ბუხარა
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 602 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბუხარა (უზბეკ.: Buxoro, Бухоро; ტაჯიკ.: Бухоро; სპარს.: بُخارا, Buxârâ; ყაზახ.: Бұхара; რუს.: Бухара; სანსკრიტზე Vihara) — სიდიდით მეხუთე ქალაქი უზბეკეთში და ბუხარის ვილაიეთის დედაქალაქი. მოსახლეობა 1999 წლის ცენზით შეადგენდა 237.900 ადამიანს. ბუხარა, სამარყანდთან ერთად უზბეკეთის ტაჯიკური უმცირესობის ერთ-ერთ ცენტრთაგანია. ამ ქალაქში ისტორიულად ასევე დიდი რაოდენობით ებრაელებიც ცხოვრობდნენ, რომელთა წინაპრები ქალაქში რომის იმპერიის პერიოდში დასახლდნენ.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]არქეოლოგიური მონაცემებით ბუხარა I საუკუნეში უნდა იყოს დაარსებული. როცა ქალაქი არაბებმა დაიპყრეს (709 წ.), იგი უკვე შუა აზიის მნიშვნელოვანი კულტურული და სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო (ვაჭრობდა ირანთან, ინდოეთთან, ჩინეთსა და სხვა ქვეყნებთან). IX-X საუკუნეებში ბუხარა სამანიდების სახელმწიფოს სატახტო ქალაქი იყო. X საუკუნის ბოლოს მომთაბარეყარახანიდებმა ჩაიგდეს ხელში, XII საუკუნის შუა ხანებში - მომთაბარე ყარაჩინელებმა, 1220 წელს ჩინგიზ-ყაენმა აიღო, 1370 წელს - თემურლენგმა. XVI საუკუნის დასაწყისში შაიბანიდების სახელმწიფოს სატახტო ქალაქი გახდა. XVI საუკუნის შუა ხანებიდან XX საუკუნემდე ბუხარის სახანოს დედაქალაქი იყო.
საუკუნეთა განმავლობაში ქალაქი ევროპასა და აზიას შორის საქარავნო ვაჭრობის ცენტრად ითვლებოდა. ბუხარა ბევრჯერ ყოფილა ანტიფეოდალური აჯანყებების კერა (მუკანას (VIII ს-ის 70-იანი წლები), მალიქ სანჯარის (1206-1207 წწ), მაჰმუდ თარაბის (1238 წ) აჯანყებები). XVII-XVIII საუკუნეში ქალაქი არაერთხელ ააოხრეს ირანელებმა და სხვა დამპყრობლებმა. 1868 წლიდან რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1920 წლის 2 სექტემბერს ბუხარის ემირის ხელისუფლება დაეცა. 1920 წლის 8 ოქტომბერს ქალაქი ბუხარის სახალხო საბჭოთა რესპუბლიკის დედაქალაქად გამოცხადდა.
ისტორიული ძეგლები და ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუხარა ქალაქი-მუზეუმია, სადაც 140-მდე ძეგლია დაცული. მათ შორის აღსანიშნავია სამანიდთა ცენტრალურ-გუმბათიანი მავზოლეუმი (ე. წ. ისმაილ სამანის მავზოლეუმი, IX საუკუნის დასასრული - X საუკუნის დასაწყისი); ანსამბლი ფოი-ქალანი, რომელშიც შედის ქალანის მინარეთი (1127 წ), ქალანის მეჩეთი (XII საუკუნე, გადაკეთებულია XV-XVI საუკუნეებში) - ერთ-ერთი უდიდესი შუა აზიაში (ფართობი 130 მ X 80 მ); მირი-არაბის მედრესე (1536 წ); სეიფედინ ბოხარზის ორგუმბათიანი მავზოლეუმი (XIII საუკუნე, გადაკეთებულია XIV-XV საუკუნეებში). ბუიან-ყული-ხანის მინიატურული მავზოლეუმი (XIV საუკუნე); ულუღ-ბეგის მედრესე (1417 წ) - შუა აზიაში შემორჩენილ მედრესეთაგან უძველესი; მის პირდაპირ მდიდრულად მოპირკეთებული აბდულაზიზ-ხანის მედრესეა (1652 წ). ბევრია XVI საუკუნის ნაგებობა: ბალიანდის მეჩეთი და ხოჯა ზაინუდინის ხანაგა, შუა აზიის უდიდესი მედრესე ქუქელთაში; გუმბათიანი სავაჭრო ნაგებობანი - ზარგარანი, თელფაქ-ფურუშანი და სარაფანი; აბდულა-ხანის დახურული ბაზარი.
ქალაქგარეთა ნაგებობებიდან აღსანიშნავია: ბეჰაუდინის ხანაგა (1544-1545 წწ), ჩარ-ბაქრის მემორიალური ანსამბლი (1560-1563 წწ), ფაიზაბადის ხანაგა (1598-1599 წწ). XVIII-XIX საუკუნეებს მიეკუთვნება არკის (ციტადელი) ნაგებობა და ე. წ. ჩარ-მინარის მედრესე (1807 წ), რომელსაც ორიგინალური ოთხკოშკიანი შესასვლელი აქვს. 1920 წელს საბჭოთა ჯარების შტურმის შედეგად ქალაქი და მისი ისტორიული მემკვიდრეობა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
ბუხარას ხედები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
წეროს ბუდე სახლის კედლის თავზე
-
არკის ციხესიმაგრის კედელი, ბუხარას ხანის სასახლე
-
ჩორ მინორი
-
მუჰამედ ალიმ ხანი (1880-1944), ბუხარას ბოლო ამირი
-
კალიანის მინარეთი (2003).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 595.
- Moorcroft, W. and George Trebeck (1841). Travels in the Himalayan Provinces of Hindustan and the Panjab; in Ladakh and Kashmir, in Peshawar, Kabul, Kunduz, and Bokhara... from 1819 to 1825, Vol. II. Reprint: New Delhi, Sagar Publications, 1971.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Bukhara, ტურისტული მეგზური ვიკივოიაჟზე
- Through the Lens—the Silk Road Then and Now -A century of change is captured in photos of a fabled Central Asian oasis.
- Forbes, Andrew, & Henley, David: Timur's Legacy: The Architecture of Bukhara and Samarkand (CPA Media).
- UNESCO World Heritage list: Historic Centre of Bukhara
- Audio interview with Bukhara resident about life in Bukhara
- Chisholm, Hugh, ed. (1911). . Encyclopædia Britannica (ინგლისური). 4 (11th ed.). Cambridge University Press. pp. 157–158.
|