სოფლის ტერიტორიაზე მიკვლეული არქეოლოგიური ძეგლებით დასტურდება, რომ აქ ადამიანი უძველეს დროში დასახლებულა (ნამოსახლარი ნადიკარზე ძვ. წ. lV ათასწლეულის l ნახევრით თარიღდება) და შემდეგ ეპოქებშიც უცხოვრია. გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ნამოსახლარია აღმოჩენილი ადგილ ნიჩურაანთ გორაზე, ამავე ხანისაა სამაროვანი ადგილ გოგოჩაურზე; აღმოჩენილია გვიანდელი ანტიკური და ადრინდელი შუა საუკუნეების ხანის ქვა-ყუთები. ჯიმითის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოფელზე გამავალმა გარე და შიდა კახეთის დამაკავშირებელმა გზამ. სოფელი დავითგარეჯის მონასტრის კუთვნილება იყო. სავარაუდოდ, იგი მონასტრისათვის lX საუკუნეში, ჰერეთის სამეფოს ზეობის ხანაში უნდა იყოს შეწირული. სოფლის სახელწოდებასთან დაკავშირებით არსებობს მოსაზრება (ზ. რატიანი), რომ რაკი მეგრულად და სვანურად „ჯიმ“ მარილს ნიშნავს, ჯიმითი მარილეთს უნდა ნიშნავდეს. აღნიშნული ვარაუდი სოფლის სახელს ვერ ხსნის, რადგან ამ ადგილებში მარილი არ მოიპოვება, ხოლო სხვა ადგილიდან ხალხის მიგრაცია და ტოპონიმის აქ მოტანა ძალზე საეჭვოა. წერილობით წყაროებში ჯიმითი პირველად 1392 წლის 1 დეკემბრით დათარიღებულ ქართლ-კახეთ-მესხეთის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარშია მოხსენიებული. სამხედრო-ადმინისტრაციული თვალსაზრისით, ჯიმითი რუსთველი ეპისკოპოსის სადროშოზე იყო მიწერილი და სოფლის ლაშქრის გამოყვანის საკითხს სპეციალურად ამ საქმისათვის რუსთველის მიერ დანიშნული მოურავი აგვარებდა. ჯალალედინის, ბერქა ყაენის, თემურ ლენგის შემოსევების შემდეგ, განადგურებული დავითგარეჯი თავისი მამულებით, მათ შორის სოფელი ჯიმითიც, მეფე ალექსანდრე l დიდის 1424 წლის ბრძანებით, მცხეთისსვეტიცხოვლის საკათალიკოსოს გადაეცა. 1428 წლის ერთ-ერთი საბუთის მიხედვით, სოფელი კვლავ გარეჯის კუთვნილებაა. XV-XVl საუკუნეებში ჯიმითის ყმა-მამულის მნიშვნელოვანი ნაწილი ცალკეულ ფეოდალებსა და სხვა ეკლესია-მონასტრებზე გაცემულა. 1569 წელს, კახთა მეფე ლევანის წყალობის სიგელში აღნიშნულია, რომ „სოფელი ჯიმითი ძველთაგან სუეტიცხოვლისა ყოფილიყო და ჟამთა ვითარებისაგან ჯიმითი გაცემულიყოო“. XVll-XVlll საუკუნეებში ჯიმითი კვლავ სახასო სოფელია და კათოლიკოს-პატრიარქები იბრძვიან სოფლის უკან დასაბრუნებლად. მაგალითად, კათალიკოსი დომენტი 1739-1741 წლებით დათარიღებულ დოკუმენტში მიმართავს ნიკოლოზ ალავერდელს და უკმაყოფილებას გამოთქვამს მეფე თეიმურაზ ll-ის მიერ ვინმე მოწობლიძისათვის სოფელ ჯიმითში ერთი საგლეხო ახალშენის გადაცემის გამო. XVll საუკუნეში შაჰ-აბასის შემოსევებისა და ლეკიანობის შედეგად, მრავალი სოფელი განადგურდა. სოფელი ნაპირიც, რომელიც სიგელ-გუჯრებში ჯიმითთან ერთად მოიხსენიება. ჯიმითსაც მრავალჯერ შეესია მტერი, მაგრამ ხალხმრავალმა სოფელმა შეძლო მტრის მოგერიება და სოფელ ნაპირის მოსახლეობის შეფარებაც. XVlll საუკუნის ბოლომდე დავითგარეჯი თავდაპირველად მეფის, შემდეგ კი ნინოწმინდის დაქვემდებარებაშია. გარეჯის მამულს (საგარეჯოს) მართავდა მოურავი, რომელსაც ნიშნავდა და უფლება-მოვალეობას უსაზღვრავდა გარეჯის წინამძღვარი, მეფე ან კათალიკოსი. სხვადასხვა დროს საგარეჯოს მოურავები იყვნენ მაღალაშვილები, ჩოლოყაშვილები, ჯანდიერიშვილები. 1700 წლით დათარიღებული საბუთით, სოფელ ჯიმითში სვეტიცხოვლის კუთვნილი მამულების სახლთუხუცესობა და ჯანიშინობა ნაზარალი ხანს ამილბარ მაღალაძისათვის უბოძებია. ანტონ ll-ის მიერ გაცემული გუჯარის მიხედვით, ჯიმითის მოურავი ვინმე ზაალია, იასაული კი — იასე. საგარეჯოს სახლთუხუცესს მსახურები ახლდა, ერთი — საგარეჯოდან, ერთი — ჯიმითიდან და ერთი — შაშიან-კალაურიდან. სოფელში მეურნეობის ძირითადი დარგები იყო მეღვინეობა და მეცხვარეობა. ხალხმრავალი სოფლიდან მოსახლეობის ნაწილს, სამხრეთით დაუწყია ჩამოსახლება, ნაწილი კი დასავლეთით ხევს გაღმა გასულა და იქ ორი დასახლება შეუქმნია — დარბა და გადრეკილი (დღევანდელი სოფელი — ზემო კაჭრეთი). XX საუკუნის 60-70-იან წლებში დარბის მოსახლეობა აიყარა და სოფელ კაჭრეთში ჩასახლდა.