კლდეკარის საერისთავო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კლდეკარი.

კლდეკარის საერისთავო — ადმინისტრაციული ერთეული ფეოდალურ საქართველოში (IX საუკუნის 80-იანი წლები - 1103).

„მატიანე ქართლისაჲს“ გადმოცემით, მისი დამაარსებელი და პირველი ერისთავი იყო ლიპარიტ ბაღვაში. კლდეკარის საერისთავო მოიცავდა ატენის ციხეს, თრიალეთის, მანგლისხევს და საკურეთს (სკორეთს). კლდეკარის ერისთავების სამამულო სამფლობელო იყო არგვეთი (ზემო იმერეთი) . კლდეკარის საერისთავოს აღმოსავლეთით (ალგეთის და სკორეთის ხეობებში) ესაზღვრებოდა თბილისის საამირო. სამხრეთ აღმოსავლეთით და სამხრეთით — სამშვილდე და ზორაკეთი, სამხრეთ-დასავლეთით — ჯავახეთი, დასავლეთით — სამცხე, ხოლო ჩრდილოეთით — ქართლის საერისთავო ჰყოფდა.

კლდეკარის მფლობელის ხელში იყო ჯავახეთიდან თრიალეთზე გავლით ქართლში (ახლანდელი გორის რაიონი) გადასასვლელი ერთადერთი გზა. კლდეკარის საერისთავოს მოსახლეობის შესახებ შემორჩენილია მხოლოდ სტეფანოს ორბელიანის ცნობა, რომლის მიხედვით თურქებთან ბრძოლის დროს (1048 ან 1049-1050) ბიზანტიის მხარეზე ლიპარიტ ბაღვაშის განკარგულებაში გამოცხადდა მისი ქვეშევრდომი 700 დიდი აზნაური და 16000 მეომარი. კლდეკარის ერისთავები ბაღვაშთა საგვარეულოს წარმომადგენლები იყვნენ.

კლდეკარის საერისთავო საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროთა შორის პოლიტიკური ბრძოლის ნიადაგზე ჩამოყალიბდა და შექმნის უმალ აქტიურად ჩაება ამ ბრძოლაში (როგორც ვარაუდობენ, აფხაზთა (დასავლეთ საქართველოს) გაძლიერებული სამეფოს მესვეურებმა გამოაძევეს კლდეკარის ერისთავების წინაპარი სამამულო სამფლობელოდან — არგვეთიდან). იგი დიდ როლს თამაშობდა საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ცხოვრებაში. კლდეკარის ერისთავები ითვალისწინებდნენ საქართველოს ურთიერთობას ბიზანტიასა და თურქ-სელჩუქთა სახელმწიფოსტან და შესაბამისად წარმართავდნენ თავიანთ პოლიტიკას. საერისთავოს არსებობის მთელ მანძილზე ისინი ცენტრალური სამეფო ხელისუფლების მოწინააღმდეგენი ჩანან (მცირე გამონაკლისის გარდა). კლდეკარის ერისთავების ურჩობამ თავი იჩინა ჯერ კიდევ გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III-ის (975-1014) დროს. ამ უკანასკნელის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიოდა რატი ბაღვაში , რომელსაც ზურგს უმაგრებდნენ ქართლის დიდი აზნაურები. მეფემ ჯერ დიდი აზნაურები დაიმორჩილა, შემდეგ — რატი ბაღვაში (989), აიღო თრიალეთი კლდეკარის ციხითურთ და კლდეკარის ერისთავად რატი ბაღვაშის ძე ლიპარიტი დასვა.

XI საუკუნის 80-იან წლებში კლდეკარის საერისთავო თურქ-სელჩუკების მხარეზე აღმოჩნდა. კლდეკარის ერისთავი ივანე ლიპარიტის ძე 1074 გიორგი II-ს განუდგა. მან კახელები დაიხმარა და ქსნისპირა ადგილები დაიკავა, ქ. გაგი გამოსტყუა მეფის მეციხოვნეებს და საქართველოს მტერს — განძის ამირა ფადლონს — მიჰყიდა, თვითონ კი საქართველოს ასაოხრებლად მოსულ „დიდ სელჩუკთა“ სახელმწიფოს სულტანს, მალიქ-შაჰს, მორჩილებით ეახლა (ეს ნაბიჯი შემდგომში კლდეკარის ერისთავის მარცხით დამთავრდა).

XI საუკუნის მიწურულს კლდეკარის საერისთავო წინ აღუდგა დავით აღმაშენებლის ბრძოლას ქვეყნის ცენტრალიზაციისათვის. 1093 ლიპარიტ ერისთავი განუდგა მეფეს. დავით აღმაშენებელმა შეიპყრო იგი და მხოლოდ ცოდვის მონანიების შემდეგ გაათავისუფლა „მომტკიცებული მრავალთა და მტკიცეთა ფიცთა მიერ“ („ცხოვრება მეფეთ-მეფისა დავითისი“). როგორც ჩანს, ლიპარიტმა ფიცი გატეხა და საქართველოს მეფეს კვლავ გაუორგულდა. დავით აღმაშენებელმა ისევ შეიპყრო იგი 1094 და 2 წლის პატიმრობის შემდეგ ბიზანტიაში გააძევა, სადაც გარდაიცვალა კიდეც. ამის შემდეგ კლდეკარის საერისთავოს სატავეში ჩაუდგა რატი ლიპარიტის ძე, რომელიც წინაორების მსგავსად სამეფო ხელისუფლებისა და ქვეყნის ერთიანობის წინააღმდეგ იბრძოდა. დავით აღმაშენებელმა უკიდურეს ზომას მიმართა — 1103 რატი ლიპარიტის ძის გარდაცვალების შემდეგ, გააუქმა კლდეკარის საერისთავო და ერთიანი საქართველოს სამეფოს შეუერთა.

კლდეკარის ერისთავები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი მმართველების წლები
ლიპარიტ I. 876-?
ლიპარიტ II 940-960
რატი I 960-988
ლიპარიტ III 988-1005
რატი II 1005-1021
ლიპარიტ IV 1021-1059
ივანე 1059-1074
ლიპარიტ V 1074-1095
რატი III 1095-1102

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • კოპალიანი ვ., სტეფანოს ორბელიანის „ორბელთა ისტორიის“ ზგიერთი გამოცემის ნდობის საკითხისათვის «ცისკარი», 1972, № 12;
  • მეტრეველი რ., შინაკლასობრივი ბრძოლა ფეოდალურ საქართველოში (XII ს.), თბ., 1973;
  • ჯავახიშვილი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგნ. 2, თბ., 1968;
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, გვ. 551-552, თბ., 1980 წელი.