ცხუმის საერისთავო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ცხუმ-აფშილეთის საერისთავო

786–1354
ცხუმ-აფშლეთის საერისთავო თამარ მეფის ზეობის ხანაში.
დედაქალაქი ცხუმი
ენები ქართული, მეგრული, ბერძნული
რელიგია მართლმადიდებლობა
მთავრობა მონარქია
საკანონმდებლო ხელისუფლება აფხაზეთის სამეფო (786-1008) საქართველოს სამეფო (1008-1330)
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა 786
 -  გაუქმდა 1354
ფართობი 4,200 კმ² (1,622 მლ²)
ვალუტა სოლიდუსი, პერპერა, დინარი
დღეს ამ ტერიტორიაზე საქართველო

ცხუმის საერისთავოსაერისთავო დასავლეთ საქართველოში, რომელიც VIII საუკუნიდან — XIV საუკუნემდე არსებობდა და დღევანდელი საქართველოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ქალაქ სოხუმის მიმდებარე ტერიტორიას მოიცავდა.დღევანდელ სოხუმის მუნიციპალიტეტის და გულრიფშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიას. ეს ტერიტორია ისტორიულად იწოდება როგორც — აფშილეთი. ზოგიერთ წყაროში სამთავროს ცხუმ-აფშილეთს სამთავროც ეწოდება.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაგრატის ციხის ნანგრევები.

ცხუმის საერისთავო აფხაზთა სამეფოს ერთ-ერთ ტერიტორიულ ადმინისტრაციულ ერთეულს წარმოადგენდა, რომელიც აფშილეთის ტერიტორიაზე წარმოიქმნა. ვახუშტი ბაგრატიონს ეს საერისთავო მოხსენიებული აქვს იმ 8 საერისთავოს შორის, რომელიც მისი ცნობით, აფხაზთა პირველმა მეფემ ლეონ II დააარსა. მისი ტერიტორია ანაკოფიიდან ალანიამდე ვრცელდებოდა.[1] საერისთავოს კულტურული და ეკონომიკური ცენტრი იყო ქალაქი ცხუმი, ხოლო მთავრის რეზიდენციას წარმოადგენდა - ბაგრატის ციხე.

XII საუკუნეში დავით აღმაშენებელმასაერისთავო ოთაღო შარვაშიძეს გადასცა, რომელმაც მოგვიანებით შარვაშიძეების აფხაზთა ფეოდალურ საგვარეულოს დაუდო საფუძველი. ამ პერიოდიდან ქალაქი ცხუმი ქართველი მეფეების საზაფხულო რეზიდენციად იქცა. რუსი ისტორიკოსის ვ. სიზოვის ვარაუდით ცხუმი საქართველოს სამეფოს უმნიშვნელოვანეს „კულტურულ“ და „ადმინისტრაციულ“ ცენტრს წარმოადგენდა.[2]

ცხუმის ერისთავი პირველად იხსენიება თამარის ისტორიკოსთან თამარის ერისთავების ჩამონათვალში. ცხუმის ერისთავად აქ დასახელებულია ოთაღო შარვაშიძე, ხოლო არგვეთის ერისთავად - ამანელისძე. ტექსტის ამ ადგილას ფრაზა „არგვეთის ერისთავი“ ავთენტური არ არის და იგი კორნელი კეკელიძის მიერ არის აღდგენილი. ირაკლი ანთელავა უფრო სარწმუნოდ მიიჩნევს ვახუშტი ბატონიშვილის ანალოგიურ ცნობას, სადაც ცხუმის ერისთავად ამანელისძე არის გამოცხადებული, ხოლო ოთაღო შარვაშიძე - აფხაზეთის ერისთავად.

კელასურის კედლის ერთ ერთი ზღუდე. იცავდა ცხუმ-აფშლეთს სამხრეთ-აღოსავლეთდან. ააგეს ბიზანტიელებმა ეგრისის დიდი ომის დროს. იგი დაანგრია მურვან ყრუმ 737 წელს. შემდეგ კი აღადგინა ლევან I დადიან-მა XVII ს-ში.

ცხუმის საერისთავო შექმნილა აფხაზთა სამეფოში. ისტორიული აფშილეთის ტერიტორიაზე. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით, საერისთვოს ფარგლებში შედიოდა მიწა-წყალი „ეგრის-იქით ანაკოფია ალანითურთ“. თამარის მეფობის პერიოდში ცხუმის ერისთავები ამანელისძეები იყვნენ. ამ საგვარეულოს აღმატებულ მნიშვნელობას ცხადყოფს მისი წარმომადგენლების მონაწილეობა მეფედ კურთხევის ცერემონიალში. მეტი ცნობა ცხუმის ერისთავთა შესახებ „ქართლის ცხოვრებას“არ შემოუნახავს. ვახუშტი ბატონიშვილი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ძველ და სარწმუნო წყაროს ემყარებოდა, მოგვითხრობს, რომ ცხუმის საერისთვოს არსებობას საფუძველი შეერყა XIV ს-ის დასაწყისში, როცა ოფიშის სამთავრომ იწყო გაძლიერება. გიორგი II დადიანმა თავის სასარგებლოდ გამოიყენა დავით VI ნარინის შვილებს შორის ქიშპობა და მიიტაცა ცხუმი — „დაიპყრა სრულიად ოდიში ანაკოფიამდე“. ამის შემდგომ საქართველოს მეფეებმა ცხუმის საერისთავოს დადიანების სამფლობელოდ აღიარებდნენ. სამთავროს სამხრეთ-აღოსავლეთ საზღვარს იცავდა — კელასურის კედელი.

ბესლეთს ხიდი. აიგო XIII ს ში მდ ბესლეთზე. ცხუმის ერისთავის რეზიდენციასთან მისასვლელ გზაზე.

რუსუდანის მიერ დას. საქართველოში გადასვლის შემდეგ ცხუმში იჭრებოდა საქართველოს სამეფოს ვერცხლის მონეტები. გიორგი V ბრწყინვალეს პერიოდამდე ცხუმში მდებარეობდა ბაგრატიონთა საზაფხულო რეზზიდენცია. 1240-იან წლებში მონღოლებმა საქართველო რვა სამხედრო-ადმინისტრაციულ სექტორებად (დუმნებად) დაანაწილეს; ცხუმის საერისთავო ცოტნე დადიანის ხელში მოექცა.[2] დავით VI ნარინის გარდაცვალების შემდეგ, იმერეთის ტახტზე არსებული შინა ომები, ოდიშის მთავარმა გიორგი დადიანმა სასიკეთოდ გამოიყენა და ცხუმის საერისთავოს დაეპატრონა, შესაბამისად ოდიშის საზღვარი ანაკოფიამდე გადაიწია, ხოლო შარვაშიძეები აფხაზეთში გამაგრდნენ. XV საუკუნის ისტორიული წყაროები ცხუმის საერისთავოს აფხაზეთისგან დამოუკიდებლად განიხილავს.[3] ამ პერიოდიდან ქართველი მონარქები ცხუმს დადიანების ფეოდალურ დომენად აღიარებდნენ. ვახუშტი ბატონიშვილი აღნიშნავს, რომ საერისთავოს სტაგნაცია დასავლეთ საქართველოში ოდიშის მთავრების გაძლიერებას უკვაშირდება.

XII-XV საუკუნეებში ევროპული საზღვაო ძალების (ვენეცია და გენუა) მეშვეობით ცხუმი მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად ჩამოყალიბდა. XIV საუკუნეში გენუის რესპუბლიკამ ცხუმში რამდენიმე სავაჭრო ფაქტორია დააარსა. ამ პერიოდიდან ცხუმი ოდიშის მთავრების რეზიდენციად ითვლებოდა, ეს არის ადგილი სადაც ვამეყ I-მა, საკუთარი მონეტა მოჭრა. 1451 წელს ის დროებით ოსმალთა ფლოტმა დაიკავა. შემდეგ პერიოდში ცხუმი ოდიშის და აფხაზთა მთავრებს შორის დაპირისპირების მთავარ მიზეზად იქცა. ის საბოლოოდ 1570 წელს ოსმალებმა დაიკავეს.

მმართველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლეონ II ანჩაბაძე (786 - 792) შემქმნელი (975 წლამდე საერისთავოს ანჩაბაძეების უმცროსი შტოს წარმომადგენლები მართავდნენ)
  • ოთაღო I შერვაშიძე (? - 1138)
  • ოთაღო II შერვაშიძე (1192-1213)
  • ვარდან ამანელიძე (1183-1192/1213-1220)
  • დარდინ შერვაშიძე (? - 1243)
  • გიორგი II დადიანი (1339-1354) უკანასკნელი

ცხუმის სავაჭრო ფაქტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIII საუკუნეში მსოფლიოში მომხდარმა ძვრებმა ევროპელები შავიზღვისპირეთით დააინტერესა, განსაკუთრებით მას შემდეგ რაც მონღოლთა იმპერიის საზღვრები მათ თან და თან მიუახლოვდა. ჩინგიზ-ყაენის შთამომავლებმა თითქმის მთელი ჩრილო შავიზღვისპირეთი დაიპყრეს და სტრატეგიული პუნქტები დაიკავეს. ამასთანავე ცენტრალურ აზიაში მათ ბოლო მოუღეს სავაჭრო გზებზე ყაჩაღობას. ამიერიდან გაჩნდა შესაძლებლობა ევრიპიდან აზიაში (და პირიქით) ტვირთის უსაფრთხო გადატანისა. გამორჩეულად დიდ ინტერესს შავი ზღვის სანაპირო ზოლისადმი იჩნედნენ იტალიის. განსაკუთრებით გენუის რესპუბლიკა. ასევე ვენეციის რესპუბლიკაც. მათი მიზანი შავიზღვისპრეთში ფეხის მოკიდება და რეგიონის მნიშვნელოვან ქვეყნებთან (ბიზანტიის იმპერია, ოქროს ურდო, საქართველოს სამეფო) ეკონომიკური კავშირების გაღრმავება იყო. მათ თანდათან დაიწყეს სავაჭროდ ხელსაყრელ ადგილებში საკუთარი წარმომადგენლობის დაფუძნება და ადგილობრივ მმართველებთან მოლაპარაკების შედეგად სავაჭრო ფაქტორიებიც შექმნეს, როგორც ბიზანტიასა ოქროს ურდოში, ისე საქართველოში. მალევე თითქმის მთელი შავიზღვისპირეთი მათი ფაქტორიებით მოიფინა.

მიუხედავად იმისა,რომ გენუელები საქართველოში ჯერ კიდევ XIII-ე საუკუნეში გამოჩნდნენ,მათ სავაჭრო ფაქტორიის დაარსების უფლება მხოლოდ 1354 წელს მიიღეს,მას შემდეგ რაც მათი მთავარი კონკურენტი,ვენეციის რესპუბლიკა განადგურებულ იქნა საპიენცას საზღვაო ბრძოლაში გენუელთა ფლოტის მიერ.

იტალიურ ქრონიკებში შემონახული ერთ–ერთი ცნობის თანახმად,გენუელებმა ქართულ მიწაზე ფაქტორიის დაარსების უფლება მიიღეს სამეგრელოს ერისთავ ბედიელისგან (იგულისხმება გიორგი II დადიანი), რომელიც ამის თაობაზე თავის მხრივ საკუთარ „სენიორს“ ანუ საქართველოს მეფეს დავით IX-ს მოელაპარაკა. გენუელებს მიწა თანამედროვე სოხუმის ტერიტორიაზე გამოეყოთ. მათ სავაჭრო ფაქტორიას მაღალი კედლები შემოავლეს. ახალდარსებულ ფაქტორიას იტალიელები სებასტოპოლს უწოდებდნენ ამ ადგილზე არსებული ანტიკური ბერძნული კოლონიის (Διοσκουριάς) და რომაული (Sebastopolis) ანალოგიურად. მოგვიაებით კი მას სან-ლორეცო უწოდეს. როგორც ჩანს ეს ადგილი შემთხვევით არ იქნა შერჩეული. როგორც ანტიკურ ხანაში, ისე შუა საუკუნეებში ის საქართველოს სანაპიროზე ფაქტობრივად ერთადერთი ადგილი იყო, სადაც სპეციალურად შექმნილი არხები სანაოსნო სეზონის დამთავრების შემდეგ ნაპირზე ამოუთრევლად გემების გაჩერება იყო შესაძლებელი. ფაქტორიის პირველი კონსული იყო ამბროჯიო დი პიეტრო. არსებობს რამდენიმე მიზეზი, რის გამოც მეფე დავით IX-მ გენუელებს უფლება მისცა ცხუმი ემართათ. გენუელებმა გაანადგურეს ვენეციელები, რის შედეგადაც როგორც ევროპაში, ისე აზიაში დიდი გავლენა მოიპოვეს. ამიტომ საქართველოსთვის საჭირო იყო ასეთ სახელმწიფოსთან ეკონომიკური კავშირები. ამასთანავე გენუელებს ჰყავდათ დახელოვნებული ექიმები,რომლებიც შავი ჭირის ეპიდემიის პირობებში დახმარებას გაუწევდნენ ქვეყანას. გენუელთა სავაჭრო ფაქტორიას ცხუმში ნავსადგურის პირას დიდი ადგილი ეჭირა. თავად ფაქტორიას კი კონსული ხელმძღვანელობდა.თვით კონსულის ადმინისტაცია თავდაპირველად კონსულისგან, ნოტარიუსისაგან და მოსმართლისგან შედგებოდა, რომელიც გასამრჯელოს კაფადანყირიმში მდებარე გენუელთა მთავარი კოლონიიდან იღებდა. კაფის ხელისუფლება იხდიდა ადმინისტაციის ხარჯებსაც. შემდგომში კი ეს წესი შეიცვალა.

შემორჩენილია რამდენიმე კონსულის სახელებიც, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში ცხუმის ფაქტორიას ხელმძღვანელობდნენ:

ცხუმის მმართველი კონსულები
კონსულები მმართვ. წლები
ამბროჯიო დი პიეტრო 1354
ბენისე დრაგუსი 1373
ნეაპოლიტანუს დი სტაპპა 1374
ანტონიუს დი ლაზარო 1381
ინოფიუს დი მარი 1382
სტეფანო დი ფრანჩი 1448
პიეტრო დი ლაველო 1449
პაოლო დი ლაველო 1450
ჯჯოვანი დორია 1450-1454
ფილიპო დი კალავარეცა 1454
ლორენცო დი პინელი 1455
დრანჩესკო ლომელინო 1456

არქეოლოგიური მასალა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

VIII-X სს-ის მატერიალური კულტურის ნაშთები სოხუმში მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი. XI-XIII სს-ის არქეოლოგიური ძეგლები წარმოდგენილია მდ. ბესლეთის მარცხენა ნაპირზე. დადასტურებულია ხის ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, ხელადები, ჭრაქები, ლანგრები. ბაგრატის ციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია XII-XIV სს-ის საფორტიფიკაციო ნაგებობათა ნაშთები, ქვევრები, დოქები, მოჭიქული კერამიკა და სხვ.

სოხუმის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს ბაგრატის ციხე (55X27 მ). გეგმაში ოვალური ფორმისა. ნაგებია რიყისა და კირქვის თლილი ქვებით. შემორჩენილია ოთხკუთხა გეგმის 2 კოშკი. შიდაციხის ტერიტორიაზე აღმოჩენილია სამი სამარხი. აღნიშნულ ფართობზე დადასტურებულია მრავალრიცხოვანი სუფრისა და სამზარეულო დანიშნულების კერამიკა, მოჭიქული ჭურჭლის ნატეხები, ხელსაფქვავები, საწაფები და სხვ. ციხე XI-XIV საუკუნეებში ფუნქციონირებდა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]