ევტიქი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ევტიქი (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

წმინდა ევტიხიკონსტანტინოპოლელი პატრიარქი (552-565; 577-582); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 6 აპრილი, ახალი სტილით - 19 აპრილი.

ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა ფრიგიაში. მისი მამა, ალექსანდრე, მეომარი იყო, დედა კი, სინესია, ავგუსტოპოლის ეკლესიის მღვდლის, ისიხის ასული. წმინდა ევტიქიმ პირველდაწყებითი განათლება და ქრისტიანული აღზრდა პაპასთან მიიღო. ერთხელ, თამაშის დროს, პატარა ევტიქიმ საკუთარი სახელი დაწერა პატრიარქის ტიტულით და თითქოს იწინასწარმეტყველა თავისი მომავალი. თორმეტი წლის ევტიქი კონსტანტინეპოლში გააგზავნეს სწავლის გასაგრძელებლად. ყმაწვილმა ბრწყინვალედ აითვისა სხვადასხვა მეცნიერება და მიხვდა, რომ ყოველგვარი ადამიანური სიბრძნე არარაობაა ღვთაებრივი გამოცხადების წინაშე. მან გადაწყვიტა, ბერად აღკვეცილიყო. წმიდა ევტიქი ამასიის ერთ-ერთ მონასტერში წავიდა. ღვთივსათნო ცხოვრების გამო მალე ის მთელი ამასიის მონასტრების არქიმანდრიტად აირჩიეს.

როცა კეთილმსახური იმპერატორის, იუსტინიანეს (527-565) დროს V მსოფლიო კრება მზადდებოდა, ამასიის მიტროპოლიტი დასნეულდა და თავის ნაცვლად წმინდა ევტიქი გაგზავნა კონსტანტინეპოლში. აქ წმინდანი მოხუცმა პატრიარქმა წმინდა მინამ (536-552, ხს. 7 სექტემბერს) ნახა და პატრიარქობა უწინასწარმეტყველა. წმინდა მინას სიკვდილის შემდეგ იმპერატორ იუსტინიანეს პეტრე მოციქული გამოეცხადა და უფლის ნება აუწყა: დაქვრივებულ ტახტზე ევტიქი უნდა აღსაყდრებულიყო.

წმინდა ევტიქის საპატრიარქო მოღვაწეობის დასაწყისში მოწვეულ იქნა V მსოფლიო კრება (553), რომელზეც მამებმა წარმოქმნილი ერესები განსაჯეს და ანათემას გადასცეს. რამდენიმე წლის შემდეგ ეკლესიაში გაჩნდა ახალი ერესი, რომელიც ასწავლიდა, რომ ქრისტეს არ განუცდია ვნებანი.

წმინდა ევტიქიმ უშიშრად ამხილა ეს ერესი, რის გამოც იგი გადაასახლეს.

პატრიარქი მორჩილად იტანდა გადასახლებას, ლოცვასა და მარხვაში ატარებდა დღეებს და მრავალ სასწაულს და კურნებას იქმოდა: მისი ლოცვით კეთილმსახური ანდროგინის მეუღლეს, რომელიც მანამდე ყოველთვის მკვდარ შვილებს შობდა, ორი ჯანმრთელი ვაჟი ეყოლა, ორმა ყრუ-მუნჯმა ენა აიდგა, ზეთის ცხებით და ჯვრის გადასახვით მხატვარი განიკურნა, განიკურნა ორი მძიმედ სნეული ბავშვიც. წმიდა პატრიარქი კურნავდა არა მარტო ხორციელ, არამედ სულიერ სნეულებებსაც: ჩვილისაგან განდევნა ბოროტი სული, რომელიც წმიდა ზიარებაზე არ უშვებდა ბავშვს, ბოროტი სული განდევნა მონასტრიდან გაქცეული ყმაწვილისაგანაც; კურნავდა კეთროვანებს, ლოთებს.

როცა ამასიას სპარსელები შემოესივნენ და ქალაქში შიმშილობამ დაისადგურა, პატრიარქის მითითებით დაიწყეს მონასტრის საცავებიდან ხორბლის გატანა და მოსახლეობისთვის დარიგება, მაგრამ მონასტერში წმიდა ევტიქის ლოცვით ხორბალი არ ილეოდა.

წმინდა ევტიქიმ ღვთისგან წინასწარხედვის ნიჭი მიიღო. მან იწინასწარმეტყველა იუსტინიანეს ორი მემკვიდრის სახელი - იუსტინე (565-578) და ტიბერიუსი (578-582).

წმინდა პატრიარქის, იოანე სქოლასტიკოსის გარდაცვალების შემდეგ, 577 წელს, წმინდა ევტიქი დაბრუნდა თორმეტწლიანი გადასახლებიდან და კვლავ ჩაიბარა სამწყსო.

პატრიარქის ტახტზე დაბრუნებიდან ოთხნახევარი წლის შემდეგ, 582 წლის თომას კვირიაკეს წმინდა ევტიქიმ მრევლი შეკრიბა, აკურთხა, ყველას გამოემშვიდობა და მშვიდად ჩააბარა სული უფალს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი:
მინა
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

552565
შემდეგი:
იოანე III სქოლასტიკოსი
წინამორბედი:
იოანე III სქოლასტიკოსი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

577582
შემდეგი:
იოანე IV