დიმიტრი (აბაშიძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დიმიტრი (აბაშიძე) (დ. 1832, სიღნაღის რაიონი,ვეძისი — გ. 19 ოქტომბერი, 1942, უკრაინა) — ქართველი საეკლესიო პირი, მღვდელმთავარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერისკაცობაში დავით ილიას ძე აბაშიძე დაიბადა 1867 წლი 2 ოქტომბერს სიღნაღის რაიონის სოფელ ვეძისში, კახელი თავადის ოჯახში; 1891 წელს ოდესაში დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. მაგრამ იურისტობაზე უარი თქვა და კიევის სასულიერო აკადემიაში განაგრძო სწავლა. 1892 წელს ბერად აღიკვეცა. 1896 წელს აკადემია დაასრულა ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით და იმავე წელს დაინიშნა ტფილისის სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად. აქ მან გაიცნო სემინარიელი იოსებ ჯუღაშვილი.

1897 წელს აბაშიძე ქუთაისის სასულიერო სემინარიის ინსპექტორად გადაიყვანეს; ერთი წლის შემდეგ ისევ ტფილისის სემინარიაში დაბრუნდა – ამჯერად ინსპექტორად; 1900 წელს არქიმანდრიტი გახდა და ალექსანდროვის მისიონერთა სასულიერო სემინარიის რექტორად დაინიშნა ვლადიკავკასთან ახლოს. 1902 წლის 23 აპრილიდან ალავერდის ეპისკოპოსი იყო, 1903-დან – გურია-სამეგრელოსი, 1905-დან – ბალტის, 1906-დან – თურქმენეთისა და ტაშკენტის, 1912-დან – თავრიზისა და სიმფეროპოლის.

1915 წელს მას თავრიზისა და სიმფეროპოლის არქიეპისკოპოსის წოდება მიენიჭა. 1917 წელს იგი, როგორც საეპარქიო კრების დელეგატი, მოსკოვში გაემგზავრა. აირჩიეს ქართული ეკლესიის ავტოკეფალიასთან დაკავშირებით მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარედ, სადაც იგი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა საქართველოს ეკლესიის ტერიტორიული ავტოკეფალიის არდგენას.

1919 წლიდან იგი რამდენიმეჯერ იმყოფებოდა პატიმრობაში. 1928 წელს შეიმოსა დიდი სქემა და ეწოდა ანტონი. იგი 1942 წლის 19 ოქტომბერს კიევ-პეჩორის ლავრაში აღესრულა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სერგო ვარდოსანიძე. ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები). გამომცემლობა ,,ნათლისმცემელი", თბილისი, 2010, გვ. 71-74.