ბითლზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბითლზი
Beatles logo.svg
The Fabs.JPG
ბიოგრაფია
წარმოშობა ლივერპული, ინგლისი
ჟანრ(ებ)ი როკ-ენ-როლი, ფსიქოდელიური როკი, პოპი, მერსიბითი
აქტიური 1960 - 1970
ლეიბლ(ებ)ი Parlophone Records
Capitol Records
Apple Records
Vee-Jay Records
Polydor Records
Swan Records
Tollie Records
ასოციაციები ტონი შერიდანი, ქუორიმენი, პლასტიკ ონო ბენდი, The Dirty Mac, Wings, Traveling Wilburys, Rory Storm and the Hurricanes, რინგო სტარის ბენდი, ბილი პრესტონი
საიტი thebeatles.com
წევრები
ჯონ ლენონი
პოლ მაკ-კარტნი
რინგო სტარი
ჯორჯ ჰარისონი
ყოფილი წევრები
სტიუარტ სატკლიფი
პიტ ბესტი

ბითლზი (ინგლ. The Beatles) — 1960 წელს ჩამოყალიბებული პოპ და როკ-ენ-როლ ჯგუფი ინგლისის ქალაქ ლივერპულიდან. დღემდე იგი მუსიკის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ჯგუფად ითვლება. [1] ოთხეული, რომელიც 1962 წლიდან შედგებოდა ჯონ ლენონის (რითმული გიტარა, ვოკალი), პოლ მაკ-კარტნის (ბას-გიტარა, ვოკალი), ჯორჯ ჰარისონისა (წამყვანი გიტარა, ვოკალი) და რინგო სტარისგან (დასარტყმელი ინსტრუმენტები, ვოკალი), 1960-იან წლების აშშ-ის მუსიკაში ბრიტანული შემოსევის პიონერად გახდა.

დაიწყო რა სკიფლისა და 1950-იანი წლების ტიპის როკ-ენ-როლის შესრულებით, ბითლზმა შემდგომში საკუთარი მუსიკა დახვეწა, პოპ-ბალადებიდან ფსიქოდელიურ როკამდე, რასაც ხშირად ემატებოდა კლასიკური მუსიკისა და სხვა ჟანრების ელემენტები. მათ საოცარ პოპულარობასთან ერთად, რომელმაც პირველად იფეთქდა „ბითლომანიის“ სახით, ასევე მასშტაბებს იძენდა ჯგუფის წევრების, როგორც სიმღერების ავტორების, ნიჭი. ბითლზი 1960-იანი წლების სოციალური და კულტურული რევოლუციების საფუძვლად იქცა.

თავდაპირველად ჯგუფში შედიოდნენ ლენონი, მაკ-კარტნი, ჰარისონი, სტიუარტ სატკლიფი (ბასი) და პიტ ბესტი (დასარტყმელი საკრავები). 1960-იანი წლების დასაწყისში მათ დიდი წარმატება იქონიეს ლივერპულისა და ჰამბურგის ღამის კლუბებში. 1961 წელს სატკლიფმა დატოვა კოლექტივი. შემდეგ წელს ბესტი რინგო სტარმა შეცვალა. კოლექტივის მენეჯერი გახდა ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, ხოლო ალბომების პროდიუსერი - ჯორჯ მარტინი. მათი მხარდაჭერით ჯგუფმა 1962 წელს მიაღწია მნიშვნელოვან წარმატებას სინგლით „Love Me Do“. შემდეგ წელს მათ საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვეს და 1966 წლამდე, ალბომების ჩაწერის პარალელურად, აქტიურ საკონცერტო ტურებში იმყოფებოდნენ. 1966 წლის შემდეგ მათ, 1970 წლამდე შეწყვიტეს ყველა სახის ცოცხალი გამოსვლები. ჯგუფი ოფიციალურად დაიშალა 1970 წელს. მისმა ყოველმა წევრმა დრო საკუთარ სოლო-კარიერას დაუთმო. ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ-იორკში, 1980 წელს. ჰარისონი კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა 2001 წელს. ამჟამად მაკ-კარტნი და სტარი კვლავ აქტიური მუსიკოსები არიან და ზრუნავენ როგორც საკუთარ მუსიკალურ კარიერაზე, ასევე ბითლზთან დაკავშირებულ პროექტებზე.

სტუდიური წლების პერიოდში ბითლზმა ჩაწერა ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967), რომელმაც კრიტიკოსები თვლიან მათ საუკეთესო მასალად. ოთხეული კვლავ რჩება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად მუსიკალურ ჯგუფად[2], ხოლო მათი ჩანაწერები ჯგუფის დაშლიდან 40 წლის შემდეგ კვლავ მოთხოვნადია. ბრიტანულ ჩარტში სხვადასხვა დროს ერთდროულად მოხვედრილა მათი რამდენიმე ალბომი, რომელიც ამა თუ იმ პოზიციას უფრო ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში იკავებდა, ვიდრე სხვა მუსიკოსების ნამუშევრები.[3]RIAA-ს თანახმად, ჯგუფს აშშ-ში გაყიდული აქვს უფრო მეტი ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა მუსიკოსს.[4] 2008 წელს ჟურნალმა ბილბორდი აშშ-ში სინგლების ჩარტების აღრიცხვიდან 50-ე წელიწადის აღსანიშნავად გამოაქვეყნა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკოსების სია, რომელშიც ბითლზი პირველ პოზიციას იკავებდა.[5] კოლექტივს მიენიჭა 7 გრემის და 15 აივორ ნოველოს ჯილდო. ჟურნალმა ტაიმი ისინი დაასახელა XX საუკუნის 100 ყველაზე გავლენიანი პიროვნებების სიაში.[6]

შექმნის ისტორია

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ქუორიმენი.

1957 წლის მარტში, ლივერპულში, ქუორი ბენკის სკოლაში ჯონ ლენონმა ჩამოაყალიბა სკიფლის შემსრულებელი ჯგუფი ქუორიმენი.[7] ქუორიმენის ერთ-ერთ კონცერტზე (უოლტონ გარდენი, წმ. პეტრეს ეკლესია, 6 ივლისი, 1957) აღმოჩნდა პოლ მაკ-კარტნი, რომელიც შეუერთდა ჯგუფს. 1958 წლის 6 თებერვალს ერთ-ერთ კონცერტს ასევე დაესწრო ახალგაზრდა გიტარისტი ჯორჯ ჰარისონი.[8]

ბითლზის ისტორია
ქუორიმენი
ჰამბურგი
კევერნის კლუბი
შეხვედრა Decca-სთან
ბითლომანია ბრიტანეთში
აშშ გამოცემები
ამერიკის დაპყრობა
1966 წელი
უფრო პოპულარული ვიდრე იესო
მოგზაურობა რიშიკეშში
დაშლა
გაერთიანებები
ჯგუფები ბითლზის წევრების მონაწილეობით
ქრონოლოგია

მაკ-კარტნიმ ჰარისონი გაიცნო სკოლის ავტობუსში. მაკ-კარტნის თხოვნით, ჰარისონი შეუერთდა ქუორიმენს მთავარი გიტარისტის სახით 1958 წლის მარტში, ერთ-ერთი რეპეტიციის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ლენონს არ მოსწონდა ჰარისონის ასაკი - იგი ყველაზე უმცროსი იყო. მომავალი ბითლზის შემადგენლობა ნელ-ნელა ყალიბდებოდა და 1960 წლის იანვარში მასში მოვიდა ლენონის მეგობარი სამხატვრო სასწავლებლიდან, სტიუარტ სატკლიფი, რომელიც ბას გიტარაზე უკრავდა. ლენონიც და მაკ-კარტნიც უკრავდნენ რითმ გიტარაზე და ჯგუფმა რამდენიმე დრამერი შეცვალა.

ქუორიმენმა რამდენიმე სახელი გამოიცვალა - "Johnny and the Moondogs", "Long John and the Beatles", "the Silver Beetles" (ეს სახელი მათ ლარი პარნსმა შესთავაზა). შემდეგ, 1960 წლის აგვისტოში მათ 'The Beetles' დაირქვეს (ბადი ჰოლისა და ჯგუფის The Crickets პატივსაცემად). ლენონს სურდა ჯგუფის გადარქმევა 'The Beatals'-ად. შემდეგი სახელი იყო 'Silver Beats', The Silver Beetles, and the 'Silver Beatles', ხოლო საბოლოო - უკვე The Beatles. ლარი პარნსთან ერთად მათ მცირე ტური მოაწყვეს და იქცნენ 'ბითლზად'.[9]

1960 წლის მაისში ჯგუფმა კვლავ მოაწყო მცირე ტური, მომღერალ ჯონი ჯენტლთან ერთად.[10] კოლექტივს ჯერ კიდევ არ ჰყავდა მუსიკოსი, რომელიც დაუკრავდა დასარტყამ ინსტრუმენტებზე. მათთან ხოლმე უკრავდა შედარებით უფროსი, ტომი მური. მან დატოვა ჯგუფი და დაუბრუნდა ბოთლების ქარხნის მძღოლის საქმიანობას. შემდეგი მის მაგივრად იყო ნორმან ჩეპმენი. მცირე ხნის განმავლობაში მან დაუკრა დასარტყამებზე, მაგრამ მცირე ხანში იგი სხვა სახელმწიფო სამსახურში იხმეს. მას წასვლას დაემთხვა ჯგუფის მიწვევა ჰამბურგის კლუბებში, როდესაც ბითლზმა არ იცოდა, როგორ მოეგვარებინა დასარტყამების პრობლემა.

მუსიკალური გავლენა

ჯონ ლენონმა ერთხელ თქვა: "ელვის პრესლის შთაგონებით დავიწყე ჩანაწერების შეძენა. მისი ადრინდელი სიმღერები ძალიან მომწონდა. ბილ ჰეილის პერიოდმა უკვე ჩაიარა. ჩემი დედა უსმენდა მას, მაგრამ მე მისი სიმღერები არ მაღელვებდა. სწორედ ელვისის გამო დავჯექი ბით მუსიკაზე".

1960–70: ბითლზი

ჰამბურგი

1960 წლის 12 აგვისტოს დაინიშნა ჯგუფის პირველი კონცერტი ჰამბურგში. საბოლოო კომპრომისის შედეგად ჯგუფში მოვიდა პიტ ბესტი. ბესტი ჯგუფთან The Blackjacks უკრავდა, კასბას ყავის კლუბში, რომლის მეპატრონეც პიტის დედა, მონა ბესტი, იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბესტი არც თუ კარგად უკრავდა, იმ დროისათვის იგი ყველაზე შესაფერისი კანდიდატურა აღმოჩნდა.

ბესტის დაქირავებიდან ოთხი დღის შემდეგ ჯგუფი ჰამბურგში გაემგზავრა. კონცერტები დაიწყო ინდრა კლუბით, 4 ოქტომბერს გადაინაცვლა კაიზერკელერში. ჯგუფი ყოველდღე ექვს ან შვიდ საათს უკრავდა. იმავე წლის 21 ნოემბერს ჯორჯ ჰარისონი დეპორტირებული იქნა, არასრულწლოვანების გამო. ერთი კვირის შემდეგ იგივე სანქცია მიიღეს მაკ-კარტნისა და ბესტის წინააღმდეგ, რომლებმაც სასტუმროს ნომერში ცეცხლი გააჩაღეს. დეკემბერის შუა რიცხვებში ლენონიც დაბრუნდა ლივერპულში. ჰამბურგში დარჩა სატკლიფი, გერმანელ საცოლესთან, ასტრიდ კირხნერთან ერთად. ამასობაში ჯგუფმა ჩაატარა კონცერტი კასბას კლუბში (სატკლიფის მაგივრად უკრავდა ჩეს ნიუბი).

კლუბი "ინდრა", ჰამბურგი, ჩვენს დროს

1961 წლის აპრილში ბითლზი ჰამბურგში დაბრუნდა და კლუბში Top Ten დაუკრა. აქ მათ გაიცნეს ადგილობრივი მომღერალი ტონი შერიდანი, რომელმაც მათ დამხმარე ჯგუფად მუშაობა შესთავაზა. ამასთან, იგი გეგმავდა ალბომის ჩაწერას და მის გამოცემას ლეიბლზე Polydor Records.[11] ჯგუფმა ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან და სულ მალე გამოიცა შერიდანის/ბითლზის ერთობლივი სინგლი "My Bonnie (Mein Herz ist bei dir nur)". ფირფიტაზე ამ დუეტის სახელი იყო "Tony Sheridan and the Beat Brothers". ამ ჩანაწერის აღმოჩენის შემდეგ ჯგუფს შეხვდა ბრაიან ეპსტაინი — სწორედ მაშინ ბითლზის შესახებ პირველად დაწერეს ამერიკულ პრესაში.

დაახლოებით 1962 წლის დასაწყისში ჟურნალმა Cashbox ახსენა "My Bonnie", როგორც ახალი როკ-ენ-როლური გუნდის, Tony Sheridan and the Beat Brothers დებიუტი. სინგლის რამდენიმე ასლი გამოვიდა ლეიბლზე Decca (აშშ რადიოებისათვის)[12].

ჯგუფი ისევ ლივერპულში დაბრუნდა, თუმცა სატკლიფი კვლავ ჰამბურგში დარჩა, ასტრიდთან ერთად. ამ დროისათვის მაკ-კარტნი ბას გიტარაზე გადაერთო. ასტრიდს ეკუთვნის ჯგუფის შავ-თეთრი ფოტოსურათები (თუმცა მას არ მოუფიქრებია ჯგუფის ვარცხნილობა, როგორც ბევრი დღემდე თვლის).

მესამე მოგზაურობა ჰამბურგში განხორციელდა 1962 წლის 13-31 აპრილს. ისინი უკრავდნენ კლუბში Star. ამას დაემთხვა სამწუხარო ამბავი — სატკლიფი ტვინში სისხლის ჩაქცევის შედეგად გარდაიცვალა.[13]

ჯგუფის მენეჯერი 1962 წლის იანვარში ეპსტაინი გახდა, რის შემდეგაც სულ მალე მათ ხელი მოაწერეს კონტრაქტს ბრიტანულ კომპანიასთან.

პირველი კონტრაქტი

მუსიკალური ნაწყვეტები:

კომპანიასთან Decca Records წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ეპსტაინი ოქსფორდის ქუჩაზე მდებარი მუსიკალურ მაღაზიაში HMV შევიდა, სადაც იგი Decca Records-ზე ჩაწერილი ფირების დისკებზე გადატანას აპირებდა. იქ ინჟინერმა ჯიმ ფოიმ მას გააცნო სიდ კოლმენი, კომპანიის EMI წარმომადგენელი. დემო ფირების მოსმენის შემდეგ კომენმა ეპსტაინს შესთავაზა ფირების ჯორჯ მარტინთან მიტანა. მისი თქმით, ეს უკანასკნელი "ხალისიან ჩანაწერებზე" მუშაობდა. ეპსტაინმა მიაკითხა ლეიბლს Parlophone, რომელიც EMI-ს ერთ-ერთი განშტოება იყო. მარტინთან შეხვედრის შედეგად ბითლზმა ერთწლიანი კონტრაქტი მიიღო. აგრეთვე, 1962 წლის 6 ივნისისათვის დაიგეგმა კოლექტივის პირველი ხმისჩამწერი სესია ები-როუდის სტუდიაში (ეს არის EMI-ს კუთვნილი სტუდია, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთ ლონდონში).[14] მარტინი არ იყო კმაყოფილი დემო ჩანაწერით, მაგრამ მას პიროვნულად ოთხეულის წევრები მოეწონა. იგი მიხვდა, რომ მათ მუსიკალური ნიჭი ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანი მათი აზროვნება და იუმორი იყო.

მალე მარტინს პრობლემები გაუჩნდა პიტ ბესტთან. მან ეპსტაინს შესთავაზა პიტის შემცვლელი მუსიკოსის მოძიება. ბესტმა, გარდა ყველაფრისა, ავადმყოფობის გამო გააცდინა რამდენიმე მოსმენა (სხვადასხვა კლუბში). რადგანაც მასთან მუშაობდა სულ უფრო რთულდებოდა, 16 აგვისტოს ბესტს ოფიციალურად დაატოვებინეს ბითლზი. მის ნაცვლად რინგო სტარს, ჯგუფის Rory Storm and the Hurricanes მუსიკოსს სთხოვეს დროებით დახმარება. სტარი ადრეც უკრავდა მათთან, ჰამბურგის კლუბებში.

ლენონის, მაკ-კარტნის, ჰარისონისა და სტარის პირველი ერთობლივი ჩაწერა მანამდე 1960 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში (ჰამბურგში) მოხდა.[15] მაგრამ სტარისთვის მეორე სესიის შემდეგ, რომელიც 1962 წლის 4 სექტემბერს შედგა, მარტინმა შემდეგი, 11 სექტემბრის ჩაწერისათვის ენდი უაიტი იქირავა.

კონტრაქტის მიხედვით ჯგუფის წევრებს გარანტირებული ჰქონდათ თითო პენი თითოეული გაყიდული სინგლიდან, რომლის თითო მეოთხედიც ჯგუფის თითოეულ წევრს შეხვდებოდა.[16]. მოგვიანებით, ამას დაემატა ბრიტანეთის ფარგლებს გარეთ გაყიდულ სინგლებიდან შემოსული ერთი პენი ნახევარი, რომელსაც, შესაბამისად, ოთხ ნაწილად იყოფდნენ. მარტინი თვლიდა, რომ ეს საშინელი კონტრაქტი იყო.

ჯგუფის პირველმა სესიამ მნიშვნელოვანი შედეგები არ მოიტანა, მასალის დიდი ნაწილი დაუსრულებელი იყო, თუმცა სწორედ ამ სესიაზე იქნა ჩაწერილი "Love Me Do", რომელიც მუსიკალურ ჰიტ-აღლუმებში 17-ე ადგილზე აღმოჩნდა.[17] 1962 წლის 26 ნოემბერს მათ ჩაწერეს მეორე სინგლი "Please Please Me", რომელმაც ჰიტ-აღლუმში მე-2 ადგილს მიაღწია, ხოლო გამოცემის NME ჩარტში — 1-ელ ადგილს. სამი თვის თავზე ჩაწერილ იქნა პირველი ალბომი Please Please Me. პირველი სატელევიზიო გამოჩენა შედგა გადაცემაში ადამიანები და ადგილები, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა მანჩესტერიდან.[18] ბითლზის პოპულარობასთან ერთად იზრდებოდა მოზარდი გოგონების ისტერია მათთან მიმართებაში, რომელსაც მოგვიანებით ბიტლომანია უწოდეს.

ჯგუფი მალე შეამჩნია რამდენიმე მუსიკალურმა კრიტიკოსმა. ტაიმსის კრიტიკოსმა უილიამ მენმა 1963 წლის 23 დეკემბრის რეცენზიაში ბითლზის სიმღერები "Till There Was You" და "I Want to Hold Your Hand" საკმაოდ დადებითად აღწერა.

შტატებში

მუსიკალური ნაწყვეტები:

ბრიტანეთში კოლექტივი უკვე ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ EMI-ს ამერიკულმა განყოფილებამ Capitol Records უარი თქვა სინგლების "Please Please Me" და "From Me to You" აშშ–ს ტერიტორიაზე გამოცემაზე.[19] სინგლები გამოვიდა ჩიკაგოში მდებარე Vee-Jay Records-ზე, მცირე ლეიბლზე. არტ რობერტსი, პოპულარული რადიოსადგურის "WLS" წამყვანი, რეგულარულად უშვებდა "Please Please Me"-ს თავის ეთერში. ეს იყო ბითლზის პირველი ჩანაწერი, რომელმაც გაიჟღერა აშშ რადიოეთერში. მოგვიანებით Vee-Jay Records-სა და ბითლზს შორის კონტრაქტი გაუქმებული იქნა, რადგანაც ოთხეულს არ გადაუხადეს ჰონორარი.

22 ნოემბერს გამოვიდა ჯგუფის მეორე ალბომი "With The Beatles". 14 სიმღერიდან უმრავლესობა მათი საკუთარი შექმნილი ნომრები იყო. 1965 წლისათვის გაიყიდა მისი 1 მილიონი ასლი.

ჯგუფი ედ სალივანის შოუში

1963 წლის აგვისტოში ფილადელფიურმა ლეიბლმა Swan Records გამოსცა "She Loves You", რომელიც თავდაპირველად რადიოეთერში წარუმატებელი იყო. დიკ კლარკის შოუში American Bandstand მოზარდებმა დასცინეს ბითლზს მათი ვარცხნილობის გამო. 1963 წლის ნოემბერში ბრაიან ეპშტეინის თხოვნით, ედ სალივანმა დაიწყო კოლექტივის წარდგენა საკუთარ გადაცემაში - იმ წელს ბითლზი სამჯერ იყო ედის სტუმარი. ამან ოთხეულს მოუტანა გარანტირებული კონტრაქტი კომპანიასთან Capitol Records, რომელმაც შემდეგი წლის იანვრის შუა რიცხვებში გამოსცა შემდეგი სინგლი "I Want to Hold Your Hand".[20] 1963 წლის 10 დეკემბერს ეთერში გავიდა 5 წუთიანი ისტორია, რომელიც გადაღებული იქნა ინგლისში. მასში საუბარი იყო ბრიტანეთში ბითლომანიის ფენომენზე. გადაცემის შემდეგ მოზარდმა გოგონამ მარშა ალბერტმა (რომელიც მერილენდში ცხოვრობდა) მისწერა კეროლ ჯეიმსს, რადიოსადგურის WWDC (ვაშინგტონი) წამყვანს, რომ მას ხშირად გაეშვა ბითლზის სიმღერები. კეროლ ჯეიმსი, რომელმაც ასევე ნახა ეს სიუჟეტი, დაინტერესდა ბითლზით, მოიპოვა სინგლის "I Want to Hold Your Hand" პრომო ასლი და, 17 დეკემბრის რადიოდებიუტის შემდეგ, სიმღერა შემჩნეული იქნა უამრავი მსმენელის მიერ. Capitol Records-ის პრეზიდენტმა ალან ლივინგსტონმა, რომელიც გაოგნებული იყო ამ წარმატებით, გადაწყვიტა დროზე ადრე გამოეშვა სინგლი, იმავე წლის 26 დეკემბერს.[21]

ნიუ იორკის რამდენიმე რადიოსადგურმა დაიწყო სიმღერის საკუთარ ეთერში გაშვება გამოსვლის დღეს. დადებითი რეაქცია სინგლთან დაკავშირებით მოედო ვაშინგტონსა და ნიუ იორკს. 10 დღეში გაიყიდა სინგლის ერთი მილიონი ასლი და, 1964 წლის 16 იანვარს, ჟურნალმა Cashbox ჩანაწერს მიანიჭა რიგით პირველი სინგლის სტატუსი. ჯეკ პაარის შოუს ავტორებმა იცოდნენ, რომ თებერვალში ბითლზი გამოვა ედ სალივანის შოუში. მათ წინასწარ შეიძინეს ბრიტანული ტელევიზიის BBC მიერ გადაღებული "She Loves You" და გაუშვეს იგი საკუთარ ეთერში 1964 წლის 3 იანვარს - ასე რომ პაარმა დაასწრო სალივანს ბითლზის წარდგენა საკაბელო ტელევიზიის ეთერში.

ოკეანის გაღმა

ბითლზის ჩასვლა აშშ-ში . ფოტო გადაღებულია კენედის სახელობის აეროპორტში , 1964 წლის 7 თებერვალს .

წლის 7 თებერვალს ჯგუფის ათასობით მოყვარულმა თავი მოიყარა ჰიზროუს აეროპორტში, ბითლზის აშშ-ში გასაცილებლად. იქვე იმყოფებოდნენ ფოტოგრაფები, ჟურნალისტები (მათ შორის იყვნენ მორინ კლივი და ფილ სპექტორი), რომლებიც ასევე აშშ-ში მიფრინავდნენ. ჯონ კენედის სახელობის აეროპორტში ჯგუფის წევრებს 3 ათასამდე თაყვანისმცემელი დახვდათ. პრესკონფერენციის შემდეგ ბითლზის წევრები ნიუ-იორკში გაემგზავრნენ. გზად მაკ-კარტნიმ რადიოში მოისმინა ინფორმაცია, რომ ბითლზი ნიუ-იორკში ჩავიდა და სასტუმრო პლაზასკენ მიემართება. სასტუმროსთან მათ კვლავ ურიცხვი თაყვანისმცემელი და ჟურნალისტები დახვდნენ. ჰარისონს მეორე დღეს სიცხე ჰქონდა და იგი პირველ დიდ ტელეჩაწერაზე ნილ ასპინალმა შეცვალა .

1964 წლის წარმატების შემდეგ, კომპანიებმა Vee-Jay Records და Swan Records გაიხსენეს ჯგუფი და ახალი სახით გამოსცეს მისი ყველა წინა ჩანაწერი - მათი ნაწილი საუკეთესო ათეულებში მეორედ მოხვდა.

ბუკინგემის სასახლე, სადაც ჯგუფმა მიიღო მედლები დედოფლისგან

1964 წელს ჯგუფმა საკონცერტო ტურით ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და ავსტრალიაში იმოგზაურა. ავსტრალიაში, სადაც ჯგუფს 300.000–მდე თაყვანისმცემელი შეეგება, ისინი რინგოს გარეშე ჩავიდნენ. რინგო, რომელიც იმ დროს ავად იყო, დროებით შეცვალა ჯიმი ნიკოლმა. 1964 წლის 21 ივნისს რინგო კვლავ შეუერთდა ჯგუფს.[22]

1965 წლის ივნისში ელისაბედ II-მ ბუკინგემის სასახლეში დააჯილდოვა ბითლზის წევრები ბრიტანული იმპერიის ორდენებით. ბევრმა ორდენოსანმა შეურაცხყოფად მიიჩნია ჩვეულებრივი მუსიკოსებისათვის ამ ორდენების გადაცემა და ორდენი დედოფალს დაუბრუნა. მოგვიანებით ვიეტნამის ომის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად იგივე გაიმეორა ლენონმაც.

1965 წლის 15 აგვისტოს შის სტადიონზე გაიმართა ჯგუფის დიდი კონცერტი, რომელსაც დაესწრო 55.600–მდე მაყურებელი. დეკემბერში გამოიცა ჯგუფის მეექვსე ალბომი Rubber Soul, რომელიც იქცა დიდ გარღვევად მუსიკალურ სამყაროში.

უკურეაქცია და კამათი

ბითლზი კონცერტის შემდეგ

1966 წელს ჯგუფი ჩავიდა ფილიპინებში, სადაც მათ მიერ იგნორირებული იქნა ფილიპინების პირველი ლედი, იმელდა მარკოსი. მან უარი მიიღო, ჯგუფის მიერ პრეზიდენტის სასახლეში საუზმეზე დასწრებაზე. ბრაიან ეპსტაინის აზრით ეს არ ჯდებოდა მისი კოლექტივის იმიჯში. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მარკოსს არ ავიწყდებოდა ჯგუფისგან უარის მიღება. მას შემდეგ, რაც ინფორმაცია ასეთ მტკიცე უარზე გაჟღერდა რადიოეთერითა და ტელევიზიით, პოლიციამ შეაკავა ბითლზი. ამიტომაც ჯგუფმა საკუთარი ძალებით მიაღწია აეროპორტში. აეროპორტში მათი როუდ-მენეჯერი მელ ევანსი სასტიკად ცემეს, ხოლო ბითლზის წევრებს ბევრჯერ ჰკრეს ხელი.

მუსიკალური ნაწყვეტები

ფილიპინებიდან დაბრუნების შემდეგ მათ კიდევ ერთი დიდი უსიამოვნება შეემთხვათ. ბრიტანელ ჟურნალისტთან, მორინ კლივთან საუბრისას [23] ლენონმა გამოხატა საკუთარი პოზიცია ქრისტიანობის კრიზისთან დაკავშირებით, რომელიც ჟღერდა ასე: "ჩვენ უფრო პოპულარულები ვართ, ვიდრე იესო".[24] ეს განცხადება რეაქციის გარეშე არ დარჩენილა. ბირმინგემის (ალაბამა) ერთ-ერთმა რადიოსადგურმა ხუმრობით განაცხადა, რომ ამის მერე შეიძლება ბითლზის ჩანაწერების დაწვა. მაგრამ ბევრმა ეს სერიოზულად აღიქვა და სულ მალე აშშ–სა და აფრიკაში ბრბოებმა დაიწყეს ბითლზის ჩანაწერების დაწვა, პროტესტის ნიშნად. ჯორჯ ჰარისონმა განაცხადა: "ალბათ, მათ თავად ყიდულობენ, სანამ დაწვავენ". ამერიკული პრესის მხრიდან ზეწოლის შედეგად ლენონმა, 1966 წლის 11 აგვისტოს ოფიციალურად მოიხადა ბოდიში საკუთარი განცხადებისათვის, ჯგუფის გამოსვლის წინ, რომელიც მათი უკანასკნელი ტურის ერთ-ერთ კონცერტად იქცა.

აშშ-ში კომპანიამ Capitol სულ მალე გამოსცა მათი კრებული Yesterday and Today და სინგლი Paperback Writer. ალბომის ყდაზე ჯგუფის წევრებს ეცვათ მეყასბის ფორმები და ეკავათ ხორცის ნაჭრები. იმ პერიოდში გავრცელდა ჭორი, თითქოს კოლექტივმა ასეთი ფოტოსურათი შეარჩია იმის გამო, რომ Capitol სწორედ ასე აქუცმაცემდა მათ დისკებს.[25] ალბომის სხვა ასლებს ახალი ყდა ჰქონდათ. წლების შემდეგ ერთ-ერთმა კომენტატორმა განაცხადა, რომ ბითლზი ალბათ დაინტერესებული იყო გერმანული ექსპრესიონიზმით.

ელვის პრესლი ამავე პერიოდში გამოვიდა ბითლზის ანტისაომარი განცხადებებისა და ნარკოტიკების პროპაგანდის წინააღმდეგ და პირადად მოსთხოვა რიჩარდ ნიქსონს, რომ მას სამუდამოდ აეკრძალა ბითლზის წევრებისათვის აშშ-ში ჩასვლა. მუსიკალური კრიტიკოსის პიტერ გურალნიკის თქმით, ყველაფერი ასე იყო: "ელვისი თვლიდა, რომ ბითლზი იყო ანტი-ამერიკანიზმის განსახიერება. ისინი ჩამოვიდნენ ამ ქვეყანაში, გააკეთეს ფული, მერე დაბრუნდნენ ინგლისში და ანტი-ამერიკულად წააქეზეს ხალხი."[26] პიტერი ამატებს: "პრესლიმ აღნიშნა, რომ იგი იმ აზრის არის, რომ ბითლზი ბევრი ახალგაზრდული პრობლემის საბაბია - იმის, რომ ეს ახალგაზრდები დაუვარცხნელები დადიან და მაცდუნებელ მუსიკას უკრავენ 1960-იანების დასაწყისიდან". მიუხედავად ელვისის განცხადებებისა, ლენონი მასზე მაინც დადებითად ფიქრობდა: "ელვისამდე არაფერი იყო."[27]

ელვისის განცხადებისგან განსხვავებით ბობ დილანმა თქვა: "ამერიკამ ბითლზს ძეგლი უნდა დაუდგას. მათ ამ ქვეყანას კვლავ დაუბრუნეს სიამაყე."

სტუდიური წლები

All You Need Is Love
მუსიკალური ნაწყვეტები

1966 წლის აპრილში დაიწყო ჯგუფის ყველაზე ამბიციური ალბომის, Revolver ჩაწერა. ხმისჩამწერი სესიების პერიოდში ჯგუფი იყენებდა ფირთან მუშაობის სხვადასხვა საშუალებებს, მუსიკალურად კი შეადგინა ბალადების, რიტმ ენ ბლუზის, სოულისა და სხვა ჟანრების პრეტენზიული კრებული.

მათი უკანასკნელი კონცერტი გაიმართა კენდლსტიკ პარკში (სან ფრანცისკო) 1966 წლის 29 აგვისტოს. ტონი ბეროუმ, მაკ-კარტნის თხოვნით ჩაიწერა ეს კონცერტი, მაგრამ ფირი დასრულდა 30 წუთის შემდეგ. კონცერტი 35 წუთს გაგრძელდა. მოგვიანებით ჩანაწერი ბუტლეგის სახით გავრცელდა.[28]

აქედან მოყოლებული, ბითლზი სტუდიურ მუშაობაზე აკეთებდა აქცენტს. ალბომის Revolver გამოცემიდან შვიდი თვეც არ იყო გასული და მუსიკოსები კვლავ დაბრუნდნენ ები-როუდის სტუდიაზე. 24 ნოემბერს დაიწყო შემდეგი დისკის ჩაწერა, რომელიც 129 დღე გაგრძელდა. 1967 წლის 1 ივნისს გამოიცა ჯგუფის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი, ალბომი Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band.

იმავე წლის 25 ივნისს ბითლზი იქცა პირველ ჯგუფად, რომელიც კონცერტიც მსოფლიო მასშტაბით გადაიცემოდა ტელეეთერში, დაახლოებით 400 მილიონი ადამიანისათვის. კოლექტივი მოხვდა გადაცემაში ჩვენი სამყარო და შეასრულა "All You Need Is Love" - სიმღერა, რომელიც მოგვიანებით ნამდვილ ჰიმნად იქცა.

ბევრი პრობლემა გაჩნდა მას შემდეგ, რაც ეპსტაინი ნარკოტიკების ზედმეტი მიღების შედეგად გარდაიცვალა, 1967 წლის 27 აგვისტოს, 32 წლის ასაკში. წლის ბოლოს ბრიტანეთის პრესაში გამოქვეყნდა ერთ-ერთი ნეგატიური კრიტიკული სტატია, რომელიც ეხებოდა მათ სიურეალისტურ ფილმს ჯადოსნური იდუმალი მოგზაურობა. მისი დაწერის საბაბი ასევე ის იყო, რომ ფილმი ფერადი იყო, იმ პერიოდში კი ბრიტანეთის მოსახლეობის უმრავლესობას შავ-თეთრი ტელევიზორები ჰქონდა. ბრიტანეთში ამავე დროს გამოიცა ალბომი Magical Mystery Tour, რომელშიც შეტანილი იყო სიმღერები ფილმიდან. აშშ-ში გამოვიდა მისი უფრო ვრცელი ვარიანტი, რომლის მეორე ფირფიტაზეც შეტანილი იყო სტუდიური სესიების დროს ჩაწერილი სხვა სიმღერებიც. მოგვიანებით ეს ვარიანტი ბრიტანეთშიც გამოვიდა.

ამ პერიოდში ჯგუფი დაინტერესდა მაჰარიში მაჰეშ იოგის ლექციებით და 1968 წლის ნაწილი გაატარა ინდოეთში, მისი ლექციების მოსმენაში. დაბრუნებისას ლენონი და მაკ-კარტნი ჩავიდნენ ნიუ იორკში და ჩამოაყალიბეს კომპანია ეპლ კორპსი. 1968 წლის შუა თვეებში ჯგუფი დაბრუნდა სტუდიაში და ჩაწერა უცნაური დისკი The Beatles, იგივე თეთრი ალბომი. ამ სესიების პერიოდში ჯგუფის გზები პრაქტიკულად გაიყო და რინგო სტარმა დროებით დატოვა კოლექტივი. მაკ-კარტნიმ თავად ჩაწერა დასარტყამი პარტიები სიმღერებში "Martha My Dear", "Wild Honey Pie", "Dear Prudence" და "Back in the USSR". ამასთან, დაძაბულობა წარმოშვა სტუდიაში ლენონის შეყვარებულის, იოკო ონოს გამოჩენამაც, რომელიც მასთან გამუდმებით იმყოფებოდა. მეორე მხრივ, მაკ-კარტნის დომინირება ამ ჩაწერების დროს აშკარა იყო და ლენონის უკმაყოფილებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ ალბომში მისი საკუთარი კომპოზიციებიც მოხვდა.

ეპსტაინის გარდაცვალების შემდეგ მაკ-კარტნი ჯგუფის მენეჯერად ხედავდა ლი ისტმენს, მისი მეგობარი გოგონას, ლინდა ისტმენის მამას, ჯგუფის დანარჩენი წევრები კი - ნიუ იორკელ მენეჯერს ალენ კლაინს. წარსულში შეთანხმების მიღწევა შესაძლებელი იყო, მაგრამ ამჯერად ლენონი, ჰარისონი და სტარი თვლიდნენ, რომ ისტმენის გამოჩენა გადაწონიდა ყველაფერს მაკ-კარტნის მხარეს. მაგრამ 1971 წელს აღმოჩნდა, რომ კლაინი, ჯგუფის მენეჯერი, იპარავდა ბითლზის ფულს და საერთო ჯამში მიითვისა 5 მილიონი ფუნტი. წლების შემდეგ, დოკუმენტურ ფილმში Anthology მაკ-კარტნიმ გამოხატა საკუთარი პოზიცია ამ საკითხზე: "ვიხსენებ და არ მესმის, რატომ თვლიდნენ, რომ ლი ისტმენი ჩემს მხარეზე და მათ წინააღმდეგ იქნებოდა".

Abbey Road, Let It Be და დაშლა

Apple Corps-ის შენობა, სევილ როუ 3, Let It Be-ს პერიოდის სახურავზე გამართული კონცერტის ადგილი

მიუხედავად იმისა, რომ Let It Be იყო ოფიციალურად გამოცემული ჯგუფის უკანასკნელი სტუდიური ალბომი, მასში შეტანილი მასალის დიდი ნაწილი ჩაწერილი იქნა ალბომამდე Abbey Road, სამუშაო სათაურით Get Back. Let It Be-ს ჩაწერის იდეა, როგორც მარტინი ამბობს, ეკუთვნოდა მაკ-კარტნის. მას სურდა ახალი მასალის მომზადება და მისი მსმენელის წინაშე პირველად წარდგენა, ანუ აპირებდა ახალი მასალით დაკომპლექტებული ცოცხალი ალბომის ჩაწერას, რაც მანამდე არავის გაუკეთებია.[29] თუმცა, ალბომის ძირითადი მასალა ეფუძნება სტუდიურ ნამუშევრებს, რომელთა ამსახველი მრავალსაათიანი დოკუმენტური მასალა გადაღებულია რეჟისორს მაიკლ ლინდსი-ჰოგის მიერ. მარტინის თქმით, რეპეტიციებით და ჩაწერით, რომელიც მიმდინარეობდა 1969 წლის იანვარში, კმაყოფილი ყველა არ ყოფილა. ამ პერიოდში ბითლზის წევრთა შორის ურთიერთობები ყველაზე მეტად იყო დაძაბული. [29] ჯონისა და პოლის ზეწოლის ქვეშ, ჰარისონმა სტუდია ერთი კვირით დატოვა და დაბრუნდა პიანისტ ბილი პრესტონის თანხლებით. ეს უკანასკნელი მონაწილეობდა უკანასკნელი 10 დღის სესიებში და მითითებული იქნა თანაავტორად სინგლზე Get Back - მანამდე არც ერთ დამატებით მუსიკოსს, რომელიც ბითლზს ეხმარებოდა, ასეთი პატივისცემით არ ეპყრობოდნენ. ჯგუფის წევრებმა საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას საკონცერტო გამოსვლის გამართვის ადგილის შესახებ. განიხილებოდა რამდენიმე ვარიანტი - გემი, ტუნისური უდაბნო და კოლიზეუმი. საბოლოოდ ეს გამოსვლა, პრესტონის თანხლებით, რომელიც ასევე იქნა გადაღებული, შედგა კომპანიის Apple Corps შენობის სახურავზე (სევილ როუ 3, ლონდონი), 1969 წლის 30 იანვარს. [29]

ხმის ინჟინერი გლინ ჯონსი თვეების მანძილზე მუშაობდა ალბომის Get Back სხვადასხვა მიქსზე, ჯგუფი კი საკუთარი პრობლემებით იყო დაკავებული. კონფლიქტს ადგილი ჰქონდა ფინანსური კონსულტანტის აყვანის გამო - ეპსტაინი არ იყო და ბიზნეს-ურთიერთობებს ვერავინ აქცევდა ყურადღებას. ლენონი, ჰარისონი და სტარი მხარს უჭერდნენ ალეკ კლაინის მოყვანას, რომელიც ბრიტანული შემოსევის პერიოდში მუშაობდა როლინგ სტოუნზის და სხვა ბრიტანული მუსიკოსების კონტრაქტებზე. მაკ-კარტნის მოსაწონი პიროვნება იყო ჯონ ისტმენი, ლინდა ისტმენის ძმა (ლინდასთან პოლმა იქორწინა 1970 წლის 12 მარტს, ლენონისა და იოკო ონოს ქორწინებამდე 8 დღით ადრე). [30] შეთანხმება ვერ შედგა, ამიტომ აყვანილი იქნა ორივე მათგანი, მაგრამ კონფლიქტები ამ საფუძველზე გაგრძელდა.[30]

1970–დღემდე: დაშლის შემდეგ

ბითლზის სინგლების Don't Let Me Down და Get Back-ის გარეკანი
მუსიკალური ნაწყვეტები:

ჯგუფის ოფიციალური დაშლის დაშლის შემდეგ მისმა ოთხივე წევრმა გამოსცა სოლო ალბომები - ეს იყო ლენონის John Lennon/Plastic Ono Band, მაკ-კარტნის McCartney, სტარის Sentimental Journey და ჰარისონის All Things Must Pass. შემდგომში, სხვადასხვა ალბომის ჩაწერაში მონაწილეობდა ბითლზის რომელიმე ყოფილი წევრი. რინგოს Ringo იყო ერთადერთი, რომელზეც უკრავდა ოთხივე წევრი (ოღონდ სხვადასხვა სიმღერაში). ჰარისონმა ამავე დროს დიდი ინტერესი მიიქცია თავისი საქველმოქმედო აქციით კონცერტი ბანგლადეშისათვის (ნიუ იორკი), 1971 წლის აგვისტოში, რომელშიც მონაწილეობდა სიტარის ოსტატი რავი შანკარი. 1974 წელს ლენონმა და მაკ-კარტნიმ იმპროვიზაციით ჩაწერეს ჩანაწერი, რომელიც მოგვიანებით გამოვიდა ბუტლეგის სახით, სახელწოდებით A Toot and a Snore in '74. მას შემდეგი ისინი არასოდეს შეხვედრილან სტუდიაში.

1975 წელს, ჯგუფის კომპანიასთან EMI-Capitol კონტრაქტის ამოწურვამდე, Capitol-ის ამერიკულმა წარმომადგენლობამ გამოსცა ბითლზის რამდენიმე ჩანაწერი: Rock 'n' Roll Music (კოლექტივის ენერგიული სიმღერების კრებული), The Beatles at the Hollywood Bowl (ჰოლივუდ ბოულში ჩატარებული კონცერტის ჩანაწერი), Love Songs (ჯგუფის ბალადების კრებული), Rarities (იშვიათი სიმღერების კრებული), და Reel Music (ფილმებში შეტანილი სიმღერების კრებული). ამავე დროს ბუტლეგის სახით გამოჩნდა Live! at the Star-Club in Hamburg, Germany; 1962 - ჰამბურგის პერიოდის ჩანაწერი, რომელიც საკმაოდ უხარისხო იყო. აღნიშნული კრებულებიდან მხოლოდ The Beatles at the Hollywood Bowl გამოვიდა ოთხივე წევრის თანხმობით. ორიგინალური ბრიტანული გამოცემების აშშ-ში გამოსვლისთანავე, 1966 წელს ყველა ალბომი, რომელიც აშშ-ში გამოიცა ჯგუფის დაშლის შემდეგ, ამოვარდა Capitol-ის კატალოგიდან.

1980 წელს ჯონ ლენონი მოკლული იქნა ნიუ იორკში, მარკ დევიდ ჩეპმენის მიერ. 1981 წელს ჯორჯმა გამოსცა ნოსტალგიური სიმღერა "All Those Years Ago", რომელშიც იგი იხსენებდა ცხოვრებას ბიტლზთან ერთად. იგი ჩაწერილი იქნა ლენონის მკვლელობამდე ერთი თვით ადრე. სტუდიურ სესიებში ასევე მონაწილეობდა რინგო სტარიც. ტექსტში თავდაპირველად ლენონზე საუბარი არ იყო, მაგრამ ტრაგიკული მოვლენის შემდეგ ჰარისონმა ოდნავ შეცვალა იგი. მოგვიანებით ამ სიმღერას საკუთარი ვოკალები პოლმა და მისმა მეუღლემ, ლინდამ დაამატეს. ბიბისის დღესდღეობით გააჩნია ბითლზის ჩანაწერების დიდი კოლექცია, რომელსაც უშუალოდ შეადგენს 1963-1968 წლებში გაკეთებული ფირები. მასალის ერთმა ნაწილმა გაიჟღერა 1988 წელს, ბითლზისადმი მიძღვნილ რადიოგადაცემაში ბიბის ბითლზის დაკარგული ფირები. 1989 წელს ბითლზის სესიების ნაწილი შეტანილი იქნა რადიო გადაცემების ციკლში The Lost Lennon Tapes. მოგვიანებით, 1994 წელს ბიბისის ჩანაწერების ნაწილი მოხვდა ოფიციალურ გამოცემაში 'Live at the BBC.

1988 წელს ბითლზი იყო პირველი ჯგუფი, რომელიც მოხვდა როკ ენ როლის დიდების დარბაზში. დარბაზში შეყვანის ცერემონიაზე გამოჩნდნენ ჰარისონი, სტარი, იოკო ონო და მისი ორი შვილი. მაკ-კარტნი ამ ღონისძიებაზე არ მივიდა. დარბაზში მოგვიანებით, როგორც სოლო შემსრულებლები მოხვდნენ: ლენონი (1994), მაკ-კარტნი (1999) და ჰარისონი (2004).

1994 წლის თებერვალში ჯგუფის დარჩენილმა სამმა წევრმა თავი მოიყარა სტუდიაში, გადახედა ლენონის დემო ჩანაწერებს და ერთობლივად გადაამუშავა "Free as a Bird", ლენონის ვოკალით. იგი გამოიცა როგორც სინგლზე, ასევე სერიის The Beatles Anthology ფარგლებში - კლიპისა და ალბომის ერთ-ერთი სიმღერის სახით. მსგავსი ექსპერიმენტის კიდევ ერთი შედეგი იყო "Real Love" (1996). დისკის Anthology სხვადასხვა ნაწილი გამოიცა 1995-1996 წლებში - თითო მათგანი შეიცავდა ორ დისკს იშვიათი მასალით. ალბომის ყდების გაფორმებაზე იზრუნა კლაუს ფოორმანმა, ჯგუფის დიდი ხნის ნაცნობმა და დისკის Revolver ყდის ავტორმა. ალბომის 450.000 ასლი გაიყიდა გამოსვლის პირველივე დღეს. 2000 წელს გამოვიდა კრებული 1, რომელზეც მოხვდა ბითლზის ყველა #1 ჰიტი, 1962-1970 წლების პერიოდიდან. პირველივე კვირაში გაიყიდა მისი 3.6 მილიონი ასლი (ანუ დაახლოებით 3 ასლი ერთ წამში), შემდეგი სამი კვირის განმავლობაში კი - 12 მილიონი ასლი მსოფლიო მასშტაბით. დისკი მოხვდა პირველ ადგილზე აშშ-სა და 33 სხვა ქვეყანაში და მთლიანობაში, 2005 წლისათვის გაიყიდა 25 მილიონი ასლის ოდენობით (იგი იქცა ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი დისკების სიის დაახლოებით მეცხრე მონაწილე).

1990-იანების დასაწყისში ჰარისონს აღმოუჩინეს ფილტვის კიბო. მუსიკოსი გარდაიცვალა 2001 წლის 29 ნოემბერს.

2006 წელს ჯორჯ მარტინმა და მისმა შვილმა ჯაილს მარტინმა, სპეციალურად პროექტისათვის Love რომელიც მიზნად ისახავდა ბითლზის სიმღერებზე აგებული შოუს არსებობას (იგი ცნობილმა დასმა Cirque du Soleil დადგა), გადაამუშავეს ოთხეულის ორიგინალური ფირები და შეადგინეს ახალი კრებული, რომელიც Love-ის სახით გამოვიდა.

2007 წელს ცნობილი გახდა, თითქოს რინგო და მაკ-კარტნი, ჯგუფის გარდაცვლილი წევრების შვილებთან ერთად აპირებენ ლენონის კიდევ ერთი დემოს, "Now and Then" სრულყოფას, მაგრამ დღემდე მისი ბედი უცნობია.

2007 წელის ბოლოს ჯგუფის დარჩენილ წევრებსა და ლენონის/ჰარისონის ქვრივებს სთხოვეს ისრაელში ჩასვლა და ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის 60ე წლისთავის აღნიშვნაზე დასწრება. ეს მოხდა ზუსტად 43 წლის შემდეგ, რაც ბითლზის წევრებს სამუდამო აეკრძალა იქ გამოჩენა.

2008 წლის 21 მარტს რინგო სტარის ადვოკატებმა სასამართლოში იჩივლეს მის მიერ ჯგუფთან ჩაწერილი 1962 წლის პირველი ჩანაწერების არალეგალური გავრცელების გამო.

2008 წლის ნოემბერში პოლ მაკ-კარტნისგან ცნობილი გახდა, რომ მას გააჩნია 14 წუთიანი ჩანაწერი, რომელიც ბითლზმა ჯერ კიდევ 1967 წელს მოამზადა, სახელწოდებით "Carnival of Light". მას სურდა ამ კომპოზიციის დასრულება, მაგრამ იგი დღემდე გამოუცემელი რჩება.

2009 წლის 9 სექტემბერს ასევე გამოიცა ვიდეოთამაშების ცნობილი სერიის Rock Band მორიგი ვერსია, რომელიც მიეძღვნა ბითლზის შემოქმედებას, The Beatles: Rock Band.

იმავე დღეს გამოვიდა ჯგუფის ყველა სტუდიური ალბომის (Please Please Me-დან Abbey Road-ამდე) ახალი რემასტერინგები, სასაჩუქრო ყუთისა და ცალკეული დისკების სახით. იმავე დღეს გამოიცა იგივე დისკების მონო-ვერსიებიც, თუმცა მათ შორის არ არის ალბომები, რომლებიც თავის დროზე არც გამოსულა მონო-ვერსიების სახით.

ქრონოლოგია

ჯგუფთან დაკავშირებული მოვლენების ქრონოლოგია იხილეთ სტატიაში ბითლზის ქრონოლოგია.

მუსიკალური ევოლუცია

ჯგუფი ყოველთვის ცდილობდა საკუთარი თავის სრულყოფას და ახალი მუსიკალური მეთოდების ძიებას. წლების განმავლობაში ეს კარგად აისახა ალბომებში Rubber Soul (1965), Revolver (1966), Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band (1967) და Abbey Road (1969).

ჯგუფი თავად იყო სხვა მუსიკოსების გავლენის ქვეშ. მაგალითია ბობ დილანი, რომლის მსგავსი მოტივებიც იგრძნობა სიმღერებში "You've Got to Hide Your Love Away" და "Norwegian Wood (This Bird Has Flown)". იმ დროის მუსიკოსებიდან ასევე აღსანიშნავია ჯგუფი The Byrds და ბიჩ ბოიზი. ჯორჯ მარტინის თქმით, ამ უკანასკნელის ალბომის Pet Sounds გარეშე Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band არ იარსებებდა.

სხვადასხვა ხმოვანი ეფექტის, ფირთან ჩატარებული ხრიკების, ორმაგი ვოკალური ჰარმონიებისა თუ სხვადასხვა სიჩქარეზე დატრიალებული ფირების გარდა, ბითლზის ინსტრუმენტებიც საკმაოდ უჩვეულოდ ჟღერდა. ასევე გამოიყენებოდა ორკესტრები და როკ მუსიკისათვის არატრადიციული ინსტრუმენტები, როგორიც იყო სიტარი. აღსანიშნავია მელოტრონის გამოყენება სიმღერებში "Strawberry Fields Forever" და "Baby You're a Rich Man"

"Yesterday" იყო როკ მუსიკის ისტორიაში პირველი სიმღერა, რომელშიც გამოყენებული იქნა ორკესტრი. იმ დროის არტ როკის ფორმები ასევე ყალიბდებოდა ბითლზის მიერ - ორკესტრით გაჯერებული ისეთი სიმღერებით, როგორიც იყო "Eleanor Rigby" (1966), "Here, There and Everywhere" (1966) და "She's Leaving Home" (1967). მაკ-კარტნი შთაგონებული იყო ბახის "ბრანდერბურგის კონცერტის" მოსმენით და სიმღერაში "Penny Lane" გამოიყენა პიკოლო. 60-იანების ბოლოს ოთხეული მოძრაობდა ფსიქოდელიური როკის ელემენტების გამოყენების განხრით - ეს კარგად ჩანს სიმღერებში "Rain" და "Tomorrow Never Knows", ხოლო "Lucy in the Sky with Diamonds", "Strawberry Fields Forever" და "I Am the Walrus" ამის ყველაზე ნათელი მაგალითია.

მიღწევები

მიუხედავად არც თუ ხანგრძლივი კარიერისა, ბითლზმა დაამყარა რამდენიმე რეკორდი, რომელთაგანაც ზოგიერთი დღემდე არ არის გაუმჯობესებული. იხილეთ ინფორმაცია ამ მიღწევების შესახებ:

ალბომები

  • ბითლზი არის ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური ჯგუფი, რომელსაც, კომპანიის EMI ინფორმაციით, გაყიდული აქვს ერთ ბილიონზე მეტი დისკი და კასეტა
  • მულტიპლატინის სტატუსის მქონე ალბომების გაყიდვების ყველაზე დიდი რიცხვი ბითლზს გააჩნია (13-ჯერ პლატინა მხოლოდ აშშ-ში).
  • მთლიანობაში ბითლზს აქვს დამყარებული რეკორდი ე.წ. ალმასის სტატუსის მქონე ალბომების რიცხვის მხრივ (თითო ალბომის 10 მილიონი გაყიდული ასლი): Sgt. Pepper's Lonely Hearts Club Band, The Beatles, Abbey Road, The Beatles: 1962-1966, The Beatles: 1967-1970, და The Beatles 1.
  • ბითლზს აქვს უფრო მეტი #1 ალბომი, ვიდრე რომელიმე სხვა კოლექტივს (19 აშშ-ში და 15 - ბრიტანეთში)
  • ალბომების ჩარტებში მათ ყველაზე დიდი ხნის განმავლობაში ეკავათ პირველი ადგილი (174 ბრიტანეთში და 132 შტატებში)
  • ჯგუფის ალბომის The Beatles Anthology პირველი ნაწილი ითვლება ყველა დროის ყველა სწრაფად გაყიდვად ორმაგ ალბომად - 1995 წლის 21-28 ნოემბერს იგი გაიყიდა 855.473 ასლის ოდენობით.
  • ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდულ კომპაქტ დისკად ითვლება ჯგუფის ალბომი 1. ოთხი კვირის განმავლობაში გაიყიდა მისი 13 მილიონი ასლი.

სინგლები

  • ჯგუფს აქვს უფრო მეტი #1 სინგლი, ვიდრე რომელიმე სხვა კოლექტივს (23 ავსტრალიაში, 23 ნიდერლანდებში, 22 კანადაში, 21 ნორვეგიაში, 20 აშშ-ში და 18 შვედეთში). საინტერესოა, რომ ბითლზს შეეძლო უფრო მეტი #1 ნომრის დამატება საკუთარ ისტორიაში - სინამდვილეში ზოგიერთი სინგლი ორმაგი სინგლის სახით გამოდიოდა. ასეთია მაგალითად Penny Lane" და "Strawberry Fields Forever".
  • თუკი ვიმსჯელებთ ჩარტში ყოფნით, ლენონი და მაკ-კარტნი წარმოადგენენ სიმღერების ყველა დროის ყველაზე წარმატებულ ავტორებს. აშშ-ში ამ მხრივ მაკ-კარტნის აქვს 32 სიმღერა, ხოლო ლენონს - 26. აქედან 23 სიმღერა მათ ერთად დაწერეს. ბრიტანეთში ლენონს აქვს 29 ნომერი 1 ჰიტი, ხოლო მაკ-კარტნის - 28 (აქედან 25 მათ ერთად დაწერეს).
  • 1964 წლის 4 აპრილიდან ერთი კვირის განმავლობაში ბითლზს ბილბორდის 100-ეულში ეკავა 12 ადგილი სხვადასხვა სინგლით. მათ შორის იყო ხუთი პირველი ადგილი, რაც არც ერთ მუსიკოსს მანამდე არ ჰქონია. ეს სიმღერები იყო "Can't Buy Me Love" (Capitol Records), "Twist and Shout" (Tollie Records), "She Loves You" (Swan Records), "I Want to Hold Your Hand" (Capitol), და "Please Please Me" (Vee-Jay). დანარჩენი შვიდი სინგლი იყო: "I Saw Her Standing There" (Capitol), "You Can't Do That" (Capitol), "All My Loving" (Capitol Records), "Roll Over Beethoven" (Capitol of Canada), "From Me To You" (Vee-Jay), "Do You Want To Know A Secret" (Vee-Jay) და "Thank You Girl" (Vee-Jay).
  • შემდეგი კვირა, 11 აპრილიდან მოყოლებული აღინიშნა იმით, რომ ბითლზს ჰქონდა დაკავებული იგივე ჩარტის 14 პოზიცია. მანამდე ყველაზე დიდი რაოდენობა ჩარტში მყოფი სინგლების მხრივ ჰქონდა ელვის პრესლის (19 დეკემბერი, 1956)
  • ბითლზი ერთადერთი ჯგუფია, რომლის ყოველი სინგლიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში ბილბორდის პირველ ადგილზე ხვდებოდა. მაგალითად, სინგლს "Can't Buy Me Love" მოჰყვა "She Loves You", შემდეგ "I Want to Hold Your Hand." სამივე ჩარტის პირველ პოზიციაზე იმყოფებოდა.
  • ჯგუფის სიმღერა "Yesterday" ალბათ ყველაზე ხშირად სრულდებოდა სხვადასხვა მუსიკოსის მიერ. ცნობილია, რომ არსებობს მისი 3000-ზე მეტი ვერსია. მას დღეს ასევე უჭირავს რეკორდი რადიოსადგურების ეთერში დატრიალების მხრივ.
  • ჯგუფს ასევე აქვს ყველა დროის ყველაზე სწრაფად გაყიდვადი სინგლი "I Want to Hold Your Hand". იგი გაიყიდა 250.000 ასლის ოდენობით სულ სამი დღის განმავლობაში და ორი მილიონის - ორ კვირაში (აშშ).
  • ასევე აღსანიშნავია ერთ სინგლზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობა. აშშ-ში ამ მხრივ ლიდერობს 2.1 მილიონი შეკვეთილი ასლი სინგლისა "Can't Buy Me Love" (აშშ მაღაზიებში გამოჩენისას იგი გაიყიდა 940.255 ასლის ოდენობით).
  • მთლიანობაში, ჯგუფი ბრიტანეთის ყველა დროის 100 გაყიდვადი სინგლის ჩარტებში გამოჩნდა ხუთჯერ. ეს რეკორდი დღემდე არც ერთ ჯგუფს არ აქვს მოხსნილი.

კონცერტები

  • შის სტადიონის კონცერტით (1965) ბითლზმა დაამყარა ახალი რეკორდი კონცერტზე დასწრების მხრივ. მთლიანობაში კონცერტს ესწრებოდა 55.600 ადამიანი და იმ დროისათვის ეს მართლაც დიდ რაოდენობას წარმოადგენდა. არც ერთ კონცერტზე მანამდე ამდენი მაყურებელი არ მისულა.
  • აშშ-ში ბითლზმა ყველა რეკორდი ჩამოიტოვა ედ სალივანის შოუზე გამოჩენით - მათი პირველი გამოჩენისას ამ გადაცემას უყურებდა დაახლოებით 70 მილიონი ადამიანი. ასევე გავრცელდა ჭორი, თითქოს დანაშაულების პროცენტმა მსოფლიოში ამ დღეს იკლო.
  • 1966 წლის 30 ივნისს ბითლზი იქცა პირველ თანამედროვე მუსიკალურ ჯგუფად, რომელმაც დაუკრა ტოკიოში. სამი დღის განმავლობაში მათ დაუკრეს ხუთჯერ და ყოველ კონცერტს დაესწრო დაახლოებით 10.000 ადამიანი.

დისკოგრაფია

ორიგინალური ბრიტანული ალბომები

(ალბომი Magical Mystery Tour წარმოდგენილია სიაში კომპაქტ დისკების გამოცემები)

კომპაქტ დისკები

1980-იანი წლები

1987 წელს კომპანიებმა EMI და Apple Corps გამოსცეს ჯგუფის სრული სტუდიური კატალოგი კომპაქტ დისკების ფორმატში. ამ გამოცემით მოხდა ჯგუფის კატალოგის მსოფლიო მასშტაბით სტანდარტიზაცია - 12 ბრიტანული სტუდიური გამოცემით, რომელსაც დაემატა მანამდე მხოლოდ აშშ-ში გამოცემული Magical Mystery Tour (1967), რომელიც ბრიტანეთში წლების მანძილზე ორმაგი EP დისკის სახით იყო წარმოდგენილი. სხვა მასალა სინგლებიდან და EP დისკებიდან მოხვდა ორ დისკიან გამოცემაში Past Masters (1988).

2000-იანი წლები

ჯგუფის 1964–1965 წლების ამერიკული კატალოგი გამოიცა ყუთების სახით (The Capitol Albums Volume 1 და Volume 2)2004 და 2006 წლებში. ამ კრებულებზე წარმოდგენილი იყო როგორც ჩანაწერების მონო, ასევე სტერეო ვერსიები, რომლის წყაროს წარმოადგენდა ორიგინალური ამერიკული გამოცემების ფირები.

2009 წლის 9 სექტემბერს ჯგუფის მთლიანი სტუდიური კატალოგი გამოვიდა ციფრული რემასტერინგის შედეგად, რომელიც ოთხი წლის მანძილზე მიმდინარეობდა. სპეციალურ ყუთში წარმოდგენილი იქნა ჯგუფის თორმეტივე ბრიტანული სტუდიური ალბომი, ისევე როგორც Magical Mystery Tour და Past Masters. ყველაფერი, შეტანილი ამ კრებულში, იყიდებოდა როგორც ცალკე, ასევე აღნიშნული ყუთის სახით. მეორე მსგავსი კრებული შეიცავდა ჩანაწერების მონო-ვერსიებს - ასევე ალბომის Help! და Rubber Soul ორიგინალურ მონო-ვარიანტებს (საგულისხმოა, რომ 1987 წელს ამ ალბომების გამოსაცემად მომზადებისას ხმის მიქსზე ჯორჯ მარტინი მუშაობდა. თითოეული დისკი ასევე შეიცავდა დამატებით სექციას, მოკლე ვიდეორგოლით ალბომის შექმნის შესახებ.

სხვა ციფრული ფორმატები

გარკვეული პერიოდის მანძილზე, ბითლზი რჩებოდა ერთ-ერთ კოლექტივად, რომლის კატალოგი არ იყო წარმოდგენილი iTunes-ის მსგავს ონლაინ მაღაზიებში. ძირითადად, ეს გაუგებრობა მომდინარეობდა ჯერ კიდევ იმ დროიდან, რაც Apple Corps ედავებოდა კომპანიას Apple სახელწოდების გამო. დროთა განმავლობაში ბითლზის კატალოგი არალეგალურად ჩნდებოდა გაყიდვაში სხვა სერვისებზე, როგორიც არის BlueBeat. დანი ჰარისონის (ჯორჯის შვილის) მიერ დაფიქსირებული იქნა მოსაზრება, რომ უნდა მოხდეს ან საკუთარი ძალებით ამ კატალოგის გავრცელება, ან Apple-ის ამბავთან საბოლოო შეგუება, ვინაიდან საჭიროა საიდანღაც შემოსავლის ძიება[31]. 2010 წლის 16 ნოემბერს iTunes-ზე ოფიციალურად განთავსდა ჯგუფის 13 სტუდიური ალბომი, აგრეთვე Past Masters, ხოლო მოგვიანებით ამ სიას დაემატა კრებულები Red და Blue. ჯგუფის 1964 წლის კონცერტი ასევე იქნა წარმოდგენილი დამატების სახით, რომელსაც მყიდველი მიიღებდა მთლიანი კატალოგის შეძენისას ან იხილავდა უფასოდ, 2010 წლის ბოლომდე.

რესურსები ინტერნეტში

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

  1. http://www.allmusic.com/artist/p3644
  2. http://www.time.com/time/magazine/article/0,9171,975715-2,00.html
  3. http://www.everyhit.com/recordalb.html
  4. http://www.riaa.com/goldandplatinumdata.php?table=tblTopArt
  5. http://www.billboard.com/bbcom/specials/hot100/charts/top100-artists-20.shtml
  6. http://web.archive.org/web/20080822101414/http://www.time.com/time/time100/artists/profile/beatles.html
  7. AMG ბიოგრაფია
  8. რეი ო’ბრაიენი, არის ადგილები, რომლებიც მემახსოვრება: ტომი 1, 2001
  9. რეი კოულმენი (1984). ლენონი: საბოლოო ბიოგრაფია. Pan Books. p212.
  10. რეი კოულმენი (1984). ლენონი: საბოლოო ბიოგრაფია. Pan Books. p212
  11. სინტია ლენონი “ჯონი” 2006. p97
  12. გარეთ ლ. პალოვსკი როგორ იქცნენ ისინი ბითლზად. Plume. ISBN 978-0-452-26506-6
  13. სინტია ლენონი “ჯონი” 2006. p109
  14. ჰანტერ დევისი. ბითლზი (1981 წლის გამოცემა). გვ. 178
  15. ლუ უოლტერსის ხმისჩამწერი სესია
  16. [1]
  17. Love Me Do
  18. ბილ ჰარი ბითლზის დიდი ენციკლოპედია p516
  19. JPGR
  20. JPGR I Want to Hold Your Hand
  21. I Want to Hold Your Hand
  22. ბითლზი ახალ ზელანდიაში
  23. "ჯონ ლენონი, რომელსაც მე ვიცნობდი"
  24. მორინ კლიფი (1966). "როგორ ცხოვრობს ბითლზი? ჯონ ლენონი ასე ცხოვრობს"
  25. ბითლზის ისტორია, ლივერპული. აგრეთვე იხილეთ http://www.eskimo.com/~bpentium/whobutch.html
  26. პიტერ გურალნიკი, უდარდელი სიყვარული: ელვის პრესლის დაშლა, p420.
  27. CNN.com ელვისი კვლავ ყველგან არის 16 აგვისტო, 2002. [2]
  28. ტონი ბეროუ. ჯონი, პოლი, ჯორჯი, რინგო და მე. ISBN 1-86200-238-X
  29. 29.0 29.1 29.2 ჰარი, 2000b, p. 539
  30. 30.0 30.1 ჰარი, 2000a, p. 612
  31. Michaels, 2009