შინაარსზე გადასვლა

შირვანი საქართველოს სამეფოში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შირვანი
პროტექტორატი
1124–1239

გერბი

დედაქალაქი შემახა, ბაქო
ენები სპარსული
რელიგია ისლამი
მთავრობა მონარქია
ისტორიული ერა შუა საუკუნეები
 -  შეიქმნა 1124
 -  გაუქმდა 1239

შირვანი საქართველოს სამეფოში — პერიოდი 1124 წლიდან 1239 წლამდე, როდესაც შირვანი საქართველოს სამეფოს პოლიტიკურ გავლენას დაექვემდებარა,[1][2][3] რაც დავით IV აღმაშენებლის თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ დაწყებულმა ექსპანსიებმა განაპირობა. საქართველოში მონღოლთა ბატონობის შედეგად შირვანი საქართველოს სამეფოს ჩამოსცილდა. მიუხედავად ამისა ქართველი მონარქები „შირვანშაჰის“[4][5] ტიტულს XVI საუკუნემდე ატარებდნენ.[1]

XII საუკუნის დასაწყისში, შირვანმა საქართველოს სამეფოს ყურადღება მიიპყო, რომელიც ამ პერიოდში ტერიტორიული ექსპანსიით იყო დაკავებული და შესაბამისად ხშირად თავს ესხმოდა მომიჯნავე შირვანის ტერიტორიებს. 1106 წელს დავით აღმაშენებელმა მისი აღმოსავლეთ საზღვარი სელჩუკების მიერ დომინირებულ, თუმცა კულტურულად სპარსულ სახელმწიფო შირვანამდე გააფართოვა და ის დინასტიური ქორწილით გაამყარა. მისი უფროსი ქალიშვილი თამარი შირვანშაჰ მანუჩარ III-ზე გაათხოვა, რომელიც 1120 წელს ტახტზეც კი ავიდა, მის სახელსვე უკავშირდება ქალაქი ბაქოს აშენება. მანუჩარმა მისი მეუღლის, თამარის გავლენით პრო-ქართული ორიენტაცია დაიჭირა და სელჩუკებს ხარკის გადახდაც კი შეუწყვიტა, რაც 40 ათას დინარს უდრიდა. 1121 წელს შირვანის დამხმარე რაზმებმა მონაწილეობა მიიღეს დიდგორის ბრძოლაში.

დავითის ისტორიკოსის ცნობით თბილისის აღების მეორე წელს ე. ი. 1123 წელს თურქთა სულთანი მაჰმუდი მოვიდა შირვანს, რომელიც საქართველოს მეფის ყმადნაფიცი ქვეყანა იყო. სულთანმა აიღო ქალაქი შემახი, შირვანშაჰი კი შეიპყრო და საგანგებო ელჩის ხელით დავითს წერილი გაუგზავნა:[6]

შენ ტყეთა მეფე ხარ და ვერა ოდეს გამოხვალ ველთა; ხოლო მე ესე-რა შარვანშა შევიპყარ ჴელთა და ხარაჯასა ვითხოვ; შენ თუ გენებოს, ძღუენი ჯეროვანი გამოგზავნე და თუ გინდა სამალავად გამოვედ და მნახე

1124 წლის შემოდგომაზე დავითმა შირვანი შემოიმტკიცა და იქაური საქმეები განაგო. შირვანის ციხე-ქალაქებში გარნიზონები დატოვა და იქ საკუთარი კარის მოხელეები დანიშნა. შირვანის დასავლეთ ნაწილი, სადაც ძირითადად ქრისტიანები სახლობდნენ სვიმონ მწიგნობართუხუცეს, ბედიისა და ალავერდის ეპისკოპოს დაუქვემდებარა, ხოლო მანუჩარს აღმოსავლეთ შირვანი გადასცა.[7] იმავე წლის აპრილში დავითმა დარუბანდიც დაიკავა.

1125 წელს, დავითის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე დემეტრე I ავიდა. იმავე წელს მანუჩარმა დასავლეთ შირვანზეც აღადგინა კონტროლი. 1126 წელს, სელჩუკთა სულთნის მეშვეობით შირვანის მუსლიმანური მოსახლეობა აჯანყდა. 1129-30 წლებში შირვანი ისევ ორ ნაწილად გაიყო, ქრისტიანული ნაწილი საქართველოს უშუალოდ შეუერთდა და საზღვარი თეთრიწყალზე გავიდა, ხოლო მანუჩარი აღმოსავლეთ შირვანში ამირად დაინიშნა და სანაცვლოდ საქართველოს ყმადნაფიცობა აღიარა.

1160 წელს მანუჩარი გარდაიცვალა, რასაც ტახტის პრეტენდენტებს შორის ბროლა მოჰყვა. ქვრივი თამარი კონფლიქტში აქტიურად ჩაება და ძმებს შორის უმცროს მიემხრო, ეს უკანასკნელი დედის ინიციატივით შირვანის საქართველოს სამეფოს ფარგლებში შემოერთებისთვის იბრძოდა. მანუჩარის უფროსმა ვაჟმა, ახსითან I-მა აზერბაიჯანის ათაბაგებისგან დახმარება ითხოვა და მათ მეშვეობით ტახტზე ავიდა, ხოლო მისი უმცროსი ძმა, დედასთან ერთად საქართველოში გააძევა. ახსითანმა დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება დაიწყო, ახლო ურთიერთობები დაამყარა საქართველოს სამეფო კართან და აზერბაიჯანის ათაბეგებთან.1173 წელს ახსითანმა უფლისწული დემნას ამბოხის ჩასახშობად გიორგის მიემხრო. მეფე გიორგიც აქტიურად ეხმარებოდა მის ძმისშვილს საგარეო საფრთხეების წინააღმდეგ.[4] 1174 წელს, შირვანი ყივჩაღ-რუსებმა მოარბიეს, ახსითანმა დახმარებისთვის თავის ნათესავს, მოკავშირესა და სუზერენ გიორგის მიმართა. გიორგიმ დაამარცხა რუსთა ფლოტი ბაქოსთან და გაათავისუფლა შირვანი და დარუბანდი, რომელიც მან ახსითანს უბოძა. მეორეს მხრივ შაქი, კაბალა და მოვაკანი საქართველოს ფარგლებში შემოვიდა.

შირვანის მკვიდრი სპარსელი პოეტი, ხაკანი შირვანი, გიორგის შემდეგნაირად მიმართავს:

„ხალი ავგუსტუსი, ჰერაკლეზე მეტი, სწორუპოვარი მსოფლიოში, უმაღლესი მცველი ჯვრისა, მახვილი მესიისა, ქრისტეს გარდასახვა“

1185-87 წლებში, თამარი გიორგი რუსთან ერთად ახსითანის კარს ეწვია. 1186 წელს, ახსითანმა გადაწყვიტა აზერბაიჯანის ათაბაგების ტახტისტვის კონფლიქტში ჩარეულიყო და ყიზილ არსლანს დაუპირისპირდა, რომელიც სელჩუკთა იმპერიის ფაქტობრივი მმართველი იყო. ამის საპასუხოდ 1191 წელს, ყიზილ არსლანმა შირვანი დაიკავა, თუმცა ის იმავე წელსვე მოკლეს. მისი სამფლობელო მისმა სამმა ვაჟმა. აბუ ბაქრმა, ყუთლუ ინანჯმა და ამირ მიჰრანმა დაინაწილა. აბუ ბაქრი აზერბაიჯანსა და არანს განაგებდა, მისი ძმები კი ხორასანის და სხვადასხვა მომიჯნავე პროვინციების გამგებლები იყვნენ. მალე სამივე მემკვიდრე ტახტისთვის ბრძოლაში ჩაება. გაიმარჯვა აბუ ბაქრმა, რომელმაც მისი ძმა ყუთლუ ინანჯი მოკლა და მის უმცროს ძმას, ამირ მიჰრანს აიძულა შირვანშაჰის კარზე წასულიყო. შირვანშაჰმა ამირ მიჰრანთან ერთად თამარის კარს ეახლა. მათ სასურველი დახმარება აღუჩინა თამარმა და შირვანისაკენ დაიძრა, ლაშქარს თამარის მეუღლე დავით სოსლანი მეთაურობდა. აბუ ბაქრი შეეცადა ქართველების თავდასხმა მოეგიერებინა, თუმცა შამქორის ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა,[8] ის იძულებული გახდა ქალაქი განძა ქართველებისთვის დაეთმო. თამარმა განძა ამირ მიჰრანს დაუთმო, ხოლო შირვანში ყმადნაფიცობის სანაცვლოდ ახსითანი აღადგინა. მომვედნო წლებში აბუ ბაქრმა შეძლო ძალაუფლების აღდგენა, თუმცა შემდგომ ქართულ თავდასხმებს ის უკვე ვეღარ უწევდა წიანაღმდეგობებს.[9][10]

თამარის გარდაცვალების შემდეგ ტახტზე, მისი ძე გიორგი IV ავიდა, რომელიც სამეზობლოში აქტიური პოლიტიკის გამტარებელი იყო. მისი მმართველობის პერიოდს უკავშირდება მონღოლთა პირველი გამოჩენა, რა დროსაც გიორგი სასტიკად დამარცხდა და ბრძოლაშიც დაიჭრა. გიორგიმ 1223 წელს საკუთარი და რუსუდანი შირვანის მმართველზე დანიშნა, რის სანაცვლოდაც გიორგიმ მოვაკანი მიიღო.[5] მონღოლებთან მიღებული ჭრილობებით გიორგი ბაგავანთან (სავარაუდოდ ბაქო) გარდაიცვალა.

1223 წლის, 18 იანვარს რუსუდანი საქართველოში დაბრუნდა. მონღოლებისგან აოხრებულ საქართველოს ახლა ხვარაზმშაჰი ჯალალ-ად-დინი ემუქრებოდა. ქართველთა ლაშქარი გარნისის ბრძოლაში სასტიკად დამარცხდა, რის შედეგადაც ქვეყნის დიდი ნაწილი დროებით ხვარაზმშაჰმა ჩაიგდო ხელში, შირვანი ხვარაზმშაჰმა დაიმორჩლა და ხარკის სახით 70,000 დინარი მოსთხოვა, ეს იყო ხარკის ის ოდენობა, რომელსაც სელჩუკი მმართველები შირვანშაჰისგან ტრადიციულად ითხოვდნენ.[11] შირვანში ძალაუფლება ფარიბურზ III-მა, მამისგან გუშტასპ I-ისაგან ჩაიგდო ხელში, ეს უკანასკნელი საქართველოს კარს ეწვია და რუსუდანისგან დახმარება ითხოვა, თუმცა ის საქართველოდან გააძევეს.

1235-36 წლებში, მონღოლებმა საბოლოოდ დაიკავეს საქართველოს სამეფოს ვრცელი ნაწილი. 1239 წელს რუსუდანი იძულებული იყო მორჩილება ეთხოვა და მონღოლთა ხანის კარზე გაემგზავრა, სადაც ხელშეკრულება დადო, რომლის თანახმადაც საქართველო კონტროლს კარგავდა შირვანზე, თუმცა ინარჩუნებდა სომხეთს.

XII-XIII საუკუნეებში შირვანი, რომელიც კავკასიის ალბანლების, არაბების, თურქების და ადგილობრივი სპარსელების ნაზავს წარმაოდგენდა თანდათან სპარსული კულტურის უმნიშვნელოვანეს ცენტრად გადაიქცა. როდესაც შირვანი დავით აღმაშენებელმა დაიპყრო, ის იყო სახლი პოეტი ხაკანის, რომელიც თავს ქართულად მოსაუბრესაც უწოდებდა.[12] მან ასევე შეადგინა ოდა სადაც ის დემეტრე I-ს განადიდებდა.[13] ამ პერიოდიდან შირვანის მუსლიმანი მმართველები ქართველ მონარქებს უდიდესი მოწიწებით და პატივისცემით ეპყრობიან. ქართულ სამეფო კარზე შირვანშაჰებს „დიდებულებსაც“ უწოდებდნენ. ქართლის ცხოვრების თანახმად თავით IV-ის მმართველობის დროს ცხუმის ერისთავობა ებოძა ოთაღო შერვაშიძეს, რომელიც შირვანშაჰების საგვარეულოს მიეკუთვნებოდა, მის სახელსვე ასევე უკავშირდება შერვაშიძეების საგვარეულოს წარმოშობა. გავლენა არ იყო მხოლოდ ცალმხრივი, გარდა იმისა, რომ შირვანი ქართული პოლიტიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, თავად შირვანიც ახდენდა გავლენას ქართულ კულტურაზე და ეკონომიკაზე. XI საუკუნემდე ქართული კულტურა ძირითადად ბიზანტიური და ეკლესიური ხასიათის იყო, თუმცა შირვანთან კულტურულმა კავშირებმა ქართული კულტურა სეკულარიზმს აზიარა; მომრავლდა ფილოსოფიური, მისტიკური, საგმირო და რომანტიკული ხასიათის ლექსები და ეპოსები. რა თქმა უნდა ქართული რელიგიური ლიტერატურა ბიზანტიური დარჩა, მაგრამ აღმოსავლურ კულტურასთან ურთიერთობამ ასევე დიდი გავლენა იქონია ქართულ მართმადიდებლობაზე. საქართველოს ოქროს ხანა, რომელიც ასევე შირვანსაც შეეხო, მონღოლთა ლაშქრობების შედეგად დასასრულს მიუახლოვდა.

  1. 1.0 1.1 Minorsky, Vladimir (1958). A history of Sharvān and Darband in the 10th-11th centuries. Heffer. OCLC 908894186. 
  2. Encyclopædia Iranica ŠERVĀNŠAHS
  3. Pankratova, A. M.. A history of the U.S.S.R. 1947-1950. Foreign Languages Pub. House. OCLC 408837. 
  4. 4.0 4.1 Alexander Mikaberidze, (Jan 1, 2007), Historical Dictionary of Georgia - Scarecrow Press, ISBN 978-0810855809
  5. 5.0 5.1 (1960-2009) The encyclopaedia of Islam, New edition, Leiden: Brill. ISBN 90-04-16121-X. 
  6. Georgian National Academy of Sciences, Kartlis Tskhovreba (History of Georgia), Artanuji pub. Tbilisi 2014
  7. MEDIEVAL GEORGIA: 1089 - 1221 (“THE GOLDEN AGE”) Andrew Andersen
  8. Suny 1994, p. 39.
  9. Luther, Kenneth Allin. "Atābākan-e Adārbāyĵān", in: Encyclopædia Iranica (Online edition). Retrieved on 2006-06-26.
  10. Lordkipanidze და Hewitt 1987, p. 148.
  11. Cowe, S. Peter; Kapoïan-Kouymjian, Angèle; Kapoian-Kouymjian, Angele (1996). „L'Égypte vue par des arméniens (xie-xviie)“. Journal of the American Oriental Society. 116 (3): 604. doi:10.2307/605229. ISSN 0003-0279. JSTOR 605229.
  12. Rayfield, Donald (2012). Edge of Empires: A History of Georgia. London: Reaktion Books, გვ. 94. ISBN 978-1780230306. 
  13. Kazhdan, Alexander (1991). „Khāqānī“. In Kazhdan, Alexander (ed.). Oxford Dictionary of Byzantium. Oxford and New York: Oxford University Press. p. 1126. ISBN 0-19-504652-8.CS1-ის მხარდაჭერა: ref=harv (link)