პიერო მედიჩი (1472-1503)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პიერო მედიჩი
501 Piero de Medici 02.JPG
ფლორენციის სენიორი
მმართ. დასაწყისი: 9 აპრილი, 1492
მმართ. დასასრული: 9 ნოემბერი, 1494
წინამორბედი: ლორენცო მედიჩი
მემკვიდრე: ჯიროლამო სავონაროლა
პირადი ცხოვრება
დაბ. თარიღი: 15 თებერვალი, 1472
დაბ. ადგილი: ფლორენცია, ფლორენციის რესპუბლიკა
გარდ. თარიღი: 28 დეკემბერი, 1503, (31 წლის)
გარდ. ადგილი: მდ. გარილიანო, პაპის ოლქი
მეუღლე: ალფონსინა ორსინი
შვილები: ლორენცო II, ფლორენციის სენიორი
კლარიჩე
დინასტია: მედიჩები
მამა: ლორენცო, ფლორენციის სენიორი
დედა: კლარისა ორსინი
რელიგია: კათოლიციზმი

პიერო დე’ მედიჩი (იტალ. Piero de' Medici), მეტსახელად უიღბლო (იტალ. Il Fatuo; დ. 15 თებერვალი, 1472 — გ. 28 დეკემბერი, 1503) — მედიჩების დინასტიის წარმომადგენელი. ლორენცო მედიჩისა და კლარისა ორსინის უფროსი ვაჟი. ფლორენციის სენიორი 1492-94 წლებში. იგი დაამხო და ქალაქიდან ოჯახთანე ერთად გააძევა ფანატიკოსმა ჯიროლამო სავონაროლამ, რის შემდეგაც მან დაიწყო ქალაქის მართვა. პიერომ თავი რომის პაპს შეაფარა, სადაც მდინარე გარილიანოში გადავარდა და დაიხრჩო. მისი შვილიშვილი ეკატერინე მედიჩი, შემდგომში საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დედოფალი გახდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიერო დაიბადა 1472 წლის 15 თებერვალს. იგი იყო ფლორენციის სენიორ ლორენცო მედიჩისა და მისი ცოლის, კლარისა ორსინის მეორე შვილი და პირველი ვაჟი. მას სახელი ბაბუის, პიერო მედიჩის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მის გაჩენამდე სამი წლით ადრე დაიღუპა. იგი თავის ძმასთან, ჯოვანისთან (შემდგომში პაპი ლეო X) და ბიძაშვილ ჯულიოსთან (შემდგომში პაპი კლემენტ VII) ერთად იზრდებოდა.

იგი დაბადებიდანვე იზრდებოდა როგორც მედიჩების დე-ფაქტო ტახტის მემკვიდრე, რომელსაც ისინი ფლორენციის რესპუბლიკაში ფლობდნენ. დედამისმა მას აღმზრდელად გამოჩენილი ჰუმანისტი ანჯელო პოლიციანო მიუჩინა, რომელიც სძულდა პიეროს. აღსანიშნავია, რომ 1494 წელს ანჯელო პიეროს ბრძანებით მოწამლეს.

1492 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ პიერო ფლორენციის დე-ფაქტო მმართველი, ანუ სენიორი ხდება. მისი მმართველობა ფლორენციისა და ზოგადად იტალიისათვის მეტად მძიმე პერიოდს — იტალიური ომების დასაწყისს დაემთხვა. მისი მმართველობა თავდაპირველად ძალიან კარგად და მშვიდობიანად დაიწყო, თუმცა 1494 წელს ეს სიმშვიდე საფრანგეთის მეფე შარლ VIII-მ დაარღვია, რომელმაც დიდი ლაშქრით გადალახა ალპები და იტალიაში შეიჭრა, რათა ნეაპოლის სამეფო დაეპყრო.

შარლ VIII-ს გზას თვით მილანის ჰერცოგი ლუდოვიკო სფორცა მიუკვალავდა, რომელსაც ამით იმედი ჰქონდა მშრალად გამოვიდოდა და ფრანგებს გადაურჩებოდა. მილანის საჰერცოგოს გავლის შემდეგ, ფრანგებს ნეაპოლში მოსახვედრად ტოსკანა (რომელიც პიზას, ლუკას, ფლორენციისა და სიენასგან შედგებოდა) და პაპის ოლქი უნდა გაევლო. ქალაქ ლუკას მოსახლეობის სასტიკი გაჟლეტვით შეშინებულმა პიერომ სასწრაფოდ წამოიწყო მილანელებთან მოლაპარაკებები და ნეიტრალური პოზიცია აირჩია. ამრიგად ფრანგებმა ტოსკანაში სრულიად მშვიდად და უბრძოლველად გაიარეს, მეტიც, ტოსკანელები მათ საკუთარ სახლებშიც კი აბინავებდნენ ღამის გასათევად. ამ ყოველივემ ძალზედ განარისხა ქვეყნის პატრიოტები, რომლებიც კათოლიკე ფანატიკოსის, ჯიროლამო სავონაროლას თაოსნობით გაერთიანდნენ. მალე სრულიად ფლორენცია მისი გავლენის ქვეშ მოექცა. ანტი-მედიჩურმა მოძრაობამ ალყა შემოარტყა მედიჩების რეზიდენციას და ქვებით ფანჯრებიც კი ჩაამსხვრიეს. პიერომ თავის ოჯახთან ერთად ძლივს მოასწრო ქალაქის დატოვება და რომში, პაპი ალექსანდრე VI-ის კარზე გაქცევა. ამრიგად, ფლორენციაში სავონაროლას რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა, რომელიც 1512 წელს, პაპ ლეო X-ის (რომელიც პიეროს ძმა იყო) მიერ ჯიროლამოს კოცონზე დაწვითა და მედიჩების რესტავრაციით დასრულდა.

პიერო რომში დიდხანს გაჩერებას არ აპირებდა და ვენეციაში გადასვლა სურდა, თუმცა იტალიური ომების გამო ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. საფრანგეთის ახალი მეფე ლუი XII მას პოზიციების აღდგენას დაჰპირდა, იმის სანაცვლოდ, თუ იგი ესპანელებისა და ნეაპოლელების წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებოდა, რაზეც დასთანხმდა. ბრძოლის წინ, 1503 წლის 28 დეკემბერს, პიერო მდინარე გარილიანოზე გადასვლისას ცხენიდან გადავარდა და 31 წლის ასაკში დაიხრჩო. ამ ბრძოლაში ესპანელებმა გაიმარჯვეს.

ქორწინება და შვილები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1488 წელს პიერომ ცოლად შეირთო თავისი ბიძის, ტაგლიაკოცოს გრაფ რობერტო ორსინისა და კატერინა სანსევერინოს ასული ალფონსინა ორსინი, რომელთანაც ორი შვილი შეეძინა:

  1. ლორენცო II (1492-1519), ურბინოს, ფლორენციისა და ბოლონიის ჰერცოგი. ცოლად შეირთო მადლენ დე ლა ტურდე, რომელთანაც ერთი ასული, ეკატერინე შეეძინა, რომელიც მომავალში საფრანგეთის დედოფალი გახდა. გარდა ამისა, საყვარილსგან ჰყავდა ერთი ვაჟიც, მომავალში ფლორენციის ჰერცოგი ალესანდრო მედიჩი;
  2. კლარიჩე (1493-1528), ცოლად გაჰყვა ფილიპო სტროზის, რომელთანაც შეეძინა შვილები. დედისა და ძმის დაღუპვის შემდეგ თავისი ძმის შვილების მეურვე და ფლორენციის დესპოტი მმართველი გახდა, რომელიც ხალხმა 1527 წელს დაამხო, ამ ამბიდან ერთ წელიწადში კი აჯანყებულებმა მას ყელი გამოსჭრეს;

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Tomas, Natalie R. (2003). The Medici Women: Gender and Power in Renaissance Florence. Aldershot: Ashgate Publishing. p. 246. ISBN 0754607771.