შინაარსზე გადასვლა

გუზან აბულასანის ძე ტაოელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გუზან აბულასანის ძე ტაოელი — ქართველი პოლიტიკური მოღვაწე XII საუკუნის ბოლოს, კლარჯეთისა და შავშეთის მფლობელი. თამარ მეფემ მას ტაოც უბოძა. აქედან წარმოდგა მისი ზედწოდება — „ტაოელი“, „ტაოსკარელი“.

მემატიანის ცნობით, კლარჯეთისა და შავშეთის პატრონი გუზანი თამარმა „ძუელთა მეფეთა ტაოელთა დიდებულთა ადგილზე" შეიწყალა. 1186 წელს გუზანმა, ბოცო სამცხის სპასალარმა და რამდენიმე დიდებულმა თავისი ლაშქრით დაამარცხეს და განდევნეს შავშეთ-კლარჯეთს შემოსეული კარნუქალაქელი, შამელი და გარმიანელი თურქები და ურიცხვი ტყვეებითა და ალაფით წარდგნენ თამარის წინაშე. ჩანს, გუზანს ამის მერე უბოძეს ტაოც, თუმცა თამარის პირველი ისტორიკოსი მას ამ ბრძოლის წინ უკვე ტაოელად იხსენიებს.

1191 წელს, თამარის წინააღმდეგ დიდებულთა აჯანყების დროს, გუზანი პირველი განუდგა მეფეს და გიორგი რუსს მიემხრო. აჯანყების დამარცხების შემდეგ ტაოსკარი, ვაშლოვანი და სხვა მრავალი ციხე თურქებს გადასცა და დაუკავშირდა შაჰარმენს (ხლათის მმართველს). შაჰარმენის დიდძალი ლაშქარი გუზანის შვილთან ერთად კოლის მთებში შემოვიდა. თამარის ერთგულმა მხედრობამ ზაქარია ფანასკერტელის მეთაურობით დაამარცხა ეს ლაშქარი და გუზანის ცოლ-შვილი ტყვედ ჩაიგდო. თამარის მეორე ისტორიკოსის ცნობით, გუზანი ამის შემდეგ მთებში იმალებოდა და ავაზაკობდა, მაგრამ მთიბავებმა შეიპყრეს და დავით სოსლანს მიჰგვარეს. სოსლანმა, იცოდა რა თამარის გულმოწყალების ამბავი, მასთან შეუთანხმებლად გუზანს თვალები დასწვა (დააბრმავა).

  • ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, ტ. 2, თბ., 1959