შინაარსზე გადასვლა

იაკობი ძმა უფლისა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იაკობი ძმა უფლისა
დაიბადა I საუკუნე
ნაზარეთი
გარდაიცვალა 62[1]
იერუსალიმი
ხსენების დღე 23 ოქტომბერი
მოღვაწეობა პრესვიტერი
შვილ(ებ)ი Justus of Jerusalem

წმინდა იაკობისამოცდაათ მოციქულთაგანი, ძე იოსებ დამწინდველისა. (ხსენება 23 ოქტომბერს)

იაკობმა სიჭაბუკიდანვე შეიყვარა მკაცრი, კეთილმსახური ცხოვრება: არასოდეს არ ჭამდა ხორცს, კარაქს, არ სვამდა ღვინოს და თაფლუჭს; მისი ძირითადი საზრდო იყო პური, სასმელი კი წყალი. მოძულებული ჰქონდა ყოველივე ამქვეყნიური სიამოვნება, დროს ლოცვა-ვედრებასა და სათნო საქმეების აღსრულებაში ატარებდა. შობიდანვე იყო ნაზორეველი, ანუ ღმერთისთვის შეწირული იყო თავის მშობელთაგან (ნაზორეველობა უფლის მიერ ოდესღაც მთელი ისრაელისთვის აღთქმულ წმიდა და უბიწო ცხოვრებას ნიშნავდა). მასზედ თუ რატომ ეწოდა სახელი ”ძმა უფლისა” არის შემდეგი გადმოცემა: როცა მოხუცი იოსებ მართალი თავის ძეებს მიწებს უნაწილებდა, გადაწყვიტა რომ წილი იესოსთვისაც გამოეყო, ამაზე ძმები განაწყენდნენ და იუარეს იესოსთვის წილის დათმობა, ოთხიდან მხოლოდ იაკობმა მიიღო იესო თავისი წილი მიწის თანამესაკუთრედ. მომავალში, როდესაც იესო ქრისტე მოღვაწეობას შეუდგა და ძმებს მოუწოდა რომ შესდგომოდნენ მოციქულებად, ყველამ უყოყმანოდ დათმო ამქვეყნიური ცხოვრება და გაჰყვა მას, თუმცა ის ხინჯი სამივე ძმას თან დაყვებოდა და სინანულის გამო არც ერთი მათგანი არ თვლიდა ღირსად საკუთარ თავს უფლის ძმად წოდებულიყო. ამის გარდა, იაკობ მოციქული იყო ის პიროვნება, რომელიც ჰეროდეს მეფობის დროს ეგვიპტეში გაქცეულ წმინდა ოჯახს თან დაყვებოდა. თავისი ბუნებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც იესოს მოციქული გახდა, უფრო გულმოდგინედ იწყო ღმრთისადმი მსახურება, რის გამოც მკვდრეთით აღმდგარი იესო იაკობს საგანგებოდ გამოეცხადა. საეკლესიო გადმოცემით, წმინდა იაკობი ქრისტეს ჯვარცმის შემდეგ იოსაფატის ღელის ერთ-ერთ მღვიმეში იყო განმარტოვებული და აღთქმაც ჰქონდა დადებული მანამდე არ მიეღო საზრდო, სანამ უფალი იესო ქრისტე არ აღსდგებოდა და არ გამოეცხადებოდა მას.

ვიკიციტატა
„და მერმე ეჩუენა უმრავლეს ხუთასისა ძმათა ერთ-გზის, რომელთაგანნი უმრავლესნი ცოცხალ არიან აქამომდე და რომელთამე შეისუენეს, მერმე ეჩუენა იაკობს და მერმე მოციქულთა ყოველთა. -(I კორინთ. 15;6-7)

ამ სასწაულის შემდეგ მორწმუნე ქრისტიანებმა ის მღვიმე, სადაც იაკობ მოციქული განმარტოვდა, ტაძრად გადააკეთეს, რომელიც დღემდეა შემონახული.

წმინდა იაკობისადმი ყველას დიდი პატივისცემა და მოწიწება გააჩნდა, როგორც ქრისტიანებს, ისე ურწმუნოთაც! ასეთი სიწმინდისათვის იაკობი იუდეველთაგან იწოდა სახელით ”ობლი”, რაც ნიშნავს - კაცთაგან დადგენილ ზღუდეს, ანდა უწოდებენ ”უკეთილმსახურესად ყოველთა შორის”, რადგან პირველმღვდელთმთავარნიც კი არ უშლიდნენ ხელს იერუსალიმის ტაძრის საკურთხეველში შესულიყო. მთელ ერს უყვარდა წმინდა იაკობი და იუდეველთა მრავალმა უხუცესმა სწორედ მისი ქადაგებით იწამა იესო ქრისტე აღთქმულ მესიად.

მოწამეობრივი აღსასრული

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ ხანებში იუდეველთა პირველმღვდელთმთავრად ანანია შეიქმნა, ნებედეს ძე, მიიღო რა მღვდელთმთავრობა თვით ჰეროდე აგრიპა II-საგან. იგი ქრისტიანთა ჯიუტი მტერი იყო და გამოირჩეოდა სისასტიკითა და უსამართლობით, რადგანაც განეკუთვნებოდა სადუკეველთა სექტას. სწორედ ანანია მღვდელთმთავრმა გასწირა სასიკვდილოდ იაკობ მოციქული და მანვე შეაპყრობინა შემდგომში პავლე მოციქულიც (საქ. მოც 23,2,14-15). მაგრამ თავისი უსამართლობისათვის თვითონაც სასტიკად დაისაჯა: ჰეროდეს ბრძანებით ჩამოერთვა მღვდელთმთავრობა და მოკლულ იქნა რომაელთა წინააღმდეგ იუდეველთა აჯანყების დროს.

მოციქულის ნაშრომები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველი საეკლესიო მწერლების - კლიმენტი ალექსანდრიელის, ევსები კესარიელისა და სხვათა მოწმობით, მაცხოვრის ზეცად ამაღლების შემდგომ თორმეტი მოციქულის გადაწყვეტილებით იერუსალიმის პირველ ეპისკოპოსად სწორედ 37 წლის, უფლის ხორციელი ძმა იაკობი აირჩიეს. სულიწმინდის კარნახით წმინდა იაკობმა პირველმა შეადგინა და დაწერა საღმრთო ლიტურგიის აღსრულების წესი ჟამისწირვა, რომელიც შემდგომში, კაცობრივი უძლურების გათვალისწინებით, შეამცირეს - ჯერ ბასილი დიდმა, შემდეგ იოანე ოქროპირმა. იაკობის წირვა კი დღეს მხოლოდ იერუსალიმის ეკლესიაში აღესრულება და ისიც წელიწადში ერთხელ - თვით იაკობის, ხორციელად უფლის ძმის, ხსენების დღეს 23 ოქტომბერს.

იაკობ მოციქულს ეკუთვნის ახალი აღთქმის ერთ-ერთი წიგნი ”კათოლიკე ეპისტოლე წმინდა მოციქულისა იაკობისი”, რომელიც მოციქულმა დაახლოებით †59 წელს დაწერა იერუსალიმიდან განდევნილი ქრისტიან ებრაელთა მიმართ, რომლებიც გაბნეულები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებში. იაკობის ეპისტოლე მართლმადიდებელ ეკლესიაში მთლიანად იკითხება არა მხოლოდ როგორც სამოციქულო საკითხავი საღმრთო ლიტურგიის აღსრულების დროს, არამედ სხვა ლოცვათა ჟამსაც (მაგალითად, ზეთის კურთხევის დროს, გვალვის გამო პარაკლისის აღსრულებისას და თვით ღამისთევის ლოცვების დროსაც, როგორც პარემია).

  • ”უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მოციქულთა ცხოვრება” - რედ. ბ. ხარაიშვილი, თბილისი 2008 წ.
  1. data.bibliotheken.nl