სიმონ ბოლივარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიმონ ბოლივარი

სიმონ ხოსე ანტონიო დე ლა სანტისიმა ტრინიდად ბოლივარ ი პალასიოსი (ესპ. Simón José Antonio de la Santísima Trinidad Bolívar Palacios Ponte y Blanco) (24 ივლისი, 1783, კარაკასი, ახალი გრენადა17 დეკემბერი, 1830, სანტა-მარტა, კოლუმბია) — სახელმწიფო მოღვაწე, ვენესუელელი პატრიოტი, სარდალი, დამოუკიდებლობის რამდენიმე მოძრაობის ლიდერი სამხრეთ ამერიკაში, რომელთაც ზოგადად ბოლივარის ომებს უწოდებენ.

მას მიაწერენ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის წინამძღოლობას ვენესუელაში, კოლუმბიაში, ეკვადორში, პერუში, პანამაში და ბოლივიაში. მიუხედავად მის მიერ გამოყენებული ტერორის ტაქტიკისა, ის ეროვნულ გმირად არის აღიარებული ამ ქვეყნებში და კიდევ ლათინურ ამერიკის რამდენიმე სხვა ქვეყანაში . ბოლივარი ასევე ცნობილია როგორც "El Libertador" (განმანთავისუფლებელი).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაიბადა კარაკასში კრეოლი არისტოკრატის ოჯახში. ჭაბუკობა გაატარა ევროპაში. მან ფიცი დადო, რომ მთელ სიცოცხლეს შესწირავდა სამშობლოს გათავისუფლებისათვის ბრძოლას:

ვიკიციტატა
„მე ვფიცავ შენს წინაშე; მე ვფიცავ ჩემი მშობლების ღმერთის წინაშე; მე ვფიცავ ჩემს ღირსებას; და ვფიცავ ჩემს სამშობლოს; რომ არ დავყრი იარაღას, არ დავზოგავ ჩემს სულს, მანამ სანამ არ დავამსხვრევ ჩვენს მჩაგვრელ ჯაჭვებს რომლებიც ახორციელებენ ესპანეთის ძალაუფლებას.“

1807 წელს ბოლივარი დაბრუნდა ვენესუელაში და აქტიური მონაწილეობა მიიღო ესპანელთა უღლის დამხობაში. ესპანელთა მიერ ვენესუელის რესპუბლიკის განადგურების შემდეგ გამაგრდა ახალი გრანადის ცენტრალურ ნაწილში (თანამედროვე კოლუმბია), სადაც ესპანელებთან ბრძოლაში რამდენიმე ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 1813 წელს ბოლივარმა აიღო კარაკასი და შექმნა ვენესუელის მეორე რესპუბლიკა. კარაკასის მუნიციპალიტეტმა მას მიანიჭა განმათავისუფლებლის წოდება. 1814 წელს ესპანეთის ჭარბ ძალებთან ბრძოლაში დამარცხდა და ემიგრაციაში წავიდა. 1816 წელს დაბრუნდა ვენესუელაში და წარმატებით შეებრძოლა ესპანელებს. ბოლივარის არმიას წარმატებებში ისიც უწყობდა ხელს, რომ მან გააუქმა მონობა (1816) და გამოსცა დეკრეტი განმათავისუფლებელი არმიის ჯარისკაცების მიწებით უზრუნველყოფის შესახებ.

1819 წელს ბოლივარის არმიამ დაამარცხა ესპანელთა ჯარები, ვენესუელამ დამოუკიდებლობა მოიპოვა. იმავე წელს ბოლივარმა გადაწყვიტა ვენესუელიდან თოვლიანი ანდების ქედით (ანდების ქედი გასდევს სამხრეთ ამერიკის დასავლეთ სანაპირო ზოლს და ზოგ მონაკვეთში უშუალოდ ეკვრის წყნარ ოკეანეს) გადასულიყო ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში და ესპანელთა ბატონობისაგან გაეთავისუფლებინა ეს ვრცელი ოლქიც. ანდებზე გადასვლისას მებრძოლებს უნდა გაევლოთ უღრანი ტროპიკული ტყეები, თოვლიანი მთები და ნიანგებით სავსე მდინარეები. წვიმა და თოვლი მებრძოლებს სახეში სცემდა, ბევრი მათგანი უფსკრულში ცვიოდა, 4 ათასი მეტრის სიმაღლის თოვლიან უღელტეხილებზე ასვლის დროს ჰაერის უკმარისობის გამო მებრძოლები გონს კარგავდნენ. ბოლივარი წინ მიუძღოდა ლაშქარს. დიდი გაჭირვების მიუხედავად, უღელტეხილები დაძლეულ იქნა. ბოლივარის გაწამებული, ჩამოძონძილი, ფეხშიშველი მეომრები ახალი გრანადის დასავლეთ ნაწილში გადავიდნენ. ბოგოტასთან ბრძოლაში ისინი გააფთრებით ეკვეთნენ ესპანელებს, რომლებმაც ვერ გაუძლეს ბოლივარელებთან ხელჩართულ შერკინებას და დანებდნენ. ახალი გრანადის დასავლეთი ნაწილი ვენესუელასთან გაერთიანდა და შეიქმნა დიდი კოლუმბიის რესპუბლიკა. ბოლივარი ქვეყნის პრეზიდენტად აირჩიეს.

ვენესუელის ტერიტორიაზე ესპანელთა ძალების განადგურების შემდეგ ბოლივარმა გაათავისუფლა ეკვადორი და პერუ. 1825 წელს ზემო პერუს ტერიტორიაზე შეიქმნა რესპუბლიკა, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ბოლივარი. ახალი რესპუბლიკის დამფუძნებელმა კონგრესმა ქვეყანას მის პატივსაცემად ბოლივია უწოდა.

ბოლივარი დამოუკიდებელ სახელმწიფოთა განმტკიცებას ცდილობდა. იგი გამოდიოდა ამ რესპუბლიკათა გაერთიანების მოთხოვნით. ამ მიზნით 1826 წელს მან პანამაში კონგრესიც კი მოიწვია, მაგრამ თავისი გეგმების განხორციელებას ვერ მიაღწია. სეპარატისტულმა მოძრაობებმა გამოიწვია მისი ძალაუფლების დამხობა პერუსა და ბოლივიაში, ხოლო დიდ კოლუმბიას გამოეყო ვენესუელა და ეკვადორი. 1830 წელს ბოლივარი თადარიგში გავიდა და ჩამოსცილდა სახელმწიფო საქმიანობას. ამის შემდეგ იგი მალევე გარდაიცვალა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

წინამორბედი:
----
ბოლივიის პრეზიდენტი
1825
შემდეგი:
ანტონიო ხოსე სუკრე