მარია ჟოზეფა საქსონიელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარია ჟოზეფა საქსონიელი
Maria Josepha von Sachsen
Nivelon - Marie Josèphe of Saxony - Versailles MV 3797.jpg
საფრანგეთის დოფინი
მმართ. დასაწყისი: 9 თებერვალი 1747
მმართ. დასასრული: 20 დეკემბერი 1765
წინამორბედი: მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი
მემკვიდრე: მარია ანტუანეტა ავსტრიელი
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 4 ნოემბერი 1731
დაბ. ადგილი: დრეზდენი, საქსონია
გარდ. თარიღი: 13 მარტი 1767 (35 წლის)
გარდ. ადგილი: ვერსალი, საფრანგეთი
მეუღლე: ლუი, საფრანგეთის დოფინი
შვილები: მარი ზეფირინა
ლუი XVI, საფრანგეთის მეფე
ლუი XVIII, საფრანგეთის მეფე
შარლ X, საფრანგეთის მეფე
მარი კლოტილდა, სარდინიის დედოფალი
ელიზაბეტი
სრული სახელი: მარია ჟოზეფა კაროლინა ელეონორ ფრანსისკა ხავიერა ვეტინი
დინასტია: ვეტინები
მამა: ავგუსტ III, პოლონეთის მეფე
დედა: მარია იოზეფა ავსტრიელი
რელიგია: კათოლიციზმი
ხელმოწერა: Signature of Dauphine Marie Josèphe of Saxony.png

მარია ჟოზეფა საქსონიელი (გერმ. Maria Josepha von Sachsen; ფრანგ. Marie-Josèphe de Saxe; დ. 4 ნოემბერი 1731, დრეზდენი, საქსონია — გ. 13 დეკემბერი 1767, ვერსალი, საფრანგეთი) — ვეტინების დინასტიის წარმომადგენელი. პოლონეთის, ლიტვისა და საქსონიის პრინცესა, როგორც ავგუსტ III-ისა და მისი ცოლის, დედოფალ მარია იოზეფა ავსტრიელის ასული. საფრანგეთის დოფინი 1747-1765 წლებში როგორც ლუი დე ბურბონის მეუღლე. საფრანგეთის სამი მეფის ლუი XVI-ის, ლუი XVIII-ისა და შარლ X-ის, სარდინიის დედოფალ მარი კლოტილდას და საფრანგეთის პრინცესა ელიზაბეტის დედა.

ბავშვობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარია ჟოზეფა დაიბადა 1731 წლის 4 ნოემბერს, დრეზდენის სამეფო სასახლეში. მამამისი იყო საქსონიის, პოლონეთისა და ლიტვის მეფე ავგუსტ III, ხოლო დედა, მისი მეუღლე, დედოფალი მარია იოზეფა ავსტრიელი. იგი მათი მეთხუთმეტე შვილი და მეოთხე ქალიშვილი იყო.

მარია ჟოზეფა ბავშვობაში

1746 წლის 22 ივლისს საფრანგეთის დოფინი ლუი დე ბურბონს გარდაეცვალა მეუღლე, მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი, რომელთანაც მხოლოდ ერთი ქალიშვილი ჰყავდა და ის განიხილებოდა ტახტის მემკვიდრედ. ცხადია ლუიმ მეორედ დაქორწინება და ვაჟი მემკვიდრის დაბადება მოისურვა. მარია ტერეზა რაფაელას ძმამ, ესპანეთის მეფე ფერდინანდ VI-მ ლუის მისი მეორე დის, პრინცესა მარია ანტუანეტა ესპანელის ცოლად შერთვა შესთავაზა. ამაზე ფრანგებმა უარი თქვეს. საფრანგეთის მეფე ლუი XV-მ და მისმა საყვარელმა, მადამ დე პომპადურმა ახალი საცოლის ძებნა მთელი ევროპის მასშტაბით დაიწყეს.

მარია ჟოზეფასა და ლუის შორის ქორწინებაზე წინადადება თავიდან მარია ჟოზეფას ბიძამ, მორის საქსონიელისგან წამოვიდა. ლუი XV და მისი საყვარელი დარწმუნებულები იყვნენ, რომ ეს ქორწინება საფრანგეთს საგარეო პოლიტიკაში ძალიან დაეხმარებოდა. საქსონია და საფრანგეთი ავსტრიის ტახტის მემკვიდრეობის ომიდან მოყოლებული გადამტერებული სახელმწიფოები იყვნენ, ეს დინასტიური ქორწინება კი მათ შანსს აძლევდა მშვიდობა და ალიანსი დაემყარებინათ. თუმცა ამ ქორწინებას ერთი რამ უშლიდა ხელს. მარია ჟოზეფას ბაბუა, ავგუსტ II იყო ადამიანი რომელმაც პოლონეთ-ლიტვის ტახტიდან ჩამოაგდო სტანისლავ ლეშჩინსკა და ქვეყნიდან გააძევა. სტანისლავის ასული, მარია ლეშჩინსკა კი იყო ლუი XV-ის მეუღლე, საფრანგეთის დედოფალი და მარია ჟოზეფას საქმროს დედა. ამ ქორწინებას დედოფალი მარია აპროტესტებდა, თუმცა მას ყური არავინ დაუგდო. მიუხედავად ამისა, მარია ლეშჩინსკამ მარია ჟოზეფა მოგვიანებით კარგად მიიღო.

ასევე განიხილებოდა ლუის ქორწინება მარია ლუიზა სავოიელზე, თუმცა მის კანდიდატურაზე უარი თქვეს და მიუხედავად დედოფლის გააფთრებული წინააღმდეგობისა მარია ჟოზეფა და ლუი 1747 წლის 9 თებერვალს დაქორწინდნენ.

მადამ დოფინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქორწინების ტრადიცია მოითხოვდა, რომ მას ეტარებინა ბრასლეტი რომელზეც მამამისის პორტრეტი იქნებოდა გამოსახული. როდესაც დედოფალმა მარია ჟოზეფას ბრასლეტი და თავისი მამის მოსისხლე მტერი დაინახა გამომეტყველება შეეცვალა. მაშინ დედოფალმა რძალს პირდაპირ მიახალა, რომ პოლონეთის ტახტი მამამისს ეკუთვნოდა და არა მარია ჟოზეფას მამას. მან კი სრულიად დაუფარავად მიუგო, რომ ეს ტახტი მამამისის იყო, ხოლო სტანისლავი ლოთარინგიის ტახტზე კი იჯდა, თუმცა ასევე ისიც მისი ქალიშვილის გათხოვებით მიიღო და არა მემკვიდრეობით. ამან დედოფლის გაცეცხლება გამოიწვია. 15 წლის მანძილზე რძალსა და დედამთილს შორის პოლონეთის ტახტის გამო, უაზრო და უშედეგო დავა და ურთიერთ დამცირება მიმდინარეობდა. მიუხედავად ამისა, მარია ჟოზეფას კარგი ურთიერთობა ჰქონდა მამამთილთან, მეფე ლუი XV-სთან.

საფრანგეთის დოფინი მარია ჟოზეფა საქსონიელი

ქორწინების დროს, ლუი ჯერ კიდევ გარდაცვლილ მეუღლეს გლოვობდა. ეს მწუხარება უკვა დიდი ხანია სტანჯავდა დოფინის გულს. მელანქოლიაში მყოფი ლუის უბედურებას ისიც დაემატა, რომ 1748 წელს მარია ჟოზეფამ მკვდარი ვაჟი გააჩინა. დოფინმა ბავშვის მკვდრად დაბადება საშინლად განიცადა. ამას თან დაერთო მისი ორი წლის ქალიშვილის (რომელიც პირველ ცოლთან ჰყავდა) გარდაცვალებაც, რამაც იგი ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. მარია ჟოზეფამ ქმრისთვის სევდის გასაქარვებლად გარდაცვლილი ქალიშვილის პორტრეტი დაუკვეთა (რომელიც დღეისთვის დაკარგულია) და აგრეთვე მისი აკვანი დაატოვებინათ, რამაც ცოტა შეუმსუბუქა ლუის მწუხარება.

მარია ჟოზეფა ყოველთვის მადლიერი იყო მადამ დე პომპადურის, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა მას ოჯახის შენარჩუნებაში. მარიას პომპადურთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა ჰქონდა.

თავისი მეუღლის მსგავსად, მარია ჟოზეფაც ძალიან მელანქოლიური გახდა. დედამთილთან ცუდი ურთიერთობის გამო იგი სამეფო კარზე თავს ცუდად გრძნობდა. წყვილს არ უყვარდათ ვერსალში არსებულ ყოველკვირეულ გასართობ ღონისძიებებში მონაწილეობა, ისინი ყოველთვის საკუთარ ოთახში დარჩენას ამჯობინებდნენ.

წყვილის პირველი ცოცხალი შვილი იყო პრინცესა მარი ზეფირინა. მისმა დაბადებამ მშობლებს დიდი სიხარული მოუტანა, თუმცა ლუი XV იმედგაცრუებული დარჩა, რადგან იგი ვაჟი არ იყო. მარია ზეფირინა 1755 წელს, 4 წლის ასაკში გარდაიცვალა. მათი მეორე შვილი, ლუი ჯოზეფი 1751 წელს დაიბადა. რადგან იგი ტახტის მემკვიდრე იყო, სამეფო კარზე ყველა სხვა ბავშვი უკანა პლანზე გადავიდნენ. 1761 წელს ლუი სიმსივნით გარდაიცვალა. 1753 წელს დაიბადა პრინცი ხავიერი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. 1754 წელს კი დაიბადა ვაჟი, ლუი ავგუსტი, რომელიც მომავალში მეფე ლუი XVI გახდა.

ვაჟების გაჩენამ მარია ჟოზეფინას ურთიერთობები ქმართანაც, დედამთილთანაც და მამამთილთანაც საოცრად დაულაგა. მარია ჟოზეფამ სამეფო კარზე, ვაჟების გაჩენით დიდი ძალაუფლება მიიღო. სამეფო კარის მცხოვრებლები ივარაუდებდნენ, რომ მარია ჟოზეფა აუცილებლად ძლიერი დედოფალი გახდებოდა. ლუი XV ყოველთვის შენიშვნას აძლევდა ცოლს მარია ჟოზეფასთან უხეშობის გამო.

1756 წელს პრუსიის მეფე ფრიდრიხ II შეიჭრა საქსონიაში, რის გამოც დაიწყო შვიდწლიანი ომი. ამის გამო ვინაიდან საფრანგეთი საქსონიის მოკავშირე იყო, საფრანგეთმა პრუსიას ომი გამოუცხადა და საქსონიის სასარგებლოდ ბრძოლაში ჩაება.

დარჩენილი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1765 წლის 20 დეკემბერს გარდაიცვალა მარია ჟოზეფას ქმარი. ეს ნამდვილი დარტყმა იყო მარია ჟოზეფასთვის, რამაც ის 15 თვიან საშინელ და ღრმა დეპრესიაში ჩააგდო. ლუი XV-მ რძლის მდგომარეობიდან გამოსაყვანად მისთვის იმ ოთახიდან გადაყვანა განიზრახა, რომელიც ქმარს ახსენებდა. ამიტომ იგი მადამ დე პომპადურის საძინებელში გადაიყვანა, რომელიც 1764 წელს გარდაიცვალა. მეფე მარია ჟოზეფას დიდ ყურადღებას აქცევდა და ცდილობდა მის გამხიარულებას. მალე მისი ვაჟი, ლუი ავგუსტი დაქორწინდა ავსტრიის იმპერატრიცა მარია ტერეზას ქალიშვილ მარია ანტუანეტაზე.

მალე დაიწყო მარია ჟოზეფას ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება. 1767 წლის 13 მარტს მარია ჟოზეფა ტუბერკულიოზით გარდაიცვალა.

შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მკვდარშობილი ვაჟი (30 იანვარი 1748);
  2. მკვდარშობილი ვაჟი (10 მაისი 1749);
  3. მარი ზეფირინა (დ. 26 აგვისტო 1750 - გ. 1 სექტემბერი 1755), გარდაიცვალა ბავშვობაში;
  4. ლუი ჟოზეფი (დ. 13 სექტემბერი 1751 - გ. 22 მარტი 1761), ბურგუნდიის ჰერცოგი, გარდაიცვალა ბავშვობაში;
  5. მკვდარშობილი ქალიშვილი (9 მარტი 1752);
  6. ხავიერი (დ. 8 სექტემბერი 1753 - გ. 22 თებერვალი 1754), გარდაიცვალა ჩვილობაში;
  7. ლუი XVI (დ. 23 აგვისტო 1754 - გ. 21 იანვარი 1793), საფრანგეთის მეფე, იქორწინა მარია ანტუანეტა ავსტრიელზე;
  8. ლუი XVIII (დ. 17 ნოემბერი 1755 - გ. 16 სექტემბერი 1824), საფრანგეთის მეფე, იქორწინა მარია ჟოზეფინა სავოიელზე;
  9. მკვდარშობილი ვაჟი (1756);
  10. შარლ X (დ. 9 ოქტომბერი 1757 - გ. 6 ნოემბერი 1836), საფრანგეთის მეფე, იქორწინა მარია ტერეზა სავოიელზე;
  11. მარი კლოტილდა (დ. 23 სექტემბერი 1759 - გ. 7 მარტი 1802), სარდინიის დედოფალი, იქორწინა კარლო ემანუელე IV-ზე;
  12. მკვდარშობილი ვაჟი (1762);
  13. ელიზაბეტი (დ. 3 მაისი 1764 - გ. 10 მაისი 1794), საფრანგეთის პრინცესა, გარდაიცვალა დაუქორწინებელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tarbé. Pierre Hardouin. (1767) Pompe funebre de l'inhumation de Madame la Dauphine faite a Sens, les 22 et 23 Mars 1767, Paris.
  • Spawfourth. Tony, Versailles, New York, 2008, p.200-1.
  • Marie-Josèphe de Saxe, l'émouvante et dévouée mère de Louis XVI, de Monique de Huertas, Pygmalion, 2000.
  • Marie-Josèphe de Saxe, de François Bluche, Hachette, 1970.
  • Otto Eduard Schmidt: Maria Josepha, Prinzessin v. Sachsen (= Velhagen & Klasings Monatshefte. Band 19, Nr. 1904/1905, Teil 3). 1904, S. 341–357.
  • Jacques Levron: Ludwig XV. Der verkannte König Frankreichs. München 1987.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მარია ტერეზა რაფაელა ესპანელი
საფრანგეთის დოფინი
9 თებერვალი 1747 - 20 დეკემბერი 1765
Arms of Marie Josèphe of Saxony as Dauphine of France.png
შემდეგი:
მარია ანტუანეტა ავსტრიელი