დემეტრე I
დემეტრე I | |
---|---|
დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა. მაცხვარიშის ფრესკა. | |
საქართველოს მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 1125 |
მმართ. დასასრული: | 1156 |
წინამორბედი: | დავით IV აღმაშენებელი |
მემკვიდრე: | (მოგვიანებით გიორგი III ) |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | დაახლ. 1093 |
გარდ. თარიღი: | 1156 |
შვილები: |
1. დავით V 2.გიორგი III 3.რუსუდანი |
დინასტია: | ბაგრატიონები |
მამა: | დავით IV აღმაშენებელი |
დედა: | რუსუდანი |
დემეტრე I — საქართველოს მეფე 1125-1156 წლებში, დავით აღმაშენებლის უფროსი ვაჟი და მემკვიდრე.
ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემეტრე მამის სიცოცხლეშივე აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფოს მართვა-გამგეობაში. დიდგორისა და შირვანის ბრძოლებში ქართველთა ლაშქრის გამარჯვების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. დავით აღმაშენებლის გარდაცვალების შემდეგ იძულებული გახდა ანისი ყმადნაფიცობის პირობით თურქებისათვის დაეთმო. 1130 წელს ხლათის სასულთნოს ჯარები შემოიჭრნენ საქართველოში, დემეტრემ დაამარცხა ისინი და განდევნა საქართველოდან. ლაშა გიორგის დროინდელი მატიანე წერდა:[1]
„გააქცივნა სუქმანეთნი (ოდეს სუქმანეთნი გააქცივნა დემეტრე, ქრონიკონი იყო სამას ორმოცდაათი), თავი ყოვლისა სპარსეთობისა, დაჴოცნა და ამოსწყჳდნა, და აღავსნა საჭურჭლენი და ლაშქარნი მისნი.“
|
1130 წელს დემეტრე I-ის უფროსმა შვილმა დავითმა იმის შიშით, რომ დემეტრე I-ს უმცროსი შვილი გიორგი არ გაემეფებინა, შეთქმულება მოაწყო მეფის წინააღმდეგ. მეფემ შეიპყრო შეთქმულების მოთავეები: უფლისწული დავით დემეტრეს ძე და იოანე აბულეთისძე. შემდგომში (სომეხი მემატიანის ვარდანის ცნობით 1132, ლაშა-გიორგის დროინდელი მემატიანის ცნობით 1145) დემეტრე I-მა ივანე აბულეთისძე მოაკვლევინა, ხოლო მისი შვილი თირქაში (ქირქიში) საპყრობილეში დაამწყვდია.
1138 წელს დემეტრე I-ის სარდლობით ქართველებმა განძა აიღეს და გამარჯვების ნიშნად ქალაქის კარი საქართველოში ჩამოიტანეს (დაცულია გელათში), მაგრამ დემეტრე I-მა ვერ შეძლო განძის შენარჩუნება და ქალაქი დიდხანს დარჩა მაჰმადიანთა საყრდენ პუნქტად საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში.
1153-1154 წლებში ანისის ხელში ჩაგდება განუზრახავს არზრუმის მფლობელს ამირა სალდუხს. დემეტრე მეფე თავისი ვასალის, ანისის მფლობელის დასახმარებლად და ქალაქ ანისის დასაცავად წასულა. დემეტრემ სალდუხი დაამარცხა და ტყვედ აიყვანა. შემდეგ მაჰმადიან მფლობელთა შუამდგომლობით საქართველოს მეფემ სალდუხი გაათავისუფლა, რის საფასურად მიიღო 100 000 დინარი.[2]
1154 (1155) წელს დავითმა კვლავ მოაწყო შეთქმულება, თავისი ერთგული და მეფის მოწინააღმდეგე დიდებულების შემწეობით დემეტრე I იძულებით ბერად შეაყენა და სამეფო ტახტი თვითონ დაიკავა. დავითის გარდაცვალების შემდეგ (იგი მხოლოდ 6 თვეს მეფობდა) დემეტრე I ბერობიდან გადადგა და ტახტი დაიბრუნა. თანაც შეამზადა პირობები მისი უმცროსი ძის გასამეფებლად („აღამაღლა, თავისი თანა და ძისა სწორად მოსაყდრედ გამოაჩინა“). მწვავე შინაკლასობრივი ბრძოლების გამო დემეტრე I-ის მეფობის დროს საქართველოს პოლიტიკური ზრდა ერთგვარად შეფერხდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი მეფობის დროს მოხდა ოჯახური კონფლიქტი, რომელიც დაკავშირებული იყო სამეფო მემკვიდრეობასთან, საქართველო რჩებოდა ცენტრალიზებულ სახელმწიფოდ ძლიერი ჯარით.[3]
საყურადღებოა დემეტრე I-ის პოეტური შემოქმედება. ჩვენამდე მოაღწია მისმა რამდენიმე იამბიკომ. განსაკუთრებით გამოირჩევა ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი იამბიკოები. დემეტრე I-ის თხზულებათა პოეტური სახეები ქრისტიანულ სიმბოლიკაზეა დაფუძნებული, ზოგ მათგანს რითმაც ეტყობა. მისი „შენ ხარ ვენახი“ დღესაც ცოცხალი საეკლესიო საგალობელია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მეტრეველი რ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 373.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დემეტრე I დაიბადა: დაახლ. 1093 გარდაიცვალა: 1156
| ||
წინამორბედი: დავით IV აღმაშენებელი |
საქართველოს მეფე 1125–1155 |
შემდეგი: დავით V |
წინამორბედი: დავით V |
საქართველოს მეფე 1156 |
შემდეგი: გიორგი III |
|
|