არგვეთი (მხარე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არგვეთი.
არგვეთი ანტიკურ პერიოდში

არგვეთი — ისტორიული პროვინცია დასავლეთ საქართველოში, ძველ ქართულ მწერლობაში მარგვეთის სახელითაც არის ცნობილი.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლეონტი მროველის (XI ს.) მიხედვით, არგვეთი მოიცავდა ტერიტორიას ლიხის ქედიდან რიონამდე და რაჭის მთებიდან ფერსათის მთებამდე, ე. ი. ახლანდელი ხარაგაულის, საჩხერის, ზესტაფონის, თერჯოლის, ბაღდათის, ჭიათურის და ტყიბულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიას.

ეტიმოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგვეთი ანუ მარგვეთი ისტორიული სახელწოდებაა, ოღონდ წინათ ეს სახელი რქმევია არა მხოლოდ ერთ ან ორ სოფელს, არამედ მთელ მხარეს, ქვეყანას, რომელიც, ძველი ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის, ცნობით, ლიხის მთიდან რიონამდე იყო გაშლილი, ე. ი. დაახლოებით დღევანდელი ზემო იმერეთის ტერიტორიას მოიცავდა. ამ სახელის მიხედვით ნაწარმოებია გვარები: მარგველი, მარგველაძე, მარგველაშვილი.

მარგვეთ-ში თავსართია, ხოლო ეთ - ქართულ გეოგრაფიულ სახელებში გავრცელებული სუფიქსი. ამრიგად, ფუძედ გვრჩება არგვ. იგივე ფუძე გამოიყოფა სიტყვაში მ-არგ-ალი (”მ-ეგრ-ელ-ი”) საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად სიტყვა „მ-არგ-ალი" მიღებულია მ-აგრ-ალის მეტათეზისით და ნიშნავს ეგრისელს და არა არგვეთელს. ამდენად "მარგალში" "არგ" ფუძე არაა იგივე, რაც "არგვეთში", არამედ განსხვავებული, "აგრ" ფუძეა.[1]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგვეთი საერისთავო ქვეყანა იყო. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, აქ ჯერ კიდევ ქართლის მეფეს ფარნავაზს დაუსვამს ერისთავი, მასვე აუგია შორაპნისა და დიმის ციხეები. ვახტანგ გორგასალის დროს არგვეთი თაკვერსაც მოიცავდა. VIII საუკუნის 30-იან წლებში არგვეთის მთავრები იყვნენ დავითი და კონსტანტინე. IX საუკუნეში არგვეთის ერისთავად დადგენილი აფხაზთა უფლისწულის დემეტრეს რეზიდენცია ჩიხაში ყოფილა. XI საუკუნის I ნახევარში არგვეთის ერისთავებად იხსენიებიან ხურსი და გიორგი. არგვეთში იყო შუა საუკუნეების ერთ-ერთი მძლავრი ფეოდალური გვარის, ბაღვაშების (ბაღუაშების) მამული. უკანასკნელი ბაღვაშის, რატის, სიკვდილის შემდეგ (1103) დავით აღმაშენებელმა მათი მამული გელათის მონასტერს შესწირა. XII-XIII საუკუნეებში არგვეთის ერისთავებად ამანელისძენი ჩანან. გვიანდელი ფეოდალურ ხანაში არგვეთის ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა სათავადოები: საწერეთლო, სააბაშიძეო, საჩხეიძეო და სამხეიძეო.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არგვეთში ძირითადად მევენახეობა და მესაქონლეობა იყო განვითარებული. მოიპოვებოდა და მუშავდებოდა სპილენძი, რკინა, ვერცხლი. არგვეთში უმნიშვნელოვანესი ციხეები იყო: შორაპანი, აკანდა, სვერი, ჩიხა, მუხური და სახვა. საეკლესიო ნაგებობათაგან აღსანიშნავია უბისისა და ჯრუჭის მონასტრები (ეს უკანასკნელი ხურსი ერისთავმა საგვარეულო სამარხად ააგო X-XI საუკუნეების მიჯნაზე), ტაბაკინი და კაცხის ტაძარი, აგებული 1010-1014 ბაღვაშების საგვარეულო სამარხად.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი ნ., საქართველოს ისტორიის საკითხები, წგნ. 1, თბ., 1964;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1965;
  • ჯანაშია ს., შრომები, ტ. 2, თბ., 1952;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 556, თბ., 1975 წელი.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]