კუ-კლუქს-კლანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კუ-კლუქს-კლანი 1923 წელს

კუ-კლუქს-კლანი, კკკ (ინგლ. Ku Klux Klan, KKK) — რამდენიმე რასისტული და ტერორისტული ორგანიზაციის სახელწოდება აშშ-ში, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთით. ამ ორგანიზაციას უკავშირებენ ლინჩის სასამართლოს გაჩენას.

სახელწოდება[რედაქტირება]

ხშირად მიიჩნევენ, რომ სახელწოდება კუ-კლუქს-კლანი მიღებულია იარაღის გადატენვის შედეგად გამოცემული ხმისგან. სხვა ვერსიით, ის წარმოსდგება ძველბერძნული κύκλος — წრე, ბორბალი, და ინგლისური სიტყვისგან clan — სანათესაო თემი, კლანი (შოტლანდიელებსა და ირლანდიელებში).

ისტორია[რედაქტირება]

წინაისტორია[რედაქტირება]

ამერიკის სამხრეთში კკკ-ის გამოჩენამდე, არაერთი ტერორისტული დაჯგუფება მოქმედებდა, რომლებიც შავკანიან მოსახლეობაზე, ფედერაციის ჯარების ოფიცრებსა და ჯარისკაცებზე აწყობდნენ თავდასხმებს. სამხრეთში პლანტატორების მიერ შექმნილი ტერორის სისტემა ორგანიზებულობის უმაღლეს დონეზე იდგა. სამოქალაქო ომიდან მოყოლებული ასეთი ორგანიზაციების რამდენიმე დასახელება შემორჩა: „სოციალური კავშირი“, „ცისფერი ლოჟები“, „სამხრეთის ვაჟები“, „ცეცხლოვანი ჯვრები“, „თეთრი ლიგები“. ყველაზე პოპულარული იყო საზოგადოება „ოქროს წრის რაინდები“, რომელიც 115 ათას ადამიანს ითვლიდა. ორგანიზაციების უმეტესობა 1860-იანი წლების ბოლოს გაუქმდა, მეტწილად მკაცრი კანონებისა და სასტიკი პოლიტიკის შედეგად, რომელსაც სამოქალაქო ომის შემდეგ აშშ-ს ხელისუფლება სამხრეთში ატარებდა.

შექმნა[რედაქტირება]

კუ-კლუქს-კლანის დროშა

სამოქალაქო ომმა იმ დროის აშშ-ის მოსახლეობის შეხედულებებზე გადამწყვეტი ზეგავლენა იქონია. სამხრეთში დაწყებულმა რეკონსტრუქციამ (1865—1877) ძირფესვიანად შეცვალა შავ და თეთრკანიან მოსახლეობაში უკვე არსებული დამოკიდებულება.

1865 წლის 24 დეკემბერს, როდესაც სამხრეთმა წინააღმდეგობა შეწყვიტა, ტენესის შტატის ქალაქ პიულასკიში მოსამართლე თომას ლ. ჯონსმა და სამხრეთის არმიის ექვსმა ვეტერანმა საიდუმლო ორგანიზაციის ჩამოყალიბება განიზრახეს, რაც ადგილობრივი სასამართლოს შენობის მემორიალურ დაფაზე შემორჩენილი მინაწერით მტკიცდება. კუ-კლუქს-კლანის პირველი ექვსი დამაარსებლის სახელებია მაქქორდი, ლესტერი, კენედი, ქროუ, ჯოუნსი და რიდი. რიდის იდეა იყო დასახელება „კუ-კლოსის რაინდები“, მაგრამ მანამდე უკვე არსებობდა სახელწოდება „ოქროს წრის რაინდები“. მაშინ შოტლანდიელმა კენედიმ სიტყვა „კლანი“ შესთავაზა თანამდგომებს, რაც ნათესაობას, ოჯახს, ახლოგარემოცვას აღნიშნავდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]