ალფრედ ლენონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ალფრედ ”ალფ” ლენონი (14 დეკემბერი, 1912 - 1 აპრილი, 1976) იყო ლეგენდარული ინგლისელი მუსიკოსის ჯონ ლენონის მამა. მას შემდეგ, რაც მამა გარდაეცვალა, ის და მისი და ედიტი დიდხანს იმყოფებოდნენ ბავშვთა სახლში. ალფი მეტად მახვილგონიერი და მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული ადამიანი იყო. ის მღეროდა და უკრავდა ბანჯოზე, მაგრამ პოპულარობა მაინც ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში ალფს ეძახდნენ, შემდგომში მან გამოსცა ჩანაწერი ფრედი ლენონის სახელით, რომლითაც ის გაზეთებშიც მოიხსენიებოდა.

ალფი და ჯულია სტენლი დაქორწინდნენ 1938 წელს. ჯონ ლენონი იყო მათი ერთადერთი ვაჟი, მაგრამ ალფი მეორე მსოფლიო ომის დროს მსახურობდა შორს, ზღვაში და ოჯახისადმი სრულფასოვან ყურადღებას ვერ იჩენდა. ის ფულს უგზავნიდა ცოლ-შვილს, მაგრამ ბოლოს ესეც შეწყდა და ჯულიას პატარა ჯონის აღზრდა მხარზე დააწვა. უიმედობაში მყოფმა ჯულიამ სხვა მამაკაცზე იქორწინა. 1946 წელს შინ დაბრუნებულ ალფს ეს სიახლე დახვდა. ამ დროისათვის ჯონ ლენონი დეიდა მიმის სახლში, მენდიპსში ცხოვრობდა. ალფმა ჯონი ბლექპულში წაიყვანა და გადაწყვეტილი ჰქონდა მასთან ერთად ახალ ზელანდიაში წასვლა, სადაც მას ახალი სამუშაო გამოუჩნდა. ამ დროს მათ თავს დაადგა ჯულია და მშობლებმა ორჯერ ჰკითხეს 5 წლის ჯონს, ვისთან ყოფნა ერჩივნა. ჯონმა ორჯერვე მამა აირჩია, მაგრამ ჯულია რომ გაბრუნდა, ჯონი მას ტირილით გამოედევნა. ეს იყო მამა-შვილის ერთად ყოფნის უკანასკნელი წუთი. ამის შემდეგ ალფს თავისი შვილი ”ბითლზის” აღზევების ხანამდე არ უნახავს.

ალფი გარდაიცვალა ბრაიტონში, სადაც ის საცხოვრებლად გაემგზავრა მას შემდეგ, რაც იქორწინა 19 წლის პაულინა ჯონსზე.