ნიკიფორე (კონსტანტინოპოლის პატრიარქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნიკიფორე I (მრავალმნიშვნელოვანი).
წმინდა ნიკიფორე კონსტანტინეპოლელი პატრიარქი

წმინდა ნიკიფორე აღმსარებელი (გ. 828) - კონსტანტინეპოლელი პატრიარქი, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 2 ივნისი, ახალი სტილით - 15 ივნისი. დაიბადა VIII საუკუნის მეორე ნახევარში. ქრისტეს აღსარებისათვის მისმა მშობლებმა მრავალი დევნა და შევიწროება დაითმინეს ხატმბრძოლი იმპერატორის კონსტანტინე კოპრონიმისაგან (740-775). წმიდა ნიკიფორემ კარგი საერო განათლება მიიღო, მაგრამ ყველაზე ღრმად საღვთო წერილი შეისწავლა. მას ძლიერ უყვარდა სასულიერო წიგნების კითხვა.

ლეონ IV-ის (775-780) დროს ნიკიფორე მეფის მრჩეველი გახდა. სამეფო კარზე მოღვაწეობისას იგი განაგრძობდა თავშეკავებულ, კეთილმსახურ ცხოვრებას, შეურყვნელად ინარჩუნებდა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას და მხურვალედ იცავდა ხატთაყვანისცემის წესს. 787 წელს, ლეონ IV-ის სიკვდილის შემდეგ, კონსტანტინე VI-ისა (780-797) და მისი დედის, წმნიდა ირინეს ზეობისას ნიკეაში ჩატარდა VII მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელმაც დაგმო ხატმბრძოლობის ერესი. ღრმად განსწავლული ნიკიფორე კრებაზე იმპერატორის სახელით გამოვიდა და მართლმადიდებლობა დაიცვა.

ამის შემდგომ ნიკიფორე კიდევ რამდენიმე წელი დარჩა სამეფო კარზე, მაგრამ ამაოებით სავსე ცხოვრება სულ უფრო და უფრო აუტანელი ხდებოდა მისთვის. ბოლოს, ღვთის სიყვარულით აღსავსემ ხელი აიღო ამა სოფლის ძლიერთა მსახურებაზე და განმარტოვდა ბოსფორის სანაპიროზე, სადაც მდუმარებაში, მარხვასა და ლოცვაში ატარებდა დროს. მისი ღვაწლით აიგო რამდენიმე ტაძარი და დაარსდა მონასტერი.

იმპერატორ ნიკიფორე I (802-811) მეფობის დროს, წმიდა პატრიარქის (784-806) მიცვალების შემდეგ ეკლესიის საჭეთმპყრობლად წმიდა ნიკიფორე აირჩიეს. იგი ჯერ ბერად აღიკვეცა, შემდეგ მღვდლად ეკურთხა, ბოლოს კი, 806 წლის 12 აპრილს, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე, საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდა.

ხატთაყვანისმცემელი იმპერატორის ლეონ V სომეხის (813-820) ზეობისას კვლავ დაიწყო ქრისტიანთა დევნა. იმპერატორმა გადასახლებიდან გამოიწვია VII მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ განკვეთილი ეპისკოპოსები და მღვდელმსახურები, მათი შემადგენლობით მოიწვია ერეტიკული კრება და რწმენის საკითხებზე საპაექროდ პატრიარქს უხმო. წმიდა ნიკიფორემ მწვალებლებთან ბჭობაზე უარი განაცხადა, რადგან ხატმბრძოლთა ერესი უკვე ანათემას იყო გადაცემული. ნიკიფორე ჯერ ქრისოპოლის მონასტერში გაგზავნეს, შემდეგ კი კუნძულ პროკონისზე გადაასახლეს, მარმარილოს ზღვაში, სადაც 13 წლის შემდეგ აღესრულა ნატანჯი და შევიწროებული.

847 წლის 13 მარტს წმიდა პატრიარქის უხრწნელი ნაწილები პატივით გადაასვენეს კონსტანტინეპოლში, წმიდა სოფიის ტაძარში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წმიდანთა ცხოვრება“, ტომი II, თბილისი, 2001 წ.
წინამორბედი:
ტარასი
კონსტანტინოპოლის პატრიარქი

806815
შემდეგი:
თეოდოტ I