომ მანამდე, 1685 წელს კარდინალმა დე ბუილონმა უარი თქვა ფრანსუაზის დის, ლუიზ ფრანსუაზისა და კონდეს პრინცის დაქორწინებაზე, რის გამოც მას მეფესთან დიდი უთანხმოება მოუვიდა. ჯვრისწერის შემდეგ ვერსალის ცნობილ და საოცრად პომპეზურ სარკეებიან დარბაზში დიდი ბანკეტი გაიმართა, რომელსაც გარდა სრულიად ფრანგული არისტოკრატიისა, ასევე ესწრებოდნენ ინგლისის, ირლანდიისა და შოტლანდიის დევნილობაში მყოფი მეფე-დედოფალი: ჯეიმზ II და მარია მოდენელი. ზეიმისა და წვეულების დასრულების შემდგომ, დედოფალმა მარიამ ფრანსუაზს უძვირფასესი საღამური აჩუქა. ცნობილია, რომ ფრანსუაზ მარის დედა, მადამ დე მონტესპანი ქორწილში არ დაპატიჟეს, რამაც მას ძალზედ ატკინა გული.

ახლა უკვე როგორც ოფიციალურად აღიარებული მეფის ასული და შარტრის მადმუაზელი, ფრანსუაზ მარის მიენიჭა საფრანგეთის უმცროსი ქალიშვილის (ფრანგულად: Petite-fille de France) და იწოდებოდა მისი უდიდებულესობის სახელით. ამ პერიოდში, მთელს საფრანგეთში ფრანსუაზ მარიზე დიდი გავლენა მხოლოდ ოთხ ქალს ჰქონდა, რომლებიც იყვნენ: მეფის ცოლი ფრანსუაზ დ'ობინე, მეფის ვაჟის მეუღლე, საფრანგეთის დოფინი მარია ანა ბავარიელი, დოფინთა რძალი, ბურგუნდიის ჰერცოგინია მარია ადელაიდა სავოიელი და ფრანსუაზ მარის დედამთილი, მეფის რძალი და ორლეანის ჰერცოგინია ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი.

მამამისმა ფრანსუაზ მარის ორჯერ მეტი ფული და ძვირფასეულობა გაატანა მზითვში, ვიდრე მის უფროს დას, ბურბონის ჰერცოგინია ლუიზ ფრანსუაზს. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ ლუიზ ფრანსუაზი ცოლად შედარებით დაბალი წოდების კაცს გაჰყვა ცოლად, ფრანსუაზ მარის მეუღლე კი თვით მეფის ძმის შვილი იყო და ცხადია მზითვიც მეტი ერგო. ამ განსხვავების გამო, დებს შორის სამუდამო ზიზღი და მტრობა ჩამოაგდო.

ქორწინებიდან მალევე ფრანსუაზმა თავისი საშინელი ხასიათი გამოავლინა და ფილიპს თავი შეაძულა. ცნობილია, რომ ფილიპი მას "მადამ ლუციფერს" ეძახდა. მისი დედამთილი ლიზელოტა კი აცხადებდა, რომ ფრანსუაზ მარი კვირაში 3-4-ჯერ მაინც საშინლად თვრებოდა. თუმცა, მიუხედავად ამგვარი საშინელი ქორწინებისა, ფილიპსა და ფრანსუაზს რვა შვილი შეეძინათ, რომელთაგან რამდენიმე ევროპის სხვადასხვა სამეფო ოჯახებში გათხოვდა.

ორლეანის ჰერცოგინია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
შარტრის ჰერცოგინია ფრანსუაზ მარი დე ბურბონი 1700 წელს

1701 წელს მისი მამამთილის გარდაცვალების შემდეგ, ორლეანის ჰერცოგი ფრანსუაზის ქმარი ფილიპ II ხდება, რითაც ფრანსუაზ მარი საფრანგეთის გავლენიანი ქალბატონების სიაში ერთი საფეხურით ამაღლდა. ვინაიდან საფრანგეთს დედოფალი არ ჰყავდა, ორლეანის ჰერცოგინიაზე უფრო მაღალ წოდებებს მხოლოდ მეფის რძები, ანუ საფრანგეთის დოფინი და ბურგუნდიის ჰერცოგინია ატარებდნენ. ფრანსუაზის მამამთილი სენ-კლოდის სასახლეში გარდაიცვალა პირდაპირ ლუი XIV-ის, ფილიპისა და ფრანსუაზის წინ, ინსულტის შედეგად, რომელიც მას შემდეგ განუვითარდა, რაც თავისი ვაჟის ორსული საყვარელი მარი ლუიზ დე სერი დაინახა. წინამორბედთაგან განსხვავებით, ორლეანის ახალი ჰერცოგი და ჰერცოგინია მეტ დროს ატარებდნენ პარიზში მდებარე საკუთარ რეზიდენციაში, ანუ სენ-კლოდის სასახლეში. ცნობილია, რომ ფილიპ I და ლიზელოტა ვერსალში ცხოვრობდნენ და პარიზს იშვიათად სტუმრობდნენ, ფილიპ II-მ და ფრანსუაზმა კი აქ ძალიან კომფორტული და მდიდრული სასახლე მოიწყვეს და მისი დატოვება არ სურდათ.

მიუხედავად ფილიპთან და ლიზელოტასთან არსებული დაძაბული სიტუაციისა, ფრანსუაზ მარი თავის და-ძმებთან, კონტის პრინცესასთან, ბურბონის ჰერცოგინიასთან და მაინის ჰერცოგისაგან განსხვავებით, მშვიდად და ბედნიერად ცხოვრობდა, ყოველდღიური სკანდალებისა და ინტრიგების გარეშე, რაც იმითაც იყო გამოწვეული, რომ იგი სამეფო კარისგან მოშორებით იყო. ცნობილია, რომ თავის რეზიდენციაში ორლეანის ჰერცოგინიამ თავისნაირად მოაზროვნე და გართობის მოყვარული ქალბატონები: სფორცას ჰერცოგინია, ასევე მისი ბიძაშვილები, კასტრიეს გრაფინია მარი ელიზაბეთ დე როშეშუარი, გაბრიელა დე როშეშუარი და მისი ფრეილინა დიანა დე ტანჟე შემოიკრიბა. მათთან ერთად იგი ხშირად აწყობდა წვეულებებს, რაც ასევე ხშირად საბოლოოდ ორგიით სრულდებოდა.

1707 წელს, ფრანსუაზის დაბადების დღიდან ორ დღეში დედამისი, მადამ დე მონტესპანი გარდაიცვალა, რომელიც 1691 წლიდან მოყოლებული სამეფო კარიდან გააძევეს და დასჯის მიზნით სიცოცხლის ბოლომდე შვილებთან დააშორეს და მონასტერში გამოკეტეს. ლუი XIV-მ თავის შვილებს მონტესპანის გლოვა კატეგორიულად აუკრძალა და მათ სამგლოვიარო ფერის სამოსის ჩაცმის ნებასაც კი არ რთავდა, თუმცა ისინი დიდად არც განიცდიდნენ დედის დაკარგვას, განსაკუთრებით კი მაინის ჰერცოგი ლუი ავგუსტი, რომელსაც დედისაგან მემკვიდრეობით დიდი ქონება დარჩა.

1710 წლისათვის ლუი XIV-ის უმცროსი შვილიშვილი, ბერის ჰერცოგი შარლ დე ბურბონი ჯერ კიდევ დაუქორწინებელი იყო. ვარაუდობდნენ, რომ იგი ცოლად ბურბონის ჰერცოგინია ლუიზ ელიზაბეტის ასულს შეირთავდა, თუმცა ფრანსუაზ მარიმ მოახერხა მათი ნიშნობის ჩაშლა და 1710 წლის 6 ივლისს მან შარლი თავის ასულ მარი ლუიზზე დააქორწინა, რამაც ბურბონისა და ორლეანის დებ ჰერცოგინიებს შორის მტრობა კიდევ უფრო გაამძაფრა.

ფრანსუაზ მარი თავის პაჟთან ერთად

მას შემდეგ, რაც 1715 წელს ლუი XIV გარდაიცვალა, ტახტზე მისი ხუთი წლის შვილთაშვილი ლუი XV ავიდა. ამ დროს პატარა მეფის ნაცვლად ქვეყანა ცხადია რეგენტს უნდა ემართა. ტრადიციისამებრ რეგენტი მეფის დედა — მარია ადელაიდა სავოიელი უნდა გამხდარიყო, თუმცა იგი ამ დროს უკვე აღარ იყო ცოცხალი, რის გამოც საჭირო გახდა, რომ რეგენტი პარლამენტს უნდა აერჩია. ამ სტატუსისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ფრანსუაზ მარის ქმარი (ჰერცოგი ფილიპ II) და ძმა (ჰერცოგი ლუი ავგუსტი), რაც დიდ დაძაბულობაში გადაიზარდა, მაგრამ პარიზის პარლამენტმა რეგენტად საბოლოოდ ფილიპ II გამოაცხადა. ამან ორლეანელთა ოჯახს განუზომელი ძალაუფლება მიანიჭა, ვინაიდან ახლა მეფის ნაცვლად სწორედ ისინი მართავდნენ ქვეყანას. ფრანსუაზ მარი ახლა უკვე უბრალო ჰერცოგინია კი არა საფრანგეთის დე-ფაქტო მმართველის მეუღლე და მაშასადამე ყველაზე გავლენიანი ქალი იყო. რეგენტობის დროს, მისი თვიური შემოსავალი 400, 000 ლივრამდე გაიზარდა. ამ ფულით, 1719 წლის მარტში მან პარიზში მდებარე ბონოტის შატო შეიძინა და მისი გაფართოება-გარემონტება დაიწყო. საბოლოოდ ბონოტი სენ-კლოდზე უფრო დიდ და ლამაზ სასახლედ აქცია.

ქორწინებაში მათ რვა შვილი გაუჩნდათ, რომელთაგან შვიდი გოგონა იყო, თუმცა მისი საყვარელი შვილი იყო უფროსი ასული, ბერის ჰერცოგინია მარი ლუიზი. 1719 წელს 23 წლის მესამე მარი ლუიზი მშობიარობას გადაჰყვა, რამაც ფრანსუაზ მარი გაანადგურა. თუმცა, დედის გულში საყვარელი შვილის ადგილი ამჯერად უკვე შუათანა ასულმა შარლოტ აგლაემ დაიკავა, რომელიც შემდგომში ცოლად იტალიელ დიდგვაროვანს, მოდენისა და რეჯოს ჰერცოგ ფრანჩესკო III-ს მიათხოვეს.

მანამდე, ფრანსუაზი ცდილობდა, რომ თავისი ასულები: ლუიზ ადელაიდა, ან შარლოტ აგლაე დაექორწინებინა თავისი ძმის, მაინის ჰერცოგის უფროს ვაჟზე, დომბეს პრინც ლუი ავგუსტზე. შარლოტი დანიშნეს კიდევაც ლუი ავგუსტზე, თუმცა სასიძო ქორწინებამდე გარდაიცვალა, საპატარძლოს კი ახალი საქმრო მოუძებნეს და იტალიასთან კავშირის გასამყარებლად მოდენაში გაათხოვეს. 1721 წელს კიდევ უფრო დიდი მოვლენა მოხდა, როდესაც ფრანსუაზის ასული ლუიზ ელიზაბეტი ცოლად გაჰყვა თვით ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და დედოფალ მარია ლუიზა სავოიელის უფროს ვაჟს, ასტურიის პრინც ლუის დე ბურბონს, რომელიც 1724 წელს ესპანეთის მეფე გახდა. თუმცა, ფრანსუაზმა ეს არ იკმარა და კიდევ ერთი ასულის გათხოვება მოისურვა ესპანეთში. ამ მიზნით, მან თავისი ქალიშვილი ფილიპინა ელიზაბეტი დანიშნა ესპანეთის ინფანტ კარლოსზე, თუმცა ფილიპინა ესპანეთში ჩასვლიდან მალევე გარდაიცვალა.

ფრანსუაზ მარი

1723 წელს ქმრის გარდაცვალების შემდეგ ფრანსუაზ მარიმ დაკარგა მთელი ძალაუფლება და სენ-კლოდის სასახლეში გადასახლდა.

1725 წელს ფრანსუაზ მარი დაესწრო საფრანგეთის მეფე ლუი XV-ისა და პოლონეთის პრინცესა მარია ლეშჩინსკას ქორწინებას, რამაც მისი ძალაუფლება კიდევ უფრო შეამცირა, ხოლო მას შემდეგ რაც დედოფალმა უამრავი ქალიშვილი გააჩინა, ორლეანის ჰერცოგინია ქვეყანაში მეათეხარისხოვანი ქალი გახდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, ლუი XV-ისა და მარია ლეშჩინსკას ქალიშვილი მადამ ანრიეტა ფრანსუაზ მარის შვილიშვილის, შარტრის ჰერცოგის შეყვარებული გახდა, თუმცა წყვილს ერთად ყოფნა არ ეღირსა. ლუი XV-მ ანრიეტას და შარტრის ქორწინება არ დაუშვა, რადგანაც ამით ორლეანელები კიდევ უფრო მიუახლოვდებოდნენ ტახტს. ამის შემდეგ, ფრანსუაზ მარიმ თავისი შვილიშვილისათვის ახალი საცოლის ძიება დაიწყო. მან თავის დასთან, ბურბონის ჰერცოგინია ლუიზ ფრანსუაზთან მოლაპარაკებები დაიწყო შესარიგებლად და ამ მიზნით მან თავისი შვილიშვილი, შარტრის ჰერცოგი ლუი ფილიპი დააქორწინა ლუიზ ფრანსუაზის ასულ ლუიზ ანრიეტა დე ბურბონზე, რასაც 1747 წელს მისი შვილთაშვილის დაბადება მოჰყვა.

ფრანსუაზ მარი დე ბურბონი გარდაიცვალა 1749 წლის 1 თებერვალს, 71 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ. იგი ლუი XIV-ის შვილებიდან ყველაზე ბოლოს გარდაიცვალა და ქვრივობაში ოცდაექვსი წელი განვლო. იგი დაკრძალეს პარიზის წმინდა ბენედიქტას სახელობის ტაძარში.

  • 4 მაისი 1677 - 22 ნოემბერი 1681: ფრანსუაზ მარი დე ბურბონი, მადმუაზელ დე ბლუა;
  • 22 ნოემბერი 1681 - 18 თებერვალი 1692: მისი უდიდებულესობა;
  • 18 თებერვალი 1692 - 9 ივნისი 1701: მისი სამეფო უდიდებულესობა ჰერცოგინია შარტრი;
  • 9 ივნისი 1701 - 2 დეკემბერი 1723: მისი სამეფო უდიდებულესობა ჰერცოგინია ორლეანი;
  • 2 დეკემბერი 1723 - 1 თებერვალი 1749: მისი სამეფო უდიდებულესობა ორლეანის ქვრივი ჰერცოგინია;
სახელი პორტრეტი დაიბადა გარდაიცვალა ზოგადი ცნობები
უსახელო გოგონა 17 დეკემბერი,

1693

17 ოქტომბერი,

1694

(10 თვის)

მადმუაზელ დე ვალუა, გარდაიცვალა ჩვილობაში
მარი ლუიზი 20 აგვისტო,

1695

21 ივლისი,

1719,

(23 წლის)

ცოლად გაჰყვა ბერის ჰერცოგ შარლ დე ბურბონს, რომელთანაც სამი შვილი, თუმცა ისინი

ჩვილობაში დაიღუპნენ

ლუიზ ადელაიდა 13 აგვისტო,

1698

10 თებერვალი,

1743,

(44 წლის)

ჯერ აღიკვეცა მონაზვნად, შემდეგ კი გახდა შელეს აბატისა, გარდაიცვალა გასათხოვარი და

უშვილო

შარლოტ აგლაე 20 ოქტომბერი,

1700

19 იანვარი,

1761,

(60 წლის)

ცოლად გაჰყვა მოდენის ჰერცოგ ფრანჩესკო III დ'ესტეს, რომელთანაც შეეძინა ათი შვილი
ლუი 4 აგვისტო,

1703

4 თებერვალი,

1752,

(48 წლის)

ორლეანის ჰერცოგი, ცოლად შეირთო იოჰანა ბადენ-ბადენელი, რომელთანაც შეეძინა

ერთი ვაჟი და ერთი ქალიშვილი

ლუიზ ელიზაბეტი 11 დეკემბერი,

1709

16 ივნისი,

1742,

(32 წლის)

ცოლად გაჰყვა ესპანეთის მეფე ლუის I-ს, თუმცა მისი ნაადრევი გარდაცვალების გამო

წყვილს შვილები არ ჰყოლია, რის გამოც იგი საფრანგეთში დაბრუნდა

ფილიპინა ელიზაბეტი 18 დეკემბერი,

1714

21 მაისი,

1734,

(19 წლის)

დანიშნული იყო ესპანეთის, ნეაპოლისა და სიცილიის მეფე კარლ III-ზე, თუმცა

ქორწინებამდე გარდაიცვალა და კარლმაც ცოლად მარია ამალია საქსონიელი შეირთო

ლუიზ დიანა 27 ივნისი,

1716

26 სექტემბერი,

1736,

(20 წლის)

ცოლად გაჰყვა კონტის პრინც ლუი ფრანსუას, რომელთანაც შეეძინა მხოლოდ ერთი ვაჟი,

კონტის პრინცი ლუი ფრანსუა ჟოზეფი, თუმცა თავად მეორე მშობიარობას გადაჰყვა,

რომლის დროსაც მკვდარი გოგონა დაიბადა

  • La première Mademoiselle de Blois est Marie-Anne de Bourbon (1666-1739).
  • Mémoires de Mme de Caylus [archive]
  • Archives des Yvelines [archive], registres paroissiaux de Versailles (1080399 - BMS 1691-1692, page 125).
  • Journal de Barbier, Quatrième série (1743-1750), conforme au manuscrit autographe de l'auteur, Charpentier Libraire-Éditeur, 28 Quai de l'École, Paris, 1858
  • Spanheim, Ézéchiel, (traduzione francese di Émile Bourgeois) Relation de la Cour de France. le Temps retrouvé, Mercure de France, Parigi, 1973, pp. 87, 313-314