ქრისტეს სამსჭვლები
ქრისტეს სამსჭვლები, ქრისტეს სამშჭუალნი — ლურსმნები რომლითაც იესო ქრისტე იყო გაკრული ჯვარზე. ქრისტიანულ სამყაროში არსებობს განსხვავება იმისდა მიხედვით თუ რამდენი სამსჭვალი იყო გამოყენებული ქრისტეს წამებისას. შესაბამისად სხვადასხვა მიმდინარეობებში გამოიყენება 4, 3 და 2-ც კი. საყურადღებოა ასევე ის ფაქტიც, რომ უშუალოდ ჯვარზე, ქრისტეს სამსჭვალების გარდა გამოიყენებოდა სხვა სამსჭვლებიც (იგივე ჯვარზე წარწერიანი დაფის დასამაგრებლად და სხვ.).
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯის შემდეგ, დაახლოებით 335 წელს ბიზანტიის იმპერატომა კონსტანტინემ მოისურვა ცხოველმყოფელი ჯვრის მოძიება. გადმოცემის თანახმად, როდესაც მიადგნენ ადგილს სადაც სავარაუდოდ იყო ნაწამები ქრისტე, იქ აღმოჩნდა რამდენიმე ჯვარი, ხოლო ძირითადი ჯვრის ადგილას მოძიებული ლურსმნებით კონსტანტინე მეფემ ერთ-ერთისაგან ცხენის ლაგამი დაამზადებინა, მეორე გამოყენებულ იქნა სამეფო გვირგვინის დამზადებისას. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, ჯვართან აღმოჩენილი 4 სამსჭვალიდან ერთი IV საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ ახლად გაქრისტიანებულ მეფე მირიანს გაუგზავნა.
4 სამსჭვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მართლმადიდებლობაში, სტაროვერებში და სხვა ზოგიერთ მიმდინარეობაში იესო ქრისტეს ჯვარცმის გამოსახვა ხდება ოთხი სამსჭვალით.
-
ჯვარცმის გამოსახვა 4 სამსჭვალით.
3 სამსჭვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კათოლიკური, სომხური სამოციქულო, კოპტური, ლუთერანული, ანგლიკანური და სხვა ეკლესიები ჯვარცმას გამოსახავენ სამი სამსჭვალით.
-
ჯვარცმის გამოსახვა 3 სამსჭვალით.
2 სამსჭვალი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]იეჰოვას მოწმეების აზრით, იესო ქრისტე ძელზე გაკრული იყო ორი სამსჭვალით.
-
ძელზე 2 სამსჭვალით გაკვრის ნიმუში ადრეული გამოცემებიდან.
ადგილმდებარეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სხვადასხვა დროს ქრისტეს სამსჭვლების რაოდენობა იცვლებოდა. ზოგის აზრით ის განპირობებული იყო იმით რომ ჯვარზე ლურსმნები არა მარტო ქრისტეს საწამებლად, არამედ უშუალოდ ჯვრის კონსტრუქციული ნაწილისთვისაც გამოიყენებოდა (ორი ძელის ერთმანეთთან დასაკავშირებლად; ფეხის დასადები დაფის და წარწერიანი დაფის დასამაგრებლად). დღესდღეობით ლურსმნები, რომლებიც თავისი ისტორიით უკავშირდებიან ქრისტეს ჯვარცმას — რამდენიმე ათეულია. ქვემოთ მოცემულია ლურსმნების მდებარეობის არასრული სია:
საქართველოს საპატრიარქო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]„ქართლის ცხოვრების“ ერთ-ერთი ავტორი — ლეონტი მროველი გადმოგვცემს, რომ წმინდა ნინოს ქადაგების შემდეგ, ქართლის მეფე მირიანმა ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინესთან დესპანები მიავლინა და ნათლისღების აღსასრულებლად სასულიერო პირების გამოგზავნა სთხოვა. ქართლის მეფის სურვილით გახარებულმა კონსტანტინემ ქართლის სამეფო კარის წარგზავნილებს სიწმინდეებთან ერთად გამოაყოლა სასულიერო პირები და კირით-ხურონი ეკლესიების ასაშენებლად. „წარმოგზავნა მღვდელი ჭეშმარიტი იოანე“, რომლის ხელით გამოუგზავნია ძელი ცხოველის ნაწილები: ორი სამსჭვალი, რომლითაც ქრისტეს ხელები დაუჭედეს და ფიცარი, რომელზეც უფლის ფეხები დალურსმეს.
მაცხოვრის „სამშჭუალნი ხელთანი“ საქართველოში ინახებოდა VII საუკუნის 30-იან წლებამდე. 627-628 წლებში სიწმინდეები საქართველოში ლაშქრობისას გაუტანია ბიზანტიის იმპერატორ ჰერაკლეს. როცა მეფე ბაგრატ IV დაქორწინდა ბიზანტიის იმპერატორის, რომანოზ III-ის არგიროსის ძმის, ბასილის ქალიშვილ ელენეზე, მას მზითევში, სხვა სიწმინდეებთან ერთად, თან წამოუღია ჰერაკლე კეისრის მიერ VII საუკუნეში საქართველოდან გატანილი ქრისტეს სამსჭვალი.
ეპიგრაფიკული მასალის მიხედვით მიჩნეულია, რომ ქრისტეს სამსჭვალი XIII საუკუნეში დაცული ყოფილა მანგლისის საკათედრო ტაძარში. დავით VI ნარინის მიერ მანგლისის ტაძრისათვის შეწირული ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს მიტრა, ხელოვნებათმცოდნეთა აზრით, მღვდელმთავართა თავსაბურავი კი არ იყო, არამედ მასში ქრისტეს წმინდა სამსჭვალი უნდა ყოფილიყო გახვეული, ე. ი. იგი იყო სამსჭვალის ბუდე.
XVII საუკუნის 80-იან წლებამდე ქრისტეს ორი სამსჭვალი საქართველოს ეკლესიას ეკუთვნოდა შემდგომ ერთი სამშჭუალი გაიტანა რუსეთში მეფე არჩილმა. როგორც ირკვევა, არჩილმა რუსეთში მანგლისიდან სიონის საკათედრო ტაძარში გადაბრძანებული ქრისტეს სამშჭუალი და მისი მიტრასაბუდარი წაიღო და არა ის სამშჭუალი, რომლის წაღებასაც აპირებდა და რომელიც ამჟამად საქართველოშია დაცული. მისი ზომა 10-11 სანტიმეტრია და რამდენიმე სანტიმეტრით მოკლეა მოსკოვის კრემლის მუზეუმში დაცულ სამშჭუალზე, რადგან რუსეთში გატანილი სამშჭუალის სიგრძე 14.5 სანტიმეტრია.
XIII საუკუნით დათარიღებული მიტრა-ბუდე კი დღესდღეობით დაკარგულად ითვლება.
რუსეთის საპატრიარქო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]XVIII საუკუნემდე აღნიშნული სამსჭვალი ინახებოდა საქართველოში. შემდეგ არჩილ II-ის მიერ რუსეთში გადასვლისას მოხდა აღნიშნული სამსჭვალის გატანა. 2008 წლის 29 ივლისს, იგი მოსკოვის კრემლის მუზეუმის ფონდებიდან გადაეცა რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას. რუსეთის გაქრისტიანების 1020 წლის იუბილესთან დაკავშირებით პრეზიდენტმა დ. მედვედევმა გადასცა პატრიარქ ალექსი II-ს, სხვა ქრისტიანული რელიკვიებთან ერთად.[1]
მონცას საკათედრო ტაძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მონცის ტაძარში დაცულია სამეფო გვირგვინი, რომელიც მიჩნეულია ელენე დედოფლის კუთვნილებად. რკინის გვირგვინის სახელწოდება წარმოდგება მასში ჩასმული დაახ. 1 სმ-ის სიგანის რკინის სარტყლისგან, რომელიც გადმოცემით იესო ქრისტეს ჯვარცმისას გამოყენებული ერთ-ერთი ლურსმნისგან არის გამოჭედილი. ტრადიციის მიხედვით, ეს ლურსმანი პირველად იმპერატორ კონსტანტინე I-ს დედამისმა მისცა, რომელმაც თავის მხრივ ეს ჯვარი აღმოაჩინა.
თუ როგორ ჩაუვარდა ეს ლურსმანი ლომბარდის მეფეებს, ჩრდილოეთ იტალიის გერმანელ დამპყრობლებს, გაურკვეველია. ერთ-ერთი ლეგენდის თანახმად მის აღმოჩენასთან დაკავშირებულია თეოდელინდა, ლანგობარდთა დედოფალი. შემდგომში ეს გვირგვინი ლომბარდიის მეფეთა, მოგვიანებით კი შუასაუკუნეების იტალიის სამეფოს სიმბოლო გახდა.
გვირგვინის გარე სარტყელი ექვსი ჭედური ოქროსა და მინანქრის სეგმენტისგან შედგება, რომელიც გარშემო ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი ჯვრებისა და ყვავილების რელიეფური ფორმებით. სარტყლები ერთმანეთზე მცირე ზომის ანჯამებითაა დამაგრებული.
გვირგვინის მცირე ზომა და ანჯამური კონსტრუქცია მიანიშნებს იმაზე, რომ თავდაპირველად იგი გაცილებით დიდი უნდა ყოფილიყო. მკვლევარების ვარაუდით გვირგვინის ორი სეგმენტი დაკარგული უნდა იყოს.
კარპანტრის წმინდა სიფფრედიას ტაძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რამდენიმე ლურსმნის ნახვა შესაძლებელია ასევე კარპანტრის წმინდა სიფფრედიას ტაძრის რელიქვიარში.
ბამბერგის ტაძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბამბერგის ტაძარში დაცულია ერთი ლურსმანი, რომელსაც მიიჩნევენ ქრისტეს სამსჭვალად. უცნობია თუ საიდან მოხვდა ის ტაძარში, თუმცა ის პირველად 1260 წელს იხსენიება. ლურმანი დაახლოებით 11 სმ სიგრძისაა. ლურსმანს თავი და ბოლო მოტეხილი აქვს. 1652 წელს გადმოცემით უსინათლო გლეხს მასზე შეხებით მხედველობა აღუდგა.
კოლლე-დი-ვალ-დ'ელსა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კიდევ ერთი ლურსმანი, რომელიც 972 წლიდან იხსენიება დაცულია იტალიის კოლლე-დი-ვალ-დ'ელსას ტაძარში.
მილანის საკათედრო ტაძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ერთი ლურსმანი, რომელსაც პრეტენზია ქრისტეს სამსჭვალზე გააჩნია დაცულია მილანის საკათედრო ტაძარში.
სანტა-კროჩე-ინ-ჯერუსალემე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სანტა-კროჩე-ინ-ჯერუსალემეში ასევე დაცულია ქრისტეს სამსჭვალი, რომელიც სიგრძეში დაახლოებით 12 სმ-ია. ის თავთან მოღუნულია და წატეხილი აქვს პირი (პირთან ერთად 16 სმ უნდა ყოფილიყო). ლურსმნის აღნიშნული ნიმუში ძალიან წააგავს ტრირის წმინდა პეტრეს ტაძარში დაცულ ლურსმანს.
ტრირის წმინდა პეტრეს ტაძარი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტრირის წმინდა პეტრეს ტაძარში დაცული ლურსმანი ძველი დროიდანაა ცნობილი. ჯერ კიდევ X საუკუნეში მთავარეპისკოპოსი ეგბერტ ფონ ტიერის (977-993) კურთხევით სპეციალურად ლურსმნისათვის მოიჭედა ლუსკუმა. მას შემდეგ ლურსმანი დაცულია აღნიშნულ ჭურჭელში რომლის კედლები გამჭვირვალეა და მნახველს შეუძლია მისი დათვალიერება გარედან. ლურსმანი სიგრძით 17 სმ-ია, წატეხილი აქვს პირი.
ვენის საგანძური
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლურსმანი რომის პაპა ინოკენტი II-თან, მეფე კონრად III-გან მოხვდა. წყაროებში ის პირველად 1260 წლიდან იხსენიება. რელიქვიას შუბისპირის ფორმა აქვს და ერთი-ერთი მოსაზრებით, ლურსმნის ფრაგმენტი უშუალოდ მასშია დაცული. აღნიშნული ნივთი დაცულია ვენის საგანძურში.