პროკლე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
პროკლე
Prokle.jpg
დაიბადა 390, 395 ან 370
გარდაიცვალა 24 ივლისი 446[1]
კონსტანტინოპოლი, ბიზანტიის იმპერია
ხსენების დღე 24 ოქტომბერი
მოღვაწეობა პრესვიტერი

პროკლე (ბერძ. Πρόκλος) (გ. 24 ივლისი, 447) — კონსტანტინოპოლის არქიეპისკოპოსი 434–447 წლებში. წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 ნოემბერი, ახალი სტილით — 3 დეკემბერი. წმიდა იოანე ოქროპირის (+407; ხს. 26 ნოემბერს) მოწაფეობისა, რომელმაც ნეტარი ჯერ დიაკვნად აკურთხა, შემდეგ კი - მღვდლად.

წმინდა პრკოლემ საკუთარი თვალებით იხილა, თუ როგორ ეცხადებოდა პავლე მოციქული წმინდა იოანე ოქროპირს მისი ეპისტოლეების თარგმანების წერისას. თავისი წმინდა მოძღვრის დახმარებით პროკლემ საოცრად გაიღრმავა საღვთო წერილის ცოდნა და ნააზრევის სრულყოფილი ფორმით გადმოცემის უნარიც შეიძინა.

იოანე ოქროპირის გადასახლებისა და მიცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის წმინდა პატრიარქმა სისინიუსმა (426-427) პროკლეს ქალაქ კვიზიკის ეპისკოპოსად დაასხა ხელი, მაგრამ ერეტიკოს ნესტორიანელების გავლენით იგი ეპარქიიდან განდევეს და პროკლე დედაქალაქში დაბრუნდა. წმინდა მწყემსმთავარი კონსტანტინოპოლის ტაძრებში ქადაგებდა, მრევლს მართლმადიდებლურ სარწმუნოებაში განამტკიცებდა და უშიშრად ამხელდა უსჯულო მწვალებლობას.

პატრიარქ სისინიუსის გარდაცვალების შემდეგ კონსტანტინოპოლის საპატრიარქო ტახტზე პროკლე აღასაყდრეს. ნეტარი მამა თორმეტი წლის მანძილზე (434-447) მესაჭეობდა კონსტანტინოპოლის ეკლესიას. მისი ძალისხმევით წმინდა მეფის, თეოდოსი II-ის (408-450) ზეობის ჟამს იოანე ოქროპირის წმინდა ნაწილები კომანიდან კონსტანტინოპოლში გადააბრძანეს.

პროკლეს პატრიარქობისას იმპერიას თავს დაატყდა გამანადგურებელი მიწისძვრა, რომელიც რამდენიმე თვე გრძელდებოდა. ბითვინიაში, ჰელესპონტში, ფრიგიაში მთელი ქალაქები ინგრეოდა, მდინარეები მიწის ქვეშ იკარგებოდა, ოდესღაც უწყლო ადგილებში კი დამღუპველი წყალდიდობები ხდებოდა. კონსტანტინოპოლელები პატრიარქისა და იმპერატორის წინამძღვრობით გადიოდნენ ხოლმე ქალაქიდან, პარაკლისებს აღასრულებდნენ და უფლისგან ამ არნახული უბედურების შეწყვეტას ითხოვდნენ. ერთ-ერთი ასეთი პარაკლისის დროს უჩინარმა ძალამ ერთი ბიჭუნა ჰაერში აიტაცა. შემდგომ ყმაწვილი სრულიად უვნებელი დაბრუნდა მიწაზე და შემოკრებილებს ამცნო, რომ იქ, მაღლა, მან ნახა და გაიგონა ანგელოზებრივი საგალობელი: „წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო“. სამწმიდას საგალობელი მთელმა ხალხმა აიტაცა, თან დაამატა: „შეგვიწყალენ ჩუენ“ და მიწისძვრაც შეწყდა. აქედან მიეცა დასაბამი ამ ლოცვას, რომელიც ყველა ღვთისმსახურების განუყოფელ ნაწილად იქცა.

საყოველთაო სიყვარულითა და პატივისცემით მოსილი პატრიარქი ღრმად მოხუცებული მიიცვალა 447 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წინამორბედი:
მაქსიმიანე
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

434447
შემდეგი:
ფლავიანე