შინაარსზე გადასვლა

მინა (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

წმინდა მინა (გ. 552) — კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (536-552); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 25 აგვისტო, ახალი სტილით - 7 სექტემბერი. იგი თავდაპირველად ხუცესად მსახურობდა კონსტანტინოპოლში და ღირსი სამსონ უცხოთშემწყნარებლის დავრდომილთა თავშესაფრის ზედამხედველი იყო წმინდა იუსტინიანე I-ის (527-565) ზეობისას. სათნოებებით უხვად შემკული, მართლმადიდებლობის მხნე აღმსარებელი მამა ერეტიკოს ანთიმოზის (535-536) ჩამოგდების შემდეგ აღასაყდრეს კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე. ხელდასხმა აღასრულა იმჟამად კონსტანტინოპოლში მყოფმა რომის პაპმა აღაპიტემ (535-536). მღვდელმთავარ მინას პატრიარქობის დროს კონსტანტინოპოლში მოხდა სასწაული, რომელიც მთელს ქალაქში გახდა ცნობილი.

ერთი ებრაელის ბავშვი ტაძარში შევიდა და ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს ეზიარა. როდესაც ამის შესახებ მან სახლში მამას მოუთხრო, ეს უკანასკნელი საშინლად განრისხდა, ყრმა შეიპყრო და გავარვარებულ ღუმელში შეაგდო, მეუღლისთვის კი არაფერი უთქვამს. სასოწარკვეთილი დედა სამი დღე ტირილით დაეძებდა შვილს და ხმამაღლა უხმობდა, სანამ ბოლოს იგი გახურებული ქურიდან არ შეეხმიანა. დედამ იქიდან გაჭირვებით გამოიყვანა ბავშვი, რომელიც სრულიად უვნებელი აღმოჩნდა. ბიჭი ყვებოდა, ბრწყინვალე ქალბატონი მოდიოდა ჩემთან, ცეცხლის სიმხურვალეს განაქარვებდა და წყალსა და საზრდელს მიზიდავდაო. ამის შესახებ მღვდელმთავარმა მინამ და წმინდა იუსტინიანე I-მა შეიტყვეს. დედა-შვილი მოინათლნენ, გულგაქვავებულმა მამამ კი იმ დიდი სასწაულის მიუხედავად, რომლის მოწმეც შეიქნა, არ ისურვა ცოდვის მონანიება. მაშინ იმპერატორმა სამსჯავროს გადასცა იგი, როგორც მკვლელი და სიკვდილით დასაჯა. პატრიარქი მინა თექვსმეტი წელი განაგებდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. წმინდა სოფიას ცნობილი ტაძარი სწორედ მისი პატრიარქობის დროს იკურთხა. წმინდა მღვდელმთავარი მშვიდობით მიიცვალა 552 წელს.

  • წმიდანთა ცხოვრება, ტომი III, გვ. 211–212, თბილისი, 2001 წ.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
წინამორბედი:
ანთიმ I
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

536552
შემდეგი:
ევტიქი